სამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი;
,,აქციების აქამდე არსებული გამოცდილება და არსებულის დინამიკა აჩვენებს, რომ სისტემისთვის კოლაფსი შესაძლებელთაგან ყველაზე დიდი დისკომფორტია.
(ამაზე დიდი დისკომფორტებიც არსებობს, მაგალითად მასობრივი გაფიცვა-დაუმორჩილებლობა, მაგრამ ამისთვის საჭირო პრერეკვიზიტები, როგორიც იქნებოდა პროფკავშირები, განვითარებული არ გვაქვს)
კოლაფსს არ სჭირდება ფართო მასები – პირიქით, მიზანი დუღილის წერტილის იქამდე აწევაა, რომ იგნორირება შეუძლებელი გახდეს და ამის ხარჯზე ჩართულობა კიდევ უფრო გაიზარდოს.
ხელისუფლებამ ისწავლა როგორ გაუმკლავდეს ხალხმრავალ, ერთ სივრცეში კონცენტრირებულ აქციებს, თუმცა პრობლემები აქვს დეცენტრალიზებულ, უმართავ სიტუაციებთან – ამან განაპირობა რუსულ კანონზე პირველი უკანდახევა.
ასეთი აქციების დროს სისტემის საყრდენი ძალოვანი სექტორი იბზარება, რადგან უნდა ირბინოს წეტილიდან წეტილზე გადატვირთულ ქალაქში, ატაროს ავტობუსები და დაუშვას შეცდომები, რადგან სხვადასხვა ადგილებზე სხვადასხვა “დაშლის პოლიტიკა” ვერ ექნება, მაშინ როცა ამ ადგილებზე გარემოებები განსხვავებული იქნება. ეს კიდევ უფრო გაატლანქებს მას და გაზრდის უკმაყოფილებას.
ამას თუ დაერთო ეფექტიანი სატრანსპორტო კოლაფსების ელემენტი, საქმიანი ცხოვრების პარალიზება ავტომატურად მოხდება და მივიღებთ მასობრივ გაფიცვასთან შესაძლებელიდან ყველაზე მიახლოვებულ სურათს.
სატრანსპორტო კვანძებზე ინტერვენციები კოორდინირებულად და მრავალფეროვნად შეიძლება მოხდეს – ზოგან კარვები, ზოგან ხალხი შუა გზაზე გაჩერდეს, უბრალოდ მანქანებიდან გადმოვიდეს, ჩაკეტოს და წავიდეს. შესაძლოა თავად ჯგუფებს შორის არ იცოდნენ კონკრეტული ლოკაციები – საჭიროა მხოლოდ ჯგუფს შორის საკომუნიკაციო ტელეგრამ თუ სიგნალ არხები.
ასეთი პერმანენტული და ქაოტური ინტერვენციები სისტემას გადაღლის და გადატვირთავს, ბრძანებულებების ჯაჭვში ბზარებს გააჩენს. გააღვივებს სისტემის შიდა კონფლიქტებსა და ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობას.
ამიტომ ახლა ყველაზე ჭკვიანური და ხარჯეფექტური გზა მგონია, 100-300 კაციანი დეცენტრალიზებული რაზმების შეკვრა ონლაინ თუ ოფლაინ, პატარა ჯგუფებს შიგნით აქტიური და ჯგუფებს შორის შედარებით შეზღუდული კომუნიკაცია და ერთდროულად სხვადასხვა მობილური კრიზისული წერტილების გაჩენა – უწყვეტად და არა მხოლოდ თბილისში.
მხოლოდ თბილისში 10მდე სატრანსპორტო კვანძია, რომლის გაჩერებაც მთელ ქალაქს ტვირთავს. დეცენტრალიზებულობა კი აქციასთან გადამწყვეტ გამკლავებას შეუძლებელს გახდის – ვინც და რამდენიც არ უნდა დაიჭირონ. მიეცით ამ ტაქტიკას ორი კვირა და ნახავთ რა ფუნდამენტურ რყევებს გამოიწვევს”
კომენტარები