,,ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი:
,,მესმის, რომ კიდევ ერთ სარისკო თემას ვეხები და “პირიქითა სექტის” მხრიდან ვირტუალური ქვების ჩაქოლვა არ ამცდება, თუმცა მე მხოლოდ ფაქტებს მოვიყვან და შეკითვებს დავსვამ, რისი უფლებაც ალბათ უნდა მქონდეს. მაშ ასე, გახშირდა ჩემს “კედელზე” კომენტარებში ასეთი კითხვა: როდის გამოვაცხადებთ და რატომ არ ვაცხადებთ საქართველოში მართლმადიდებლობას – სახელმწიფო რელიგიად.
სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთობებს ჩვენს ქვეყანაში არეგულირებს ორი ძირითადი დოკუმენტი: კონსტიტუცია და კონკორდატი. ქვეყნის ძირითადი დოკუმენტის მე-8 მუხლში წერია: “რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას”.
2002 წელს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო იქნა გამყარებული საქართველოს პარლამენტის დადგენილებით: „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების შესახებ”. მსოფლიოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიის გამოცხადებასთან ყველაზე ახლოს დგას საბერძნეთი, რომლის კონსტიტუციის მესამე თავი “აღიარებს ქვეყნის გაბატონებულ რელიგიად – ქრისტეს აღმოსავლეთ-მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას”. მიუხედავად ამისა, ამან არანაირად არ შეუშალა საბერძნეთს ხელი ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას.
საქართველოში მსგავსი მოწოდების უკან, ჩემი აზრით დგას საკუთარ თავზე მუშაობის სურვილის არქონის გარეგნული ცვლილებებით ჩანაცვლების ჩვენი ტრადიციული მცდელობა. არა ვინმეს განკითხვის, არამედ მხოლოდ ფაქტების კონსტატაციის მიზნით ვაფიქსირებ ჩემს მოსაზრებას:
✅ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ეფუძნება ქრისტეს სწავლებას, რომელიც მოცემული გვაქვს ოთხთავში, ახალი აღთქმის სხვა წმინდა წერილში და წმინდა მამათა სწავლებაში – რომელიც მონათლული მოსახლეობის 90%-ს გადაშლილიც არა აქვს
✅ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ემყარება შვიდ საეკლესიო საიდუმლოებას, საიდანაც აღსარება, ზიარება და შვიდგზის ზეთისცხება, ისევე როგორც მარხვების შენახვა – ასევე უცხო ხილია მონათლული მოსახლეობის 90%-ისთვის
✅ ცალკე და მტკივნეული თემაა, რომლის დეტალებში შესვლას და საჯარო განხილვას მე არ ვაპირებ – სამღვდელო თემში მიმდინარე (ალბათ) კრიზისი, ურთიერთგამომრიცხავი პოზიცია მთელ რიგ საკითხებთან, მრევლის დაბრკოლებისა და ცდუნების “ცალკეული” მაგალითები
ამ ვითარებაში, ტოტალურ პრაქტიკულ უ-ეკლესიობასა შინა მყოფი ერისა და ბერის მქონე საქართველომ – მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით: 1) ვის მოტყუებას აპირებს – უფლის?, 2) რის არიდებას ეცდება ამით? და 3) ხომ არ ჯობია – ხარისხობრივად, დე-ფაქტო და არა დე-იურე მივუახლოვდეთ ჩვენი დედა-ეკლესიის წიაღს – და მერე ვიმსჯელოთ იმაზე, რაც ამ ეტაპზე მოსახლეობის უმრავლესობის მხრიდან გაუგებარ მოთხოვნად ჟღერს? თორემ, საქართველოში სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობის გამოცხადება – ჩემი ოცნებაა. ოღონდ, უმრავლესობაში – მორწმუნე მრევლისა და მორწმუნე მღვდლების პირობებში.”
კომენტარები