შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა – მეშვიდე ადამიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერმინისტრმა დაადასტურა.
მეშვიდე ადამიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად “მთის ამბებმა” გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის ცხედარი მდინარე ჭანჭახის კალაპოტში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა იპოვეს. მაშველებმა ის სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით ამოიყვანეს.
როგორც ღარიბაშვილი ამბობს, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მაშველებთან ერთად საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან.
შეგახსენებთ, რომ მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. ირაკლი ღარიბაშვილი კი ადგილზე მეორე დღეს მივიდა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ხელისუფლებას გუშინ სპიკერებად ჰყავდა გუბერნატორები, მერები და ინფრასტრუქტურის მინისტრი და მიუხედავად იმისა, რომ გუშინვე არაერთი ადამიანი ითხოვდა თავდაცვის ძალების ჩართვას, აცხადებდნენ, რომ ამის საჭიროება არ არსებობს.
ცნობისთვის, გუშინ, დაბნელებისას, ვერტმფრენით სამაშველო სამუშაოები შეწყდა და სახელმწიფომ სტიქიის ზონაში დარჩენილ ადამიანებს უპასუხა – ბოდიში, ღამეა. ხოლო ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს საჭიროებას თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან ითხოვოს ვერტმფრენების დახმარება, მიუხედავად იმისა, რომ მისივე ცნობით, 152 ადამიანი, მეწყერის ზონაში, ტყეში ელოდა გათენებას და გაყვანას.
უცნობია, ელოდება თუ არა, დღეს ხელისუფლება დაღამებას, არის თუ არა ცნობილი მათთვის, რომ დღესაც შეიძლება დაღამდეს, ჯერჯერობით, დღეა.
კომენტარები