ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია:
რატომ უნდა იყოს სასკოლო სწავლება პოლიპროფილური? – იმიტომ, რომ მოსწავლემ მიიღოს ყველა მიმართულების ცოდნა, რაც მის არჩევანს და მომავალი პროფესიის შერჩევას გაუადვილებს.
პირადად, მე, სკოლაში კარგად ვსწავლობდი, თუმცა ტექნიკური საგნები იყო ჩემი ძირითადი მიმართულება – მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია.თუმცა, პარალელურად, სკოლის ბოლო წლებში ჰუმანიტარული მიმართულებებით დავინტერესდი, მხატვრული ლიტერატურით, მედიით, ხელოვნებით და ა.შ.მოხდა ისე, რომ სკოლის დასრულებისთვის, განსაკუთრებულად კარგად ვიცოდი ტექნიკური საგნები, მაგრამ თან დავინტერესდი ჰუმანიტარულით, თუმცა, ინერციით, ჩავაბარე კიდეც იმ პერიოდში ერთ-ერთ მოთხოვნად სპეციალობაზე ტექნიკური მიმართულებით.რაც დრო გადიოდა, ვიწრო სპეციალიზაცია, მით ნაკლებად მიზიდავდა, დავდიოდი სულ სხვა დარგის, პიარის ლექციებზე, ვმუშაობდი ჟურნალ-გაზეთებში. ცოტას ვხატავდი, ცოტას პროზაში ვმუშაობდი და ჯამში თავში სრული ქაოსი მქონდა, ერთი სპეციალობა, მეორე, კიდევ სხვა ინტერესები, მოკლედ… მესამეჯერაც ჩავაბარე, ასოთხმოცი გრადუსით შეცვლილ არჩევანზე, ლიტერატურულ დაოსტატებაზე. შემდეგ კიდევ ბევრი ცვლილება მომიწია ჩემს პროფესიებში და აკადემიურ განათლებაში, სამეცნიერო მიმართულებად სულაც პოლიტიკური ფილოსოფია ვარჩიე.რატომ გაგიზიარეთ ჩემი გამოცდილება? – ჩემი გადასახედიდან, როდესაც სკოლის მოსწავლე ამბობს, რომ ესა თუ ის საგანი არ სჭირდება, ჩვენ უნდა ავუხსნათ სასკოლო საბაზისო განათლების მნიშვნელობა, ის, რომ მოსწავლეს ნებისმიერ დროს შეიძლება მოუნდეს პროფესიის შეცვლა და ამის საბაზისო სასკოლო განათლება მას უნდა ჰქონდეს, რომ შეძლოს.პოლიპროფილური სასკოლო განათლება, ეს არის მოზარდის პროფესიული არჩევანის თავისუფლების შესაძლებლობა.ამასვე ვუხსნი ჩემს შვილებს, რომ ყველა საგნის ცოდნას დაეუფლონ, რადგან თავადაც არ იციან, როდის რა დასჭირდებათ.დიახ, მეც ასე ვამბობდი, რაში მჭირდება ისტორია, გეოგრაფია, ქართული დეტალურად-თქო და მერე ლიტერატურით რომ დავინტერესდი, როგორც პროფესიით, სულ დეტალურად დამჭირდა ქართულის ცოდნაც, წლების მერე, პოლიტოლოგიით რომ დავინტერესდი, გეოგრაფიაც და ისტორიაც, ტექნიკური დარგისათვის კი ტექნიკური საგნებით.
მეგონა, რომ სკოლის მთელი რიგი საგნები არ დამჭირდებოდა, არა და, ყველა დამჭირდა.
კომენტარები