ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით საუბრისას, ამბობს:
“მთავარი პრობლემა ქვეყანაში იმუნიზაცია არაა, ვინაიდან იმუნიზაციის პროცესშიც კი ხშირია ინფიცირება და ჩვენ ვაკვირდებით დღესდღეობით სხვადასხვა ქვეყანას, რომელიც ძალიან წარმატებული იყო იმუნიზაციაში, თუმცა იქ ინფექციის გავრცელება მაინც არის. ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ჩვენ პანდემიას ვებრძოლოთ, ესაა თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცია […]
ჯანდაცვის სამინისტროს და ჯანდაცვის სისტემას არ გააჩნია ბევრი ბერკეტი. ეს ბერკეტები არის იმ საწოლფონდის მობილიზება, რისი რესურსიც ქვეყანაში არის და ეს სამუშაო მიმდინარეობს […] არ გამოვრიცხავ, რომ მსგავსი ღონისძიებები [საველე ჰოსპიტლები] საჭირო გახდეს.”
სავარაუდოდ, მინისტრს უნდოდა გაემეორებია, მაგალითად, გიორგი ფხაკაძის სიტყვები, რომლებიც მან “ალიასთან” თქვა რამდენიმე კვირის წინ, იმედია, მინისტრმა უბრალოდ თავი ვერ მოაბა სათქმელს ბოლომდე და მისი სურვილი არ არის ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო დამუხრუჭება ქვეყანაში.
გიორგი ფხაკაძე:
” ვნახოთ, რაც მოხდა ისრაელში, ავიღოთ მისი მაგალითი – ისრაელი ყველაზე დიდი ვაქცინირებული ქვეყანაა, თან მოსახლეობა აცრილი ჰყავს ფაიზერით, მაინც დაიწყო რეინფიცირების პროცესი… ვაქცინაციის შემდეგ, მოხსნეს შეზღუდვები, დაიწყეს ტაშ-ფანდური, ქორწილები და ა.შ. როცა გვეუბნებიან, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი, ეს არის ტყუილი. გამოსავალი არის ვაქცინაცია + პირბადე + დისტანცია. მხოლოდ ვაქცინაცია არ არის საკმარისი, მხოლოდ პირბადე არ არის საკმარისი, და არც მხოლოდ დისტანციაა საკმარისი, სამივე ერთად. რატომ ჩავაკეტინოთ ქვეყანა? ხომ ხედავთ, რომ აქეთკენ მიჰყავთ სიტუაცია? მოდით, არ ჩავაკეტინოთ ქვეყანა და თავად მივხედოთ თავს, გავიკეთოთ ვაქცინა, გამოვიყენოთ სამედიცინო პირბადე და დავიცვათ დისტანცია. ეკონომიკურად და ფსიქოლოგიურად ვეღარ გავუძლებთ კიდევ ერთ ჩაკეტვას.”
რაც შეეხება იმუნიზაციის პროცესში ინფიცირებას – ამაზეც რამდენიმე კვირის წინ საუბრობდა გიორგი ფხაკაძე “ალიასთან” და გვეუბნებოდა, რომ სამედიცინო პერსონალის დიდი ნაწილი დაინფიცირებულია. თუ მინისტრმა ეს იგულისხმა, მაშინ, იმასაც უნდა ხვდებოდეს, რომ სამედიცინო პერსონალის აცრასა და კლინიკებში მოქალაქეების ინფიცირებაზე თავად არის პასუხისმგებელი.
კომენტარები