პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება. როგორც პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლოს ეს შეზღუდვა არ გაუუქმებია.
“ჩვენ, როგორც ბრალდების მხარემ, “საპატიმრო კოდექსის” შესაბამისად, მართლმსაჯულების მიზნით და ლეგიტიმური მიზნით, შევზღუდეთ ბრალდებულის გარკვეული უფლება, მათ შორის სატელეფონო საუბრის უფლება. ეს შეზღუდვა ძალაშია, რადგან კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ამის ლეგიტიმური უფლება და ჩვენ ამ შეზღუდვას ვიყენებთ მართლმსაჯულების ინტერესებისთვის. ეს შეზღუდვა ძალაშია და ის სასამართლოს არ გაუუქმებია,” – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
ცნობისთვის, მოსამართლის გადაწყვეტილებით, 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა. მანამდე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. პროტესტის მიზეზად კი დაასახელეს, რომ სასამართლო პროცესზე არ დაუშვეს დიმიტრი საძაგლიშვილი და ნიკა გვარამია, რომლებსაც კოლეგები უნდა ჩაენაცვლებინათ.
ინფორმაციისთვის, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა. სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია “იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
კომენტარები