ტრაგედია დატრიალდა ქუთაისში. 28 წლის შორენა ონიანი, რომლის გადარჩენასაც მშობიარობის შემდგომი გართულების შემდეგ ექიმები რამდენიმე დღე ცდილობდნენ, გუშინ გარდაიცვალა.
რამდენიმე დღის წინ ქუთაისის მეორე სამშობიაროში ონიანს ნაადრევად ტყუპი შეეძინა. მშობიარობიდან რამდენიმე საათში შორენას მდგომარეობა დამძიმდა. თბილისში გადმოყვანის შემდეგ, ოჯახს ურჩიეს, რომ სასწრაფოდ თურქეთში გადაეყვანათ. შორენა ტრაპიზონის კლინიკაში გარდაიცვალა.
ჩვენ დავუკავშირდით ქუთაისის მეორე სამშობიაროს ხელმძღვანელს, ბატონ ირაკლი მერკვილაძეს, მისი თქმით, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
– ბატონო ირაკლი, გარდაცვლილი ფეხმძიმეს ოჯახი მომხდარში ექიმს ადანაშაულებს, მის დასჯას ითხოვს და დაუდევრობაზე საუბრობს, რა გახდა ორსულის გარდაცვალების მიზეზი?
– ზუსტად ვერ გეტყვით, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი. ეს ყველაფერი გამოსაკვლევია, რაც შემიძლია გითხრათ ეს არის, რომ გართულებები მოხდა ჩვენთან, კლინიკაში. ამჟამად მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. სრულფასოვანი გამოძიება უნდა ჩატარდეს, ამას აკეთებს პოლიცია და პარალელურად მიდის გამოძიება ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სამმართველოს მიერ. მათთვის ყველა ინფორმაცია მიწოდებულია, ეს პროცესი ახლა მიდის და საბოლოოდ გაირკვევა ყველაფერი, როცა ეს დეტალები იქნება გამოკვლეული.
– რას ამბობს თავად ექიმი?
– დიდი ტრაგედია მოხდა და ექიმი თავისთავად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ზუსტად, რაც მოხდა, ეს ყველაფერი ასახულია პაციენტის ისტორიაში. კლინიკის ხელმძღვანელი ვარ და რა თქმა უნდა ვარ საქმის კურსში, ვიცი რაც მოხდა, თუმცა ამ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ამას სჭირდება ზუსტად გამოკვლევა და გამოკვლევის შედეგები დააზუსტებს რა და როგორ მოხდა.
– კლინიკის მისამართით ისმის კრიტიკა, საზოგადოების პრეტენზიები
– ჩვენს კლინიკაში ასეთი არაფერი ყოფილა. ნორმალურად ვმუშაობდით, ყველაფერი წესრიგში იყო, მოხდა ეს ტრაგედია და ჩვენც განვიცდით ამას.
– ახალდაბადებული ტყუპი ძმების ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ხომ ვერ ისაუბრებთ? როგორია ბავშვების მდგომარეობა?
– ახალშობილები დღენაკლულები იყვნენ, მიუხედავად ამისა, მათი მდგომარეობა იყო ნორმალური, თუმცა ოჯახმა მოითხოვა რომ ბავშვების მკურნალობა გაგრძელებულიყო თბილისში და ბავშვები გადაიყვანეს ღუდუშაურის კლინიკაში, ისინი იქ არიან ამჟამად. რაც შეხება მომხდარს, მიდის გამოძიება, ყველა დაიკითხება, სრულფასოვნად იქნება გამოკვლეული ყველა დეტალი და ამის შემდეგ უკვე კონკრეტულად გაცხადდება რატომ მოხდა ეს ტრაგედია.
– სისხლდენა მშობიარეს როდის დაეწყო?
– ამის დაკონკრეტებას აზრი არ აქვს, მესმის რომ ძალიან დიდი ინტერესია, დიდი ტრაგედია მოხდა. მერწმუნეთ, ჩვენთვისაც ძალიან მძიმეა. დიდი ტრაგედიაა როგორც ოჯახისთვის, ყველასთვის. ყველაფერს გაარკვევს პოლიცია და ასევე ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სამსახური.
– დაკითხულია ექიმი, რომელმაც ამშობიარა ფეხმძიმე?
– ექიმი დაკითხულია, მას ჩვენება მიცემული აქვს და ეს პროცესი მიდის.
კომენტარები