ხვალ, 10 დეკემბერს მოსკოვში 3+3 ფორმატის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაში საქართველო არ მონაწილეობს, თუმცა, ფორმატს მაინც 3+3 ჰქვია ჯერ კიდევ.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველო ამ ფორმატში მონაწილეობას არ განიხილავს და უწყების განცხადება ასეთია:
“საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3+3 რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივასთან დაკავშირებით არაერთხელ დააფიქსირა მკაფიო პოზიცია, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრმაც ისაუბრა ამ საკითხზე ბოლო საპარლამენტო მოსმენაზე. ჩვენ არ განვიხილავთ აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას და შესაბამისად ე.წ. 10 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველო არ იქნება წარმოდგენილი”
3+3 ფორმატში მონაწილეობენ რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და ირანი.
3+3 ფორმატის იდეა 2020 წლის ყარაბახის ომის შემდეგ, 10 დეკემბერს, ბაქოში აზერბაიჯანის და თურქეთის პრეზიდენტებმა, ილჰამა ალიევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წამოაყენეს. ის გულისხმობს კავკასიის სამი ქვეყნის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის, და რეგიონის სამი დიდი სახელმწიფოს: ირანის, რუსეთისა და თურქეთის თანამშრომლობას. ფორმატმა უნდა მოიცვას უსაფრთხოების, ეკონომიკის და სატრანსპორტო საკითხები.
ფორმატში მონაწილეობის შესაძლებლობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა 8 ოქტომბერს ილაპარაკა. მან თქვა, რომ “ჩვენ რაღაც ფორმით ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებსა და ურთიერთობებში მაინც უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, არა სახელმწიფო ინტერესების და ოკუპანტთან რაღაც დათმობის ხარჯზე”. კრიტიკის შემდეგ საგარეო უწყების პრესსამსახურმა დააზუსტა, რომ ზალკალიანის განცხადება არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა და რომ საქართველო რუსეთთან ერთად 3+3 ფორმატში მონაწილეობას არ განიხილავს.
კომენტარები