“ინტერპრესნიუსის”მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მეტროში არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებული პატრულ-ინსპექტორებიდან ერთ-ერთმა, კახა ბაკაშვილმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა.
მისმა ადვოკატმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ ბაკაშვილს თავისუფლების აღკვეთა 6 თვით მიესაჯა, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად 1 წელი დაუდგინდა.
შეგახსენებთ, 24 იანვარს სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანდა, როგორ ძალადობდა პოლიციელი მეტროსადგურ “ისანში” შშმ პირზე. ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე პოლიციელს ბიჭის მეგობრები უხსნიდნენ, რომ ახალგაზრდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე იყო, მას არც ესმოდა, არც საუბარი არ შეეძლო და მის კითხვებს ვერ უპასუხებდა, თუმცა მათ ყურადღება არ მიაქციეს. მომხდართან დაკავშირებით პოლიციელები კახა ბაკაშვილი და ნუკრი ბაქრაძე 25 იანვარს დააკავეს.
რაც შეეხება მეორე პოლიციელს, ნუკრი ბაქრაძის საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მას გამოძიება ედავება არაადამიანურ მოპყრობას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ. დანაშაული 5-დან 10-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
კომენტარები