ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.
– ბატონო გია, გიორგი გახარიას ე.წ. მონანიებაზე რას იტყვით?
– აბსოლუტურად სწორი და ჯანსაღი განაცხადია. მეც მაქვს სინანულის გრძნობა, თავიდან მეც ვიყავი ხელისუფლებაში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება ყველაფერს აპატიებს გიორგი გახარიას, მაგრამ მისი მხრიდან ამ ტიპის განცხადება პატივსაცემი და დასაფასებელია.
– გიორგი გახარია პირველი არ არის, რომელიც პროტესტით წამოვიდა ხელისუფლებიდან. „ქართული ოცნება“ ასევე პროტესტით ბევრმა აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირმა და დეპუტატმა დატოვა, მინისტრებმა და პრემიერებმაც, მათ შორის. ყველა ამგვრად წამოსული პოლიტიკოსი, ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ ზოგად პოლიტიკურ ბრალდებებს უყენებს. არავის არაფერი უთქვამს არაფორმალური მმართველობის კონკრეტულ ფაქტებზე, ივანიშვილის მიერ სახელმწიფოებრივ საქმეში კონკრეტული ჩარევის ფაქტებზე. აქედან გამომდინარე, მის მიერ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებებზე, რაც ყველამ ვიცით, რომ ივანიშვილს მრავლად აქვს ჩადენილი. არაუფლებამოსილი პირის მიერ ერთი მინისტრის დანიშვნა–მოხსნა უკვე დიდი დანაშაულია. გიორგი გახარიაც ასე მოიქცა, მის გამოსვლაში იყო ზოგადი პოლიტიკური ბრალდებები ივანიშვილის მიმართ და არა კონკრეტული ფაქტები, მის მიერ კანონის დარღვევისა. არადა, ბევრი ასეთი ფაქტის შესახებ იციან და ბევრი თავად არის შემსწრე. რა ხდება? ეშინიათ ივანიშვილისა?
– სისხლის სამართლის დანაშული, ეს მხოლოდ ეჭვია. ყველა ადამიანი სარგებლობს უდანაშულობის პრეზუმფციით. სისხლის სამართლის დანაშაულზე ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ მაშინ, როდესაც ფაქტობრივი მასალა დაიდება. ჩვენ ხელისუფლების კიდევ ერთი გადანაწილება გველოდება, როგორც ჩანს და ეს აუცილებლად მოხდება. დაიდება ბიძინა ივნიშვილის კონკრეტული დანაშულებების ფაქტები და ამ ფაქტებს მისი გარემოცვის ყოფილი და ამჟამინდელი წევრები დასდებენ.
– ზოგს, ვფიქრობ, მართლა ეშინია, რადგან რაიმე ისეთი რომ თქვან, სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიან, ან თავად დაიჭერენ, ან ოჯახის წევრს დაუჭერენ. ბევრს იმის ეშინია, რომ მის შესახებ კომპრომატები არ ჰქონდეთ ივანიშვილს მართულ ძალოვანებს და არ გამოუქვეყნონ. ზოგი უკვე დაააშანტაჟეს ამ კომპრომატებით და სამუდამოდ გააჩუმეს, არა?
– კი, ბევრი რაღაც შეიძლება იყოს, ბევრ დანაშულზე შეიძლება იყოს ლაპარაკი. რაც ჩვენ ტელევიზიებით სიუჟეტები გვაქვს ნანახი ან პრესაში წაკითხული, იქიდან მხოლოდ 10% რომ იყოს მართალი, მთელი ხელისუფლება დასაჭერია. ცხადია, ვინც წამოვიდა „ქართული ოცნებიდან“, უმეტესობას, რაც თქვით, იმ მეთოდებით აჩუმებენ, ან თვითონ არიან ჩუმად, ეშინიათ.
კომენტარები