მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ეს მასალა, რუსეთის ომის დანაშაულებს აღწერს.
ვიდეო, რომელიც The New York Times-მა მოიპოვა 4 მარტს ვიდეოკამერამ გადაიღო.
თვითმხილველმა The New York Times-ს უთხრა, რომ რუსებმა მძევლები შემდეგ შენობის უკან გაიყვანეს და მათ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს, რის შემდეგაც ჯგუფი აღარ გამოჩენილა.
თავდასხმებს 1 ადამიანი, ივან სკიბა გადაურჩა.
„მე მესროლეს და დავეცი. ტყვია ფერდში მომხვდა და თავი მოვაჩვენე, რომ მოვკვდი. არ ვმოძრაობდი და არ ვსუნთქავდი. გარეთ ციოდა, ამიტომ სუნთქვა შესამჩნევი იყო.” – განაცხადა ივან სკიბამ.
სკიბას თქმით, ჯარისკაცებმა ხელახლა ესროლეს იმ დაჭრილებს, ვინც ჯერ კიდევ მოძრაობდა. მისი თქმით, მან ადგილი რუსი სამხედროების წასვლიდან 15 წუთში დატოვა.
მედიამ რვავე დაღუპული უკრაინელის იდენტიფიცირება შეძლო. მათი ცნობით, ისინი ომამდე ჩვეულებრივი მოქალაქეები იყვნენ.
შემთხვევა ბუჩაში, იაბლონსკას ქუჩაზე მოხდა. რუსი სამხედროები ამ ქუჩაზე პატრულირებდნენ. მათ იაბლონსკას 144-ში მდებარე 4 სართულიანი ოფისის შენობა სამხედრო ბაზად გადააკეთეს და მიმდებარე სახლებს ჩხრეკდნენ.
7 უკრაინელი ამ დროს სახელდახელოდ შექმნილ საკონტროლო პუნქტზე მორიგეობდა. მათ მოსახლეობა რადიოთი გააფრთხილეს, რომ მტერი არეალს უახლოვდებოდა, თავად კი ერთ-ერთ სახლში დაიმალნენ.
ივან სკიბამ განაცხადა, რომ მათ შემდეგ 2 სხვა მებრძოლი შეუერთდათ. 1 საათის შემდეგ კი ჩხრეკისას რუსებმა ისინი იპოვეს და მძევლად აიყვანეს.
მეორე ვიდეოში, კი რომელიც NYT-ის ცნობით შემდეგ დღეს, 5 მარტსაა გადაღებული ჩანს დაღუპულთა ცხედრები და რუსი სამხედროები, ვინც ცხედრებთან დგანან.
აღსანიშნავია, რომ ვიდეოში ასახული ადამიანების ნაწილი, ვინც სავარაუდოდ 4 მარტს მოკლეს, ასევე ჩანს 3 აპრილს გადაღებულ ფოტოებში. ერთ-ერთ დაღუპულს ლურჯი მაისური ეცვა, რაც ბუჩადან გავრცელებულ ბევრ ფოტოში ჩანდა.
The NYT-ის ცნობით ის სამხილები, რაც მედიას აქვს, შესაძლოა, იყოს პირდაპირი მტკიცებულება 104-ე და 234-ე საავიაციო თავდასხმის პოლკის ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ.
უკრაინის ცნობით, კიევის რეგიონში, მათ შორის ბუჩაშიც რუსი სამხედროების დატოვების შემდეგ 1 200-ზე მეტი დაღუპული უკრაინელის ცხედარი იპოვეს.
წყარო– ფორმულა
კომენტარები