„ალიას“ დაუკავშირდა იამზე რობაქიძე, რომელიც გვიყვება, როგორ გადაურჩა არაერთხელ სიკვდილს და როგორ მოახერხა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმმა, მალხაზ მიზანდარმა, დავარდნილი სასიცოცხლო მაჩვენებლების წესრიგში მოყვანა და მისი ფეხზე დაყენება.
იამზე რობაქიძე:
მე არ მქონდა ჯანმრთელობის ერთი პრობლემა, მე მქონდა პრობლემები. დამჭირდა 12 საათიანი ოპერაცია, ორგანიზმის რეკონსტრუქცია, მუცლის ღრუში სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა იყო. მინდა მოგიყვეთ, როგორ იწვალა ჩემთან ერთად ბატონმა მალხაზ მიზანდარმა ჩემ გადასარჩენად, ორივე ერთად ვიბრძოდით ჩემი სიცოცხლისთვის.
ყველაფერი დაიწყო ნაღვლის ბუშტის ოპერაციით, 2 საათს გაგრძელდა ოპერაცია ერთ–ერთ კლინიკაში, არ დავასახელებ ახლა არც ექიმს და არც კლინიკას. ამ ოპერაციის შემდეგ ისე ცუდად ვიყავი, გამზადებული ვიყავი იმ ქვეყნად წასასვლელად. დავუკავშირდით ერთ გამოცდილ ქირურგს, აღმოჩნდა, რომ სასწრაფოდ მქონდა ოპერაცია გასაკეთებელი. იმდენი სადინარი იყო გადაჭრილი და სხეულში იღვრებოდა სითხეები, რომ მუცლის ღრუში საშინელი სურათი დახვდათ. ჩამიტარდა ძალიან დიდი და სერიოზული ოპერაცია. ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გაწყდა ნაწლავი, დამეწყო სისხლდენა და ჰემოგლობინის მონაცემი დავარდა 2–მდე. იმავე ღამეს გამიკეთეს ოპერაცია, გადავრჩი, თუმცა, სასიცოცხლო მაჩვენებლები ისევ ძალიან დაბალი იყო. ახლა რასაც გიყვებით, ზღაპარია, წარმოუდგენელია იმის აღწერა და გადმოცემა რაც გამოვიარე, ბოლო წლების განმავლობაში, რამდენჯერ წავედი იმქვეყნად და დავბრუნდი, ვერ დავითვლი. ორწელიწადნახევარი სიარულიც არ შემეძლო, ლოგინს ვიყავი მიჯაჭვული. დამიზიანდა ხერხემალი, რის გამოც, კიდევ ერთი ოპერაცია დამჭირდა. ჩემი მუცელი რომ ნახოთ რას ჰგავს, ღრმულები, დაჭრილ–დაჩეხილი, გადავლილ–გადმოვლილია.
2 წელი დაჭირდა ჩემი ორგანიზმის მუშაობის მეტ–ნაკლებად აღდგენას, ბატონი მალხაზ მიზანდარის თაოსნობით, ამ პერიოდში. ხან გემოგლობინი დამივარდებოდა, ხან კრეატინინი ამიწევდა, იყო დეპრესიაც, ცხადია, უიმედობაც და მაგ დროს, განსაკუთრებულად მშველოდნენ ადამიანები, რომლებიც თავს მეხვივნენ „ნიუ ჰოსპიტალსში“. ნაწილი სადინარების შეხორცდა, 3 სტენტი მაქვს ჩასმული, ვსვამ მედიკამენტებს და ბედნიერი ვარ, დიახ, ხმამაღლა შემიძლია დღეს ვთქვა, რომ ვარ ბედნიერი, მიუხედავად იმისა, რაც გავიარე, ბედნიერი ვარ, რომ ისევ შემიძლია მოძრაობა, დამოუკიდებლად ქუჩაში გასვლა. ისეთი ვაჟკაცი აღარ ვარ, როგორც ავადმყოფობამდე, მაგრამ მართლა ვარ დღეს ბედნიერი იმით, რასაც მე და ბატონმა მალხამა ერთად მივაღწიეთ.
გარდა ბატონი მალხაზისა, მინდა გავიხსენო მისი გუნდის წევრები, უაღრესად პროფესიონალი, თამთა აზრუმელაშვილი, უსაყვარლესი მარიამი, საოცრებაა, რომ გამოჩნდა, შეგრძნება მქონდა, უკვე დიდი ხანია ვიცნობდი, ასევე მეორე მარიამი, მარიამ თევზაძე – ასეთი ექიმი იშვიათობაა, სრულად იკვლევს მიზეზს და ისე ნიშნავს მედიკამენტს, ამ გოგოს დიდი მომავალი აქვს, მჯერა და ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენს. მედეა ბერიძე, განყოფილებაში მუშაობს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ როგორც შვილი უვლის დედას, ისე მივლიდა, ზუსტად ხვდებოდა ვენაში, რომელიც ბოლო წლების მანძილზე სრულად განადგურებული იყო უკვე კლინიკიდან კლინიკაში სიარულისას. მედეა სუბორდინაციას არასოდეს დაარღვევს და ექიმის გარეშე დასკვნები არასოდეს გამოაქვს, მაგრამ ყველა დეტალს აკვირდება და ზუსტად ასრულებს თავის სამუშაოს. არა მხოლოდ მე მივლიდა ასე, ვუყურებდი როგორ მუშაობდა უმძიმეს, კიბოთი დაავადებულ პაციენტებთანაც. იქ არიან თეა და ია ზეიკიძეებიც, თამუნა მეკოკიშვილთან ერთად. ჩემთვის ყველანი ესენი არიან ციდან ადამიანების გადასარჩენად ჩამოსული ღმერთები. ნამცეცა ქეთია, ასე ვეძახდი, უგემრიელეს ყავას აკეთებს და უთბილესი ადამიანია. არ უნდა დამავიწყდეს გიორგი, რომელსაც სახლში უმძიმესი პაციენტი ჰყავს, დედა ჰყავს ცუდად და როცა სამსახურში იყო, ჩვენც ზუსტად ისე გვივლიდა, როგორც სახლში დედას. დედისერთა ბიჭია, თან სწავლობს, თან მუშაობს, მომავალი პედიატრია. ირაკლი, გემრიელი, ღიმილიანი ბიჭი, რომელიც სამედიცინო აპარატურასთან მუშაობს. გარდა იმისა, რომ მე ვიყავი უმძიმესი პაციენტი, თბილი, იმედიანი სიტყვები სჭირდებოდა ჩემ ოჯახს, ჩემ შვილებს და ეს გუნდი მათაც აიმედებდა, ეფერებოდა. ერთი სიტყვით, საოცარი კოლექტივია, შეკრული ერთ გუნდად, ყველამ იცის თავისი საქმე და საქმე, რომელსაც ისინი აკეთებენ, გმირობის ტოლფაია.
მალხაზი საერთოდ ვირტუოზია, ხელოვანი, შეუძლია ადამიანში ჯერ მოიგონოს ხელოვნების ნიმუში, მერე ჩამოაყალიბოს, შექმნას და ეს ის იყო, რაც ჩემ შემთხვევაში გააკეთა.
მეც ვიცი, რამდენად შეუთავსებელი იყო ჩემი ავადმყოფობის ისტორია სიცოცხლესთან, ამიტომ ვამბობ, რომ ვირტუოზი და ხელოვანია, ჩემი ორგანიზმისთვის სასიცოცხლო მაჩვენებლების დაბრუნებას მის გარდა ვერავინ შეძლებდა. როცა ვხვდები და ჩემი დანახვისას იღიმის, მაგ დროს ვხვდები, რომ როგორც თავის შემოქმედებას ისე მიყურებს.
შეიძლება ქუჩაში შეგხვდეთ და სახეზე ვერ შემატყოთ, რომ ბედნიერი ვარ, მაგრამ კიდევ მინდა გავიმეორო, რომ ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ თავს. რამდენ კლინიკაში მოვხვდი, ათასი უბედურება მაქვს გადატანილი და მოვხვდი გუნდთან, რომლის გონებამ, ხელებმა, თავდაუზოგავმა ბრძოლამ და შრომამ – გადამარჩინა. ამდენი ოპერაციისას გაკეთებული ნარკოზის გამო, თმების ცვენა დამეწყო და ახლა, თმები თავიდან ამომდის, ვერ აგიხსნით, როგორ ვეფერები თმის თითოეულ ღერს. მინდა ადამიანებმა, რომელსაც შეიძლება დღეს აქვს ჯანმრთელობის მსგავსი მძიმე პრობლემები, იცოდნენ, რომ არსებობს ინტერვენციული რადიოლოგი, მალხაზ მიზანდარი, ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს სიცოცხლის გადასარჩენად. მინდა იცოდნენ, რომ არსებობს ექიმი, რომელსაც ადამიანების იმქვეყნიდან დაბრუნებაც შეუძლია. ხშირად ადამიანები მხოლოდ იმიტომ იღუპებიან, რომ არ იციან იმ ექიმთა არსებობის შესახებ, რომლებსაც მათი გადარჩენა შეუძლიათ.
ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას!
კომენტარები