ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ცხრაფონასა და წყავროკაში ცოფის ახალი შემთხვევები დადასტურდა.
სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სააგენტოში შევიდა შეტყობინება სოფელ წყავროკას მოსახლეობისგან.
ადგილობრივებმა სოფელში ძაღლის ლეში იპოვეს. სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე გავიდნენ და აიღეს პათოლოგიური მასალა ლაბორატორიული კვლევისთვის, რის შედეგადაც ცოფის შემთხვევა დადასტურდა.
ასევე ცოფის შემთხვევა დადასტურდა სოფელ ცხრაფონაშიც, საიდანაც მოსახლეობამ სააგენტოს აცნობა, რომ ტურის ლეში იპოვეს. პათოლოგიური მასალის კვლევის საფუძველზე ამ შემთხვევაშიც ცოფია დადასტურებული.
სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო ამ შემთხვევების შემდეგ განახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, რაც იმას გულისხმობს, რომ სოფელ წყავროკასა და ცხრაფონაში შინაური ცხოველების სავალდებულო ვაქცინაცია დაიწყება.
ვაქცინაცია დადგენილ ვადაში და დადგენილ პერიმეტრზე უნდა ჩატარდეს. დაწესდება გარკვეული კონტროლი ცხოველების გადაადგილებაზე.
„კარანტინი ამ შემთხვევაში არ გულისხმობს ადამიანთა გადაადგილების შეზღუდვას. საქმე ეხება მხოლოდ შინაური ცხოველების გადაადგილების შეზღუდვასა და ვაქცინაციას. ეს არის საკანონმდებლო ღონისძიება.
გარეული ცხოველების ვაქცინაციას, ცხადია, ვერ მოვახერხებთ, მგელს ტყეში ვერ გავეკიდებით. ეს იქნება შინაური, ე.წ. ,,ამთვისებელი“ ცხოველების ვაქცინაცია, სწორი ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ“, – აცხადებენ სურსათის უვნებლობის სააგენტოში.
2 თებერვალს ცოფის 3 შემთხვევა ქობულეთის სოფელ ჯიხანჯურში დადასტურდა, სადაც შინაური ცხოველები ცოფიანმა ტურამ დაკბინა.
წყარო – ბათუმელები
კომენტარები