პენტაგონის სპიკერი, ჯონ კირბი კრეისერ МОСКВА-ზე აფეთქებას ადასტურებს, თუმცა მისი ჩაძირვის შესახებ ინფორმაციას არა. ამის შესახებ მან CNN-თან ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ-მ ჯერ არ იცის, ხომალდს უკრაინული რაკეტები მოხვდა თუ არა.
“ჩვენ არ ვართ ბოლომდე დარწმუნებული, რა მოხდა აქ. ჩვენი შეფასებით, იყო აფეთქება – მინიმუმ ერთი აფეთქება ამ კრეისერზე. საკმაოდ ძლიერი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა МОСКВА-ს”.- თქვა მან.
კირბი ამბობს, რომ ხომალდს დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლია და ის, სავარაუდოდ, სევასტოპოლში გაჩერდება სარემონტოდ. მისივე თქმით, ხომალდი ოდესიდან სამხრეთით 96 კმ-ში იყო, რამდენიმე სხვა რუსულ გემთან ერთად.
“აფეთქება საკმარისად ძლიერი იყო, რომ ჩვენ შევნიშნეთ, რომ სხვა საზღვაო ხომალდები მის სიახლოვეს ცდილობდნენ დახმარებას, მაგრამ ეს ალბათ არ იყო საჭირო”.- ამბობს კირბი.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალების კრეისერი МОСКВА ჩაიძირა.
13 აპრილს უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, იმის შესახებ,რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების კრეისერ Москва-ს ნეპტუნის ტიპის რაკეტები მოარტყეს. ინფორმაცია მედიას ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა, მაკსიმ მარჩენკომ მიაწოდა. ასევე, მისი თქმით, ეს ის გემია, რომელიც კუნძული ზმეინის მცველებმა ცნობილი მიმართულებით გაუშვეს.
“დამტკიცდა, რომ სარაკეტო კრეისერი Москва დღეს სწორედ იქ წავიდა, სადაც კუნძული ზმეინის ჩვენმა მესაზღვრეებმა გაუშვეს!”. – თქვა მარჩენკომ.
არესტოვიჩის ინფორმაციით, სარაკეტო კრეისერზე ეკიპაჟის 510 წევრი იყო. მოგვიანებით, კრეისერზე ხანძრის გაჩენის ინფორმაცია დაადასტურა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც – მათი ცნობით, ეკიპაჟი ევაკუირებულია, ხომალდი კი სერიოზულად დაზიანდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით კი. კრეისერი МОСКВА, რომელიც, უკრაინის წარმომადგენლების ინფორმაციით, შეტევის შემდეგ ჩაიძირა, კვლავ ფუნქციონირებს.
კომენტარები