რძის მოხმარება ქალებში ძუძუს კიბოს რისკს საგრძნობლად ზრდის. ამის შესახებ დასკვნა “ლომა ლინდას” ჯანმრთელობის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დადეს.
მეცნიერებმა, 8 წლის განმავლობაში, 53 ათასი ჯანმრთელი ქალის დიეტის მონაცემები გაანალიზეს. მონაწილეებმა კვების შესახებ კითხვარები შეავსეს, რომელშიც ასევე აღნიშნეს ფიზიკური აქტივობის დონე, ალკოჰოლისა და ჰორმონალური პრეპარატების მოხმარების სიხშირე. მონაცემები მოიცავდა ასევე ქალების ოჯახურ ანამნეზს ძუძუს კიბოსთან დაკავშირებით, ასევე რეპროდუქციულ და სექსუალურ ჯანმრთელობას.
კვლევის ბოლოს სარძევე ჯირკვლების სიმსივნის განვითარების 1 057 შემთხვევა დაფიქსირდა. ექსპერტებმა ვერ გამოავლინეს აშკარა კავშირი კიბოს განვითარებასა და სოიოს პროდუქტების გამოყენებას, ასევე ყველისა და იოგურტის მოხმარებას შორის. ამასთან, დადგინდა, რომ რძის პროდუქტების უფრო ხშირი გამოყენება სიმსივნის განვითარების დიდ რისკთან ასოცირდება.
რძის პროდუქტების საშიში ეფექტის გამოვლენა ბოლო დროს ჩატარებული გამოკვლევის შედეგებს ემთხვევა. კვლევის თანახმად, ვეგეტარიანელებში, რომლებიც კვერცხსა და რძეს მოიხმარენ, უფრო დიდია ძუძუს კიბოს განვითარების რისკი, ვიდრე იმავე პროდუქტების მომხმარებელ არავეგეტარიანელებში. ამ კავშირის შესაძლო მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ რძე შეიცავს სქესობრივ ჰორმონებს, რაც სიმსივნეების განვითარებას უწყობს ხელს.
კომენტარები