ბლოგერი, ლევან ყურაშვილი:
“ბოლო პერიოდში, როცა უკრაინელების კონტრშეტევაზე ლაპარაკობენ, მთავარი განსახილველი თემაა, თუ სად შეუტევენ.
მელიტოპოლს გაათავისუფლებენ, თუ უგლედარიდან მარიუპოლის მიმართულებით წავლენ.
ან იქნებ ბახმუტ-სივერსკიდან პოპასნაზე.
ან სულაც, ლუჰანსკში გაიწევენ სტარობილსკისკენ.
არადა, ნებისმიერი ტერიტორიის გათავისუფლებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება, თუკი უკრაინელები მოახერხებენ და რუსულ მსხვილ დაჯგუფებას გაანადგურებენ/ალყაში მოაქცევენ.
ომის პირველ კვირებს თუ არ ჩავთვლით, რუსებს ჰქონდათ სულ ორი წარმატებული ოპერაცია (ირონიის გარეშე):
1. ხარკოვიდან გაქცევა
2. ხერსონიდან გასვლა
ხარკოვში, მათთვის მოულოდნელი შეტევის დროს, ძალიან ახლოს იყვნენ მართვის დაკარგვასთან, თუმცა მათთვის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სწრაფად შეაფასეს ის კატასტროფული სიტუაცია, რაშიც შეიძლება აღმოჩენილიყვნენ და ტექნიკაში მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, მოახერხეს ალყის თავიდან აცილება და დაჯგუფების გაყვანა. მათთვის კატასტროფულ სიტუაციაში დროულად გაყვანილმა ნაწილებმა მოახერხეს მერე ფრონტის დასტაბილურება სვატოვო-კრემინას ხაზზე.
ხერსონის ოპერაცია კიდევ უფრო წარმატებული გამოდგა: მათი ელიტური ნაწილები, 20-30 000 კაცის შემადგენლობით, პრაქტიკულად ხაფანგში იყვნენ. უკრაინა ყველა მომარაგების ხაზს აკონტროლებდა და რუსებს გასაქცევად მხოლოდ ორი ხიდი ჰქონდათ (პლუს საპონტონე გადასასვლელები).
მიუხედავად ამისა, ისე დატოვეს ხერსონი, რომ უკანდახევისას ცოცხალ ძალასა და ტექნიკაში მინიმალური დანაკარგი ჰქონდათ და არც ფრონტის ხაზი ჩამოშლილა.
სწორედ ხერსონიდან გაყვანილი ელიტური ნაწილებია ახლა რუსების მთავარი იმედი, რომ უკრაინელების კონტრშეტევისას ღრიჭოებს შეავსებენ და ფრონტი არ გაერღვევათ.
ძალიან შორს რომ არ წავიდეთ ისტორიაში, ისევ უკრაინული ისტორია გავიხსენოთ.
როდის მოხდა მინსკი 1-ის მოლაპარაკებები? – ილოვაისკის ტრაგედიის დროს.
როდის იყო მინსკი 2? – დებალცევოს ალყის დროს.
ორივე შემთხვევაში, უკრაინას მოუწია მისთვის არახელსაყრელი შეთანხმებების დადება, რადგან ფრონტზე სიტუაცია ამას აიძულებდა.
ამ შეტევისას ტერიტორია არის მეორეხაროსხოვანი.
თუკი უკრაინელები მოახერხებენ, ძალიან პირობითად რომ ვთქვა, 10 000-იანი რუსული დაჯგუფების ალყაში მოქცევას და განადგურებას ან განადგურების გარდაუვალი საფრთხის შექმნას, პუტინი იძულებული გახდება ითხოვოს მოლაპარაკება მისთვის ძალიან ცუდი პირობებით.
და თუ გაჯიქდება, ამ დაჯგუფების განადგურება მალევე გამოიწვევს ფრონტის ჩამოშლას.
მოკლედ, რუსებმა რაც კარგად დაამუღამეს, გაქცევა/გადაჯგუფებაა.
ორჯერ მოასწრეს და დროზე გაიქცნენ.
მესამედ იგივე თუ არ გამოუვათ, ომი იმაზე მალე დასრულდება, ვიდრე ძალიან ბევრს წარმოუდგენია.”
კომენტარები