ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერი, დავით ქაცარავა, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
“ჩემო მეგობრებო!
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს 27 წლის ბექა ფარჩუკაშვილმა გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი და ჩაბარდა საოკუპაციო რეჟიმს, დახია საქართველოს მოქალაქის პირადობა და მოითხოვა თავშესაფარი.
ამ ამბავმა ყველა ჩვენგანში სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია.
ეხლა კი მინდა მოგიყვეთ, თუ რა მოხდა სინამდვილეში.
2020 წლის 28 დეკემბერს ბექა ფარჩუკაშვილმა მართლა გადაკვეთა ოკუპაციის ხაზი, გადავიდა ახალგორში, სადაც ცხოვრობენ მისი ოჯახის წევრები, რომლებსაც ესაჭიროებოდათ დახმარება.
ზუსტად მაგ დროს მოხდა მისი დაკავება საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ.
ბექას მოთხოვეს მოეწერა ხელი დოკუმენტზე, რომლითაც ის აღიარებდა, რომ გადაკვეთა ე.წ. “სახელმწიფო საზღვარი”, რაზეც მან უარი განაცხადა.
იგი მოათავსეს კარანტინში, რომლის შემდეგ მას გადაიყვანდნენ ცხინვალში და თან დაპირდნენ, რომ ცხინვალში ის აუცილებლად მოაწერდა ხელს ამ დოკუმენტს. თუ რას ნიშნავდა ეს დაპირება, ყველას კარგად გვესმის და წარმოგვიდგენია.
ბექამ მოახერხა კარანტინიდან თავის დაღწევა და უკვე 9 იანვარს ის უკვე სახლში, ოძისში იყო.
ეს ამბავი ესე უცნობ ამბად და ბექას პირად თავგადასავლად დარჩებოდა, რომ არა ჯერ საოკუპაციო რეჟიმის მიერ, მიმდინარე წლის 22 იანვარს გავრცელებული განცხადება, სადაც ოკუპანტებმა დაწერეს ზემოთ მოყვანილი ისტორია ჩაბარების და საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ და შემდეგ IPN ის ნიუსი ბექა ფარჩუკაშვილის თავგადასავალთან დაკავშირებით.
საინტერესო გარემოება კი ის არის, რომ 22 იანვარს ამ ამბის გაგების შემდეგ, ბექასთან ოჯახში ძალოვანი სტრუქტურების არც ერთი წარმომადგენელი არ მისულა და აღნიშნული ამბით არ დაინტერესებულა.
რატომ? ამ კითხვაზე პასუხი მე არ მაქვს.
საიდან ვიცი ეს ყველაფერი?
პირადად ბექამ მომიყვა.
საოკუპაციო რეჟიმის პროპაგანდამ სცადა ბექა გამოეყენებინა თავის ბინძურ საქმიანობაში და კიდევ ერთი დარტყმა მიეყენებინა ჩვენი სახელმწიფოსთვის, რაც საბედნიეროდ არ გამოუვიდა.
დიდი მადლობა ბექას.
ის აღმოჩნდა საქართველოს ვაჟკაცი პატრიოტი და არა ის, როგორიც საოკუპაციო რეჟიმმა შეეცადა წარმოეჩინა ჩვენთვის.”
კომენტარები