ანი დვალიშვილი
„ვარდების რევოლუციის“ მე-19-ე წლისთავი ახლოვდება და აგერ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი რევოლუცია იგეგმება. გადაჭრით შეიძლება იმის თქმა, რომ ნიკა მელიას თავმჯდომარის პოსტიდან გადაირჩევენ და გადაირჩევენ იმიტომ, რომ ის ერიდება რადიკალურ ზომებს და რაც მთავარია, აღარ უსმენს მიხეილ სააკაშვილს. მართალია, ექსპრეზიდენტი ჯიუტად ინარჩუნებს დუმილს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე და „ჩვენებს“ უკრაინელებს ეძახის, მაგრამ ფაქტია – მასთან შეთანხმების გარეშე, ამ დონის საპროტესტო ტალღა და მითუმეტეს ახლა, არ აგორდებოდა. „ნაციონალების“ კულუარებში ყველაფერი უკვე გადაწყვეტილ-დალაგებულია და არჩევნებიც ფორმალური იქნება. ეს ყველაფერი ერთადერთი რამის გამოა დაწყებული – მელია გვერდზე უნდა გაწიონ და ყველას მიახვედრონ, რომ აქაოდა, პარტიაში თავნებობა და მიშაზე მაღლა თავის დაყენება არავის ეპატიებაო. არადა, ისიც ნათელია, რომ ამ მესიჯს მიშას მომხრეების დაკარგვის შიშით აგზავნიან, თორემ პარტიაში კეზერაშვილისა და მერაბიშვილის თამადობით, ბევრი რომ „ახტება“ მიშას, მაგასაც ხვდება უმეტესობა.
პარტიის რიგითმა წევრებმა, ან იმ ადამიანებმა, ვისაც თავი პარტიის ერთ-ერთ ლიდერად მიაჩნია, ჩათვალეს, რომ ეს მათი შანსია და კანდიდატურის დაყენება გადაწყვიტეს, პრინციპით, მღვრიე წყალში თევზის დაჭერა შეიძლება, თუმცა მათ არ იციან, ან იციან და არ აღიარებენ, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. იმის მიუხედავად, რომ ოფიციალურად უარყო, ახალ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურა განიხილება, რომელიც სხვათა შორის, თავის დროზე, თავად მიშამ დაბლოკა… განიხილება რა, „ხაბეს“ უკვე უთხრეს და მისი დადებითი პასუხიც მიიღეს, მაგრამ…
„აჯანყებულები ლევან ვარშალომიძის პასუხს ელოდებიან. მას ჯერ მიშასთან სურს კონსულტაციის გავლა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ, არ გაგიკვირდეთ, რომ უახლეს პერიოდში, სააკაშვილის მონახულების მოტივით, მასთან შესვლა ვარშალომიძემ გადაწყვიტოს და სწორედ ამ შეხვედრაზე გაირკვევა, პარტიის თავმჯდომარე ორი ლევანიდან რომელი იქნება“, – გვეუბნება „ნაციონალების“ ერთ-ერთ ლიდერი.
დანებებას მელიაც არ აპირებს და იმუქრება, თუ გამაგდებთ, ისეთ რამეებს ვიტყვი, „ნაციონალები“ ისედაც შემცირებულ ამომრჩეველს, საერთოდ დაკარგავენო. პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან გადარჩევა მელიასთვის პოლიტიკურ განაჩენს ნიშნავს, რადგან ის პარტიაში ვეღარ და აღარ დარჩება, სხვა ოპოზიციურ პარტიაში წასვლა კი არ გამოჩნდება ისე ლამაზად, როგორც მას სურს. ამიტომაც არის, გაბზარულს ჯერ ბოლომდე არცერთი მხარე რომ არ ტეხავს, მელიაა „გასაკერი“, მან ხმა არ უნდა ამოიღოს…
„ნიკას ლამაზად წასვლის შანსიც აქვს. მას უთხრეს, რომ არჩევნებს მოაგებინებენ, შემდეგ კი, ის იტყვის, გავიმარჯვე, მაგრამ რადგან ამდენ ადამიანს სურს ცვლილებები, აგერ ბატონო, მე გვერდზე გავიწევი პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე და აბა, თქვენ იცითო“, – ამასაც ჩვენი წყარო გვეუბნება და იმასაც ამატებს, რომ „ჯერჯერობით, გარანტირებულად ვერავინ იღებს საკუთარ თავზე იმას, რომ გამარჯვების შემდეგ, ნიკა ამ ნაბიჯს გადადგამს და „ლამაზად“ წავა. ის, რომ „ლამაზად წასვლის“ შესაძლებლობა რთულადაა, გიორგი ბარამიძემაც დაადასტურა, როცა აღნიშნა, რომ „დამარცხებულმა თავი გარიყულად და შეურაცხყოფილად არ უნდა იგრძნოს“.
კომენტარები