დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გადაწყვიტა, რომ საზღვრის უკანონოდ კვეთის საკითხზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის განხილვა კლინიკა “ვივამედში” გააგრძელოს. სწორედ ამ კლინიკაში გადაიყვანა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.
ეს შუამდგომლობა სასამართლო სხდომაზე საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ დააყენა. ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინააღმდეგ გამოვიდა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე, რომლის თქმითაც, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მუდმივად სჭირდება სამედიცინო დახმარება. გარდა ამისა, თუთბერიძემ აღნიშნა, რომ შესაძლებელი იყო კლინიკაში სასამართლო სხდომის ტექნიკური უზრუნველყოფა ვერ მომხდარიყო.
“თქვენ, დაცვის მხარემაც და ბრალდების მხარემაც აღნიშნეთ, რომ წინააღმდეგები არ ხართ გასვლითი სხდომის ჩატარების… ცნობაში არ არის დაკონკრეტებული [ჯანმრთელობის ზუსტი მდგომარეობა]. ამის გასარკვევად სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ გასვლითი სხდომა ჩაატაროს. თუ შეძლებს ჩვენების მიცემას, მოგვცემს ჩვენებას – ეს მისი უფლებაა.
თვითონ განაცხადა, რომ ჩვენების მიცემა სურს. ეს არ არის ის მოცემულობა, რომ მტკიცებულებებია გამოსაკვლევი. ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, რომ ბატონ მიხეილს სურს ჩვენების მიცემა და ამიტომ სასამართლო სხდომაზე ვინაიდან ვერ ცხადდება, არაა დაკონკრეტებული რა არ შეუძლია, ტრანსპორტირება, მეტყველება თუ – რა. ამის გამო სასამართლო გადის გასვლით სხდომაზე”, – თქვა მოსამართლემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საპატიმროში შიმშილობის შემდეგ გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მკურნალობის კურსს გადის კლინიკა “ვივამედში. მისი ოჯახი და გუნდი ექსპრეზიდენტის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ წაყვანის ნებართვას ითხოვენ, მთავრობა კი ამბობს, რომ სააკაშვილისთვის სრულფასოვანი მკურნალობის გაწევა საქართველოშიც შესაძლებელია
კომენტარები