ვაშლიჯვრის ფერდობზე გააქტიურებული მეწყრული პროცესების კვლევის პროცესში ინჟინერ-გეოლოგი ზურაბ ცომაია ჩაერთო და ტერიტორიის პირველადი დათვალიერების შედეგად მედიისთვის განმარტება გააკეთა.
ინჟინერ-გეოლოგის თქმით, დამეწყრილი ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაციის არანაირი საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს. მისივე თქმით, პრობლემის კვალიფიციური შესწავლის გარეშე წინასწარი მწვავე შეფასებები არასერიოზულია და საფუძველს მოკლებულია.
გეოლოგის მტკიცებით, მეწყრული პროცესები დედაქალაქისთვის ზოგადად დამახასიათებელია და მასზე დასკვნები მხოლოდ საფუძვლიანი კვლევის შედეგად უნდა გაკეთდეს.
„დღეს არსებული სურათი ვიზუალურად დავათვალიერეთ, დავგეგმეთ სამუშაოები. ეს არის სერიოზული მეწყრული პროცესი, რომელსაც კვლევა სჭირდება, ჩვენ ხვალიდან ჩავერთვებით ამ კვლევაში. პირველ ეტაპზე გავაკეთებთ ტოპოგრაფიულ A გეგმას, შემდეგ გეორადარით ავაგებთ პროფილებს. ბურღვითი სამუშაოები აქ ამ ეტაპზე არაა რეკომენდირებული, რადგან ზუსტად არ ვიცით, რა მექანიზმია ჩართული. გეორადარისა და გეოფიზიკური მონაცემების საფუძველზე შეგვეძლება, დავსახოთ ღონისძიებები. ჯერჯერობით რაც ჩანს, ამ მასის მიმართულება დაძვრის შემთხვევაში იქნება ხევისკენ. გარკვეული შიში შეიძლება იყოს ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით, რაც იმას არ ნიშნავს, რომ პრევენციას ვერ გავაკეთებთ. ნალექმა შეიძლება რაღაც გამოიწვიოს, მაგრამ ცალსახად იმის თქმა, რომ ნამდვილად გამოიწვევს, ამის თქმა არ შეიძლება. მოსახლეობისთვის საშიშროების კუთხით რაიმე სახის პრობლემას მე ვერ ვხედავ. ჩემთვის გაუგებარია ასევე ევაკუაციასთან დაკავშირებით არსებული საუბარი. მთელი მოსახლეობა, ვინც გარშემოა, ევაკუირებული უნდა იყოს? ამ სახის საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს. ასეთი მეწყერი თბილისს ახასიათებს. ქვევითაც იყო გახსნილი, წყნეთის გზაზეცაა გახსნილი, ზუსტად იგივეა აქაც. კვლევაა საჭირო და ამის გარეშე რთულია დასკვნების გაკეთება. ჩვენ ხომ არ ვიცით ზუსტი სურათი და ამიტომ არასერიოზული იქნება, რომ ვთქვა, რომ ან ძალიან დიდი საშიშროებაა ან საერთოდ არაა. უნდა შევისწავლოთ და ეს პროცესიც ძალიან სწრაფად არ ხდება, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით“, – განაცხადა ზურაბ ცომაიამ.
კომენტარები