სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს მირქმის დღესასწაული მიულოცა და ქადაგებისას განაცხადა:
„ეს არის შეხვედრა ძველისა და ახალი აღთქმისა. ეს არის შეხვედრა ადამიანისა და ღმერთისა. ადამიანის ცხოვრება მუდმივი განსაცდელია. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გვაძლევს ძალას, მოთმინებას, სიყვარულს, რომ დავძლიოთ ეს განსაცდელი.
თქვენ იცით, რომ ამ ბოლო დღეებში დიდი განსაცდელი იყო ეკლესიაში, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა განსაცდელი ეძლევა ადამიანს, ძალა, მადლიც ეძლევა.
მეუფე პეტრე ჩვენ გავზარდეთ, როგორც საკუთარი შვილი, მაგრამ მოხდა განსაცდელი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არავითარი ცოდვა არ აღემატება ღვთის წყალობას. სინანული და აღსარება კურნავს ადამიანს და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სინანული დაისადგურებს ჩვენს გულებში, გონებაში და მეუფე პეტრე კვლავ განიკურნება. უძღები შვილი დაბრუნდება, უძღები შვილის მამა გადიოდა გზაზე და ელოდებოდა თავის შვილს, ასევე ველოდებით ჩვენც შეცდომილ შვილებს. ყველას გილოცავთ დღესასწაულს!
ჩვენ ვლოცულობთ მეუფე პეტრესა და სხვა შეცდომილი მოძღვრებისათვის, წყალობა და მშვიდობა განკურნავს მათ. დღეს არის განწმენდის დღე; დღეს წყალობა ღვთისა განსაკუთრებით სუფევს ჩვენ ზედა. დღეს არის ის დღე, როცა შვილები ლოცავენ თავიანთ მშობლებს. თქვენც დალოცეთ თქვენი მშობლები და ისინი დაგლოცავენ თქვენ“
კომენტარები