ალიას დაუკავშირდა 34 წლის ელზა ძაგოევა, რომელმაც ბოლო პერიოდში არაერთი
სულიერი ტრავმა გადაიტანა და პარალელურად, ებრძოდა ავ სენს. დღეს დაჯერებაც
უჭირს, რომ რეაბილიტაციის ძირითადი ეტაპი უკვე გაიარა, თან ისე, რომ არც
საზღვარგარეთ მოუწია სამკურნალოდ წასვლა და არც სახლის გაყიდვა, მკურნალობის
თანხის ასაგროვებლად.
ელზა ძაგოევა:
–2023 წლის სექტემბერში ვიმშობიარე, სამწუხაროდ, ბავშვი გარდაიცვალა. სიტყვები არ მეყოფა იმის გადმოსაცემად, როგორი მძიმე ფსიქოლოგიური ფონი მქონდა. ამას თან დაერთო მალევე მაღალი სიცხეები, ჯერ დავაბრალეთ სტრესს, მაგრამ გადიოდა დრო და მდგომარეობა უკეთესობისკენ არ იცვლებოდა, პირიქით – უარესდებოდა. გადავწყვიტე, დამედგინა მიზეზი. ანალიზებში გამოჩნდა, რომ ცერეაქტიული ცილა იყო მაღალი. გავაგრძელე კვლევა და ფილტვებში გამოჩნდა ჩრდილები. ცხადი იყო, ბიოფსიას უნდა გადაეწყვიტა ჩემი დიაგნოზი. დადგინდა, რომ ჰოჯკინის ლიმფომა მქონდა. ჯერ სხივური და ქიმიოთერაპიით დავიწყე მკურნალობა, მაგრამ რიგ პრეპარატზე ალერგიული აღმოვჩნი, ზოგი პრეპარატი კი არ მშველოდა. ბოლო გზა იყო ღეროვანი
უჯრედის გადანერგვა.
ძალიან რთული პერიოდი გვედგა მთელ ოჯახს. განაჩენივით ჟღერდა თავიდან ჩემი დიაგნოზი. ახლობლები, მეგობრები, ნათესავები – ყველანი ეუბნებოდნენ ჩემ ოჯახს, რომ საზღვარგარეთ უნდა წავეყვანე, რადგან საქართველოში დავიღუპებოდი. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ცუდად ვიყავი, სწორედ მე გადავწყვიტე, არსად წავსულიყავი მანამ, სანამ საქართველოში არ მოვივლიდი ყველა კლინიკას. თუ ამ ქვეყანაში ვერ ვიპოვიდი ექიმთა გუნდს, რომლის ნდობაც გამიჩნდებოდა, მერე რა გზა მექნებოდა წასვლის გარდა. ნიუ ჰოსპიტალსში, ექიმ ჰემატოლოგ მარიკა ზარანდიასთან მივედი და საუბარი დავიწყეთ თუ არა, მივხვდი, რომ მისი ნდობა გამიჩნდა და ის ადამიანი იქნებოდა, ვისაც ჩემს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ვანდობდი. საუბრობდა კონსტრუქციულად, მშვიდად, იყო ყურადღებიანი, თბილი. წამითაც არ მინანია, რომ მას ვანდე ჩემი სიცოცხლე, პირიქით, ახლა უკვე ფაქტებით და გააზრებულად ვიცი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ღამითაც რომ გავხდე შეუძლოდ, ვიცი, მაშინაც მიპასუხებს და მიპატრონებს.
სასწაულად მაგარი გუნდი ჰყავს კლინიკას, პროფესიონალი, უახლესი, თანამედროვე აპარატებით მუშაობენ და ოპერაცია ზედმიწევნით კარგად ჩატარდა. თვეზე მეტი დრო დავყავი ნიუ ჰოსპიტალსში და შვილივით, დასავით, დედასავით მივლიდნენ. კვებაც ძალიან კარგი ჰქონდათ, რაც მთავარია, ზუსტად მორგებული პაციენტზე და მის საჭიროებებზე.
გამორჩეული მადლობა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრის მთელ გუნდს, არ ვიცი, როგორ მოახერხეს ამდენი პროფესიონალი ექიმის თავმოყრა.
კიდევ ორ რამეს გამოვყოფ, სისუფთავეს და კეთილგანწყობას. მთელი ის დრო, რაც იქ დავყავი, ყოველდღე მიკვირდა, როგორ ახერხებენ სისუფთავის ისე დაცვას, რომ დღის და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში წკრიალებს კლინიკა. მიუხედავად იმისა, შენი ექიმია, თუ არა, იცნობ, თუ არა, ნებისმიერი, სანიტრით დაწყებული რეგისტრატურის თანამშრომლით დამთავრებული – კეთილგანწყობილი და ყურადღებიანია, ამას წარმოუდგენლად დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტისთვის.
რაც მთავარია, ოპერაცია სრულად დამიფინანსა სახელმწიფომ, ახლაც, დღესაც მიფინანსდება ანალიზები და მედიკამენტები. მინდა ყველამ იცოდეს, საქართველოშიც არიან პროფესიონალი ექიმები. მინდა ვუთხრა ადამიანებს, ვინც ახლა იწყებს ბრძოლას ავ სენთან, ეს არაა განაჩენი, ენდეთ ქართველ ექიმებს. მე რეაბილიტაცია უკვე თითქმის გავიარე და სულ მალე დავუბრუნდები ჯანსაღ, ჩვეულ ცხოვრების წესს.
ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას.
(R)
კომენტარები