თამთა კოსტავას ქართველი საზოგადოება კარგად იცნობს, იგი ეროვნული მოძრაობის გმირის – მერაბ კოსტავას ქალიშვილია. თამთა პროფესიით მხატვარია, გრაფიკოსი და დაზგური ხელოვნების ოსტატი. ამჟამად, მამის მემორიალურ სახლ-მუზეუმში მუშაობს, სადაც ინახება მერაბ კოსტავას ხელნაწერები, რომლებიც წიგნებადაცაა გამოცემული. ცოტა ხნის წინ თამთა დაოჯახდა. მისი მეუღლე ბიძინა მესხია, რომელიც პროფესიით ექიმი გახლავთ, თუმცა ამჟამად ამ სპეციალობით აღარ მუშაობს.
მე და ბიძინა პირველად რამდენიმე წლის წინ შევხვდით, გურამ შარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე, სადაც რუსუდან შარაძემ მიგვიწვია, ოღონდ იქ კარგად არ გაგვიცნია ერთმანეთი. მერე, ძალიან ახლობელმა ადამიანმა ჩემთან გამოუშვა თავის საქმეზე და ბიძინა შინ მესტუმრა. ასე ახლოს პირველად მაშინ ვნახე. თავიდან ჩვეულებრივი ნაცნობების დონეზე ვიყავით, ტელეფონით ვსაუბრობდით და ვუთხარი, მოდი, ვიმეგობროთ-მეთქი. ამის შემდეგ კი ჩემთან ხშირად ამოდიოდა, ერთმანეთს საკუთარ აზრებს, შეხედულებებს, ცხოვრებისეულ გამოცდილებას ვუზიარებდით. ერთხელაც, ბიძინამ აღნიშნა, მე ჩემი ცხოვრების მეგზურს, ცოლს ვეძებო, მე კი ბოიფრენდს-მეთქი. მე ტრადიციული ქართველი კაცი ვარ და ასეთი ურთიერთობა არ მაინტერესებსო. მაშინ, დავთქვით, რომ ერთი წელი ერთ ჭერქვეშ ვიცხოვრებდით, თუ შევეთავსებოდით ერთმანეთს, თუ კარგად ავაწყობდით ურთიერთობას, თანაცხოვრებას, ერთი წლის თავზე ცოლად გავყვებოდი. ასეც მოვიქეცით – წელიწადზე ცოტა მეტი გავიდა და დავქორწინდით, სვეტიცხოვლობას – 14 ოქტომბერს, მცხეთაში, ანტიოქიის დედათა მონასტერში (სვეტიცხოვლის გვერდზეა). მამა სერაფიმემ ჯვარი დაგვწერა და იქვე სატრაპეზოში პატარა ქორწილიც გადაგვიხადა. ცხადია, მერე ჩემთან სახლშიც განვაგრძეთ აღნიშვნა და ვიდღესასწაულეთ.
სხვათა შორის, ოთახში, კედელზე, მამა გაბრიელის სურათი მიკიდია და მას ვთხოვდი ხოლმე: მინდა, რომ შენ იყო ჩემი პატრონი. დედამიწაზე უამრავი ნაწილი გყავს და ძალიან გთხოვ, შენი საუკეთესო ნაწილი გამომიგზავნე, რომ ჩემი ქმარი, ჩემი პატრონი იყოს-მეთქი და ბიძინა გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში.
მე დიდად არ მაინტერესებს ქრისტიანული ცერემონიები, მაგრამ რადგან ჩემს საქმროს უნდოდა და რელიგიური კავშირის გარეშე, ჩემთან ურთიერთობა ვერ ექნებოდა, მისი სურვილი გავითვალისწინე და დავთანხმდი. თორემ მე შევთავაზე, ჩვეულებრივად იცხოვრე ჩემთან, არც ხელის მოწერა მინდა და არც ჯვრის დაწერა-მეთქი“ – განაცხადა თამთა კოსტავამ.
კომენტარები