გუშინ იყო ასე, დღეს არის ისე, ხვალ ზეგ თუ იქნება სხვანაირად, შეფასებაც იქნება სხვანაირი – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პირველი არხის ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომელიც გიგი უგულავასთან დაკავშირებით 2017 წელს გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა.
საქმე ეხება 2017 წელს შალვა ნათელაშვილის პოზიციას გიგი უგულავასთან დაკავშირებით. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა მაშინ განაცხადა, რომ გიგი უგულავამ დიდი ფული შეჭამა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში ისაუბრა.
„ჩემო ძვირფასო მეგობრებო, როდესაც ადამიანი გახდება დევნილი, პოლიტიკური პატიმარი და რეპრესირებული, მასზე ვინ რას ამბობდა გუშინ, ამას არავითარი მნიშვნელობა არც ისტორიულად, არც პოლიტიკურად, არც ზნეობრივად. გუშინ იყო ასე, დღეს არის ისე, ხვალ ზეგ თუ იქნება სხვანაირად, შეფასებაც იქნება სხვანაირი. შეფასებას პოლიტიკოსები ხომ არ ვიგონებთ, რეალობა გვკარნახობს. რეალობა არის ისეთი, რომ კაცი ერთი და იგივე სამართალდარღვევაზე მესამედ მისცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში და დააპატიმრეს ერთადერთი მოტივით, რომ მას უკავია შეურიგებელი პოზიცია იმ გველეშაპის მიმართ, რომელმაც სული ამოხადა ქვეყანას. ის არის პოლიტიკური პატიმარი და ძალიან მალე, გუშინ რაც ვიხილეთ ბატონ უგულავას ციხეში შესვლის პროცედურებზე, იგივე გაუმეორდება მას, ვინც გასცა ეს ბრძანება, მისი გვარი გახლავთ ბიძინა ივანიშვილი“
კომენტარები