ანალიტიკოსი, თორნიკე შარაშენიძე, სოციალურ ქსელი, წერს:
“მელიას თემა როგორც არ უნდა განვითარდეს ერთი რამე აშკარაა.
პარლამენტის გარეთ დარჩენილი მთელი ოპოზიცია ახლა ნაცმოძრაობის გარშემო ირაზმება.
ეს დაიწყო ბოლო არჩევნებზე. მაშინ მიშამ პროგრამა-მინიმუმს მაინც მიაღწია – დაამტკიცა რომ დანარჩენი ოპოზიცია ბევრს არაფერს წყვეტს.
და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო: არჩევნების მეორე დღეს ნაცმოძრაობამ მთელი დანარჩენი ოპოზიცია გაიყვანა ქუჩაში და გაარადიკალა. ამის შედეგად ოპოზიციის დიდი ნაწილი (ნებსით თუ უნებლიეთ) ახლა ქუჩაში რჩება, ისევ ნაცმოძრაობის გვერდით.
მელიას თემა ამ პროცესის გაგრძელებაა – ოპოზიცია მას უჭერს მხარს და შესაბამისად ისევ ნაცმოძრაობას უახლოვდება.
ეს ლოგიკურიცაა. როგორც ჩანს, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ შედგება და შედეგად 2024-ში ისევ 5%-იანი ბარიერი გვექნება. ასე რომ პატარა პარტიებს პარლამენტში შესვლის შანსი მხოლოდ ნაცმოძრაობასთან ერთად ექნებათ.
მაგრამ რამდენად შეუძლია თუნდაც პატარა პარტიებით გაძლიერებულ (მაგრამ საბოლოოდ მაინც მიშასნაირ წინააღმდეგობრივი ფიგურის გარშემო დარაზმულ) ნაცმოძრაობას ოცნების დამარცხება? ეს ხომ ისევ ორპოლუსიანობის თამაშია რომელშიც აქამდე ოცნება სულ იმარჯვებდა.
ეს ბოლო პრობლემა ცხადია მიშასაც ესმის და ამიტომაც ფიქრობს ახალ ვარდების რევოლუციაზე. მაგრამ რამდენად რეალისტურია გაიმეორო 2021 (ან 2022) წლის საქართველოში ის რაც 2003 წლის საქართველოში მოხდა? ეს ხომ ის ქვეყანა აღარაა და ამაში სწორედ ნაცმოძრაობის დიდი დამსახურებაა.
ნაცმოძრაობა კი ირწმუნება რომ ქოცებმა ქვეყანა ჩამოშალეს და რომ ინსტიტუტები აღარ მუშაობს, მაგრამ აშკარაა რომ ასე დრამატულადაც არაა საქმე – სახელმწიფო ჯერჯერობით მაინც ფეხზე დგას, ყოველ შემთხვევაში იმდენად მაინც რომ მთავრობამ ახალი რევოლუცია არ დაუშვას.”
კომენტარები