გიორგი ჯავახაძე, ალია
„ალიას“ „ნაცმოძრაობის“ წევრი, რომელსაც ინკოგნიტოდ სურს დარჩენა, უყვება:
– მიშა რატომ ჩამოვიდა, ვისი იმედი ჰქონდა, ეს ამდენი ხნის მერეც არ ვიცით. თუ მართლაც რევოლუცია უნდოდა, გადმოვიდოდა საზღვარზე, ან ჩამოფრინდებოდა თვითმფრინავით, დახვდებოდა ხალხი, ან დაანონსებდა პარტია აქციას რუსთაველზე და იქ მოვიდოდა. თუმცა, ასე არ გააკეთა, ვვარაუდობ, რომ მოერიდა სისხლისღვრას. რაც შეეხება მისი დაკავების შემდეგ პროცესებს, ზუსტად ვიცი, რომ ნიკა მელიას სააკაშვილის სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრნენ, თუ ის მართლაც უწყვეტ აქციებს დაიწყებდა და ნიკა მელიამ ვერ აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა. მიშას შეეძლო მიწოლოდა, საკუთარ თავზე აეღო პასუხისმგებლობა, ნიკა მელიას ამის გაკეთება არ შეუძლია. იმ დაპირისპირების უკან, რომელ დაპირისპირებასაც ახლა ვხედავთ „ნაცმოძრაობაში“, ვანო დგას, მერაბიშვილი და ამაზე უკვე ყველა საუბრობს პარტიის შიგნითაც, ამაზე ყველა საუბრობს ვანოს გარდა, ვანო ისეთი გასუსულია, თითქოს მას საერთოდაც არ ეხება, თითქოს მას კი არა, სხვა ვანო მერაბიშვილს ახსენებენ. ცხადია, უკრაინაში ტყუილად არ არის არც ვანო მერაბიშვილი და არც ლევან ვარშალომიძე, რომელიც ასევე არ იღებს ხმას. რაღაცისთვის ემზადებიან. ვანო მერაბიშვილის ასე ხელწამოკვრით ხსენება არ არის სწორი პოზიცია, მას დიდი გავლენა აქვს სამართლდამცველებზე და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალოვნების უმრავლესობა, სწორედ მისი დანიშნული და გამოზრდილია თავის დროზე. ის დიდი გავლენებით სარგებლობს იმ ძალოვნებშიც, რომლებიც სისტემას ტოვებენ და ქვეყნიდან მიდიან და ყველაზე მეტი ინფორმაცია ძალოვნების მიერ სისტემის დატოვების შესახებ, სწორედ მას აქვს.
ცალკე აღსანიშნავია კეზერაშვილი, რომელიც დიდ ფინანსებს ხარჯავს ოპოზიციისთვის. კეზერაშვილმა თავისი ქონების უდიდესი ნაწილი, სწორედ სააკაშვილის მმართველობის დროს იშოვა და რა იქნებოდა იმაში უცნაური, მისი პარტია რომ დაეფინანსებინა? არ ეკუთვნოდა იმ პარტიას მისი დაფინანსება, რომელი პარტიის მმართველობის დროს დააგროვა ქონება? თუმცა, მას იმის ამბიცია აქვს, რომ მუსიკა თუ მისია, ცეკვაც თავად უნდა დადგას და სიმღერაც. რა წამსაც რამე არ მოეწონებოდა, მაშინვე გვიწყდებოდა საწვავის ტალონები, მაგალითად, ხომ ელემენტარულია, მაგრამ ორჯერ მოიქცა ასე უკვე და ორჯერვე წინასაარჩევნო პერიოდში. ბევრს არ მიუქცევია ყურადღება, მაგრამ „მთავარი არხიდან“ მიშას ბანერი გაქრა. როგორც ხმები დაირხა, აქაც კეზერაშვილის ხელი ურევია, თუმცა, ვერ ვიტყვი ზუსტად რამდენად სწორია.
ვალერი გელბახიანს ვუსმენდი, რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის სამინისტროსთან რომ გაიმართა აქცია, სააკაშვილმა წერილი გამოაგზავნა პარტიაში, დაიშალეთ სასწრაფოდო, ვადასტურებ, წერილი ნამდვილად გამოაგზავნა. მე წერილი არ მინახავს და ჩემი თვალით არ წამიკითხავს იქ რა ეწერა, მაგრამ ფაქტია, სასწრაფოდ დაიშალა აქცია. წერილი რომ გამოაგზავნა, ეს ყველამ ვიცით, აი, იმ წერილში რა წერია – ეს არავინ ვიცით ზუსტად. მეორე მხრივ, აქციაცაა და აქციაც, თუ ვატარებთ, ეს მართლა მასშტაბური უნდა იყოს. როგორც ჩანს, სააკაშვილი მართლაც გულგატეხილია და დეპრესიაშია, ყველაფერი იმის გამო, რაც ხდება და რაც არ ხდება, ახლა, მართლაც რომ წავიდეს გარიგებაზე ივანიშვილთან და ქვეყნის დატოვების სანაცვლოდ, მართლა აღარ გამოიხედოს ქართული პოლიტიკისკენ, აღარ გამიკვირდება. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყეს მეორე მხარე, რომელიც ოპოზიციის და ნიკა მელიას დასუსტების ფონზე, გაუჩინარებულია და დივიდენდებს იძენს – მერაბიშვილი და მისი მეგობრები, მისი კადრები, მისი პარტნიორები. არც ის გამოვრიცხოთ, რომ მერაბიშვილი ახლა ისეთ ადამიანებთან დაზავდეს, რომლებთანაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაპირისპირებაში იყო. თუმცა, აქვე ვიტყვი იმასაც, რომ მერაბიშვილს ყველაზე მეტად საკუთარი თავის რეაბილიტაცია სურს, იმ პირის ნახვა სურს ყველაზე მეტად საკუთარ თავში, ვინც იყო ციხეში ჩაჯდომამდე, ყველაზე მეტად მერაბიშვილს მერაბიშვილობანა ენატრება, იმ ძალაუფლების სუნი უნდა შეიგრძნოს ისევ, რაც ჰქონდა და ამის გამო, ყველაფერზეა წამსვლელი, მაგრამ ვიღაცის სასტარტო სიგნალს ელოდება. ვინ იქნება ეს ვიღაცა, სააკაშვილი, თუ ვინმე სხვა, მალე გამოჩნდება.
კომენტარები