„მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, იუსტიციის ყოფილი მინისტრის და ყოფილი მთავარი პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის მოთხოვნის შესახებ კომენტირებისას განაცხადა:
„პრეტენზია უფრო „ქართულ ოცნებასთან“ მაქვს, რატომ არ ითხოვდა უფრო ენერგიულად, რომ ეს კაცი ჩამოეყვანათ და ჩაესვათ იმ ჩადენილი ბოროტებებისთვის, რასაც ჩადიოდა. მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც საქართველოს მოქალაქეობაზე ამბობს უარს.
ჩემთვის არის გამაოგნებელი, როგორ შეიძლება იყო ქართველი და საქართველოს მოქალაქეობაზე თქვა უარი. ერთი კაცი იყო, ყოფილი იუნკერი, გვარად ვაჩნაძე, რომელიც 1921 წელს ემიგრაციაში წავიდა და მთელი ცხოვრება საკავალერო სკოლაში ასწავლიდა. როცა მოხუცდა, საფრანგეთი მას ეუბნებოდა, მიეღო საფრანგეთის მოქალაქეობა, რომ მისთვის პენსია მიეცათ, იმიტომ, რომ არაჩვეულებრივი კავალერისტი, პედაგოგი და საფრანგეთისთვის თავგანწირული მებრძოლი იყო. ფარატინა ქაღალდი ეჭირა ხელში, სადაც ეწერა, რომ იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პასპორტი და ის იყო მოქალაქე.
კატეგორიულ უარს ამბობდა ფრანგულ პენსიაზე, ძალიან დამსახურებულ პენსიაზე. იმის გამო, რომ გულით დაატარებდა გადაკეცილ ფურცელს, საქართველოს პასპორტი რომ ერქვა. მე პატივს ასეთ ხალხს ვცემ და არა ისეთ ადამიანებს, რომლებიც ჯერ ავკაცობენ და ხალხზე ძალადობენ, როცა ხელისუფლებაში არიან, შემდეგ კი ამ ქვეყნიდან გარბიან და საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობენ“
დღეს ცნობილი გახდა, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ყოფილი მთავარი პროკურორი, ზურაბ ადეიშვილი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას ითხოვს.
კომენტარები