პოლიტიკურ საკითხებში ექსპერტი გია ხუხაშვილი არსებული პოლიტიკურ კრიზისზე, „2020NEWS“-თან საუბრობს – შეგახსენებთ, მოლაპარაკებების პარალელურად, ოპოზიცია მართავს აქციებს, მეორე ტურის დღეს კი გეგმავს ე.წ. “სირცხვილის დერეფანის” მოწყობას:
“როდესაც პოლიტიკური თანხმობა არ არსებობს და შეხების წერტილები პოლიტიკაში არ არის და კონსესუსი არ მიიღწევა, ბუნებრივია, მოხდება პროცესების რადიკალიზაცია. სამწუხაროდ, ეს ხდება ორმხრივად. ეს კანონზომიერია.
რაც შეეხება „სირცხვილის დერეფნის“ მოწყობას, ყველაფერი პოლიტიკური ტაქტიკის საკითხია. მთავარია, ყველაფერი კანონის ჩარჩოებში ეტეოდეს, კანონი არ დაირღვეს.
ვიღაც ფიქრობს, რომ ეს როგორც სიმბოლური აქტი, კარგია, რომ ამით ხაზი ესმევა რაღაცას. რომ გითხრათ, ამ აქციით რაღაც საშინელება ხდება და ეს არასწორია, ვერ გეტყვით. თუ კანონის ფარგლებში იქნება ყველაფერი, რა პრობლემაა?
არც არის აუცილებელი, ყველამ ერთი და იგივე რაღაცეები აკეთოს. ესენი სხვადასხვა პარტიებია, სხვათაშორის, ერთმანეთის კონკურენტები არიან. რაღაც ფორმები ვიღაცისთვის მისაღებია, ვიღაცისთვის არა, ეს ნორმალური ამბავია. ფუნდამენტური საკითხია ის, მთავარ საკითხში – პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, არის თუ არა ერთობა. დანარჩენი არის პოლიტიკური გემოვნების და ტაქტიკის საკითხი.
ერთადერთი საკითხი, რაშიც უნდა ითანამშრომლონ სრულმასშტაბიანად, არის – შედიან თუ არა პარლამენტში. განსაკუთრებული არაფერი ხდება, თუ ისინი ტაქტიკის საკითხებში ერთმანეთს არ ეთანხმებიან. ეს ხომ არ არის ერთი პარტია, რომ ჩვენ მათ დისციპლინა მოვთხოვოთ სხვადასხვა საკითხებში?
ჩანს, რომ პოლიტიკური კრიზისი გრძელდება, გამოსავლის გზები მაინცდამაინც არ ჩანს. ასე რომ, სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს პოლიტიკური კრიზისი, რომლის გადაწყვეტის გზები არ ჩანს. მეორე ტურები კარსმომდგარია და მეორე ტურების შემდეგ რაღა აზრი ექნება საერთოდ რამეზე მოლაპარაკებას, გაუგებარია.
პოლარიზაცია გარდაუვალია. როცა მხარეები ვერ თანხმდებიან, ბუნებრივია, მოხდება პოლარიზაცია. პიკი სად გვექნება და რა დროით ამის თქმა ძნელია.”
კომენტარები