ვაშლიჯავარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე სპეციალისტები იმყოფებიან. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე ამბობს, რომ მეწყერის ჩამოსვლის საფრთხე რეალურია. გოდოლაძის თქმით, მეწყერის საფრთხე არასწორი პოლიტიკისა და რეგულაციების არ ქონის შედეგია.
“ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეწყერი ახლა ჩამოვიდა, მაგრამ აუცილებლად ჩამოვა, ამის გაჩერება შეუძლებელია. რეალურად, არა მარტო, ეს ტანი არის შესასწავლი, შესასწავლია მთლიანად გარემო, იმიტომ რომ უხეშად არის გარემოში ჩარევა განხორციელებული.
ეს არის შედეგი არასწორი სამშენებლო პოლიტიკისა, რეგულაციების არ ქონის და ფაქტიურად გარიგებების დონეზე შესრულებული სამუშაოსი, რასაც ჩვენი სამუშაო ჯგუფი მუდმივად პედალირებს, რომ ასე არ შეიძლება მშენებლობა, განსაკუთრებით ნუცუბიძის ამ ფერდზე”,-ამბობს თეა გოდოლაძე.
ასევე თეა გოდოლაძის თქმით, პროცესები დაახლოებით 2 კვირის დაწყებულია. როგორც მან აღნიშნა, ადგილზე სხვა რანგის აპარატურა უნდა იყოს.
“ჩვენ, როცა ავედით ვნახეთ, რომ ეს პროცესი გუშინ არ არის ცნობილი. რეალურად, ექსცესომეტრები უნდა იყოს იქ დადებული და სხვა რანგის აპარატურა. რაც ვნახეთ, არის პალოები ჩარჭობილი და ეს პალოები არის დაძრული. უკვე მეწყრის ტანზეა გადასული.
ჩვენთვის საინტერესოა, როდის დაიწყო ეს პროცესი. ამის დაკვირვება, როდესაც ეს პალოები ერთმანეთს დაშორდა. რეალურად ეს არის ორი კვირის ამბავი, საოცარ დინამიკაშია უკვე მოსული”,-თქვა გოდოლაძემ.
კომენტარები