“ალიას” ესაუბრება სამოქალაქო აქტივისტი, ლაშა ამირეჯიბი
– ამბობენ, რომ ვანო მერაბიშვილი „ნაცმოძრაობაში“ დაბრუნდება.
– ეგ თუ მოხდა, მიშა „ტუფლებიდან“ ამოხტება. ვანო რომ გალიდერდეს, მიშა საერთოდ გაქრება. მიშას ეს არ უნდა და ატეხავს დიდ ამბავს. ომი და უბედურება ექნებათ ლიდერობის გამო. თუ ასე მოხდა, ძალიან კარგი იქნება. აერევათ შიგნით ყველაფერი და ეს კარგია ჩვენთვის, ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის. „ნაცმოძრაობა“ რომ ამ ქვეყნის, ხალხის მტერი პოლიტიკურ–კრიმინალური ძალაა, ეს ფაქტია და რაც მეტი პრობლემები ექნებათ, მით უკეთესი. ვანოს „ნაცების“ ლიდერობის შანსი აქვს. უტვინოა, მიშა მაგაზე ბევრად ჭკვიანია, მაგრამ ვანო მიშასნაირი „ისტერიჩკა“ არ არის, მიშასნაირი დარტყმული არ არის. მოსმენა მაინც შეუძლია, მიშა არავის უსმენს. იმასაც ამბობენ, რომ მერაბიშვილი შესაძლოა „ევროპულ საქართველოში“ წავიდეს. ეს თუ მოხდა, იქ გიგა ბოკერია ლიდერობას არავის დაანებებს, არც ვანოს, არც არავის. მიშას ლიდერობა ვერ აიტანა, მიშას გაექცა და ბოკერია ვანოს დაისვამს თავზე? ვფიქრობ, ბოკერია ახლოს არ გაიკარებს ვანოს. თუმცა, ვანოს დიდი ფული აქვს და ამ ფულით, შესაძლოა, იყიდოს პოლიტიკაში გავლენიანი ადგილი, მიშასთანაც და ბოკერიასთანაც, ეს დასაშვებია. არ ვიცი, ძნელი სათქმელია, საით წავა ვანო. თუ ჭკუა აქვს, უნდა დაჯდეს სახლში და პოლიტიკას საერთოდ არ უნდა გაეკაროს ახლოს. ან წავიდეს და გადაიკარგოს სადმე. თუმცა, როგორც ჩან, ამას არ აპირებს. ეს ციხიდან გამოვიდა თუ არა, ეგრევე განაცხადა. არც ის არის გამორიცხული, ვანომ თავის ნათესავთან და ყოფილ მოადგილესთან ერთად, ახალი პოლიტიკური პარტია შექმნას. ამირან მესხელს ვგულისხმობ, რომელსაც იშვიათად თუ ახსენებს ვინმე, მიუხედავად იმისა, რომ ათასი უბედურება აქვს ჩადენილი, თავის დროზე კუდ–ი და სოდ–ი ექვემდებარებოდა და ვანოს სისხლიან დავალებებს ცალკე ასრულებდა, ცალკე თვითონ იყო დავალებების შემკვეთი. ამირან მესხელი ევროპაშია, სხვებისა არ ვიცი, მაგრამ რაც თვითონ და ვანო მერაბიშვილმა ფული იშოვეს საქართველოში, იმ ფულს პატრონობს. მესხელი არ გამოჩნდება, ეს ნაღდია, მაგრამ ერთად შეიძლება შექმნან პარტია. არც იმას გამოვრიცხავ, რაღაც არასამთავრობო შექმნან და ვანო იყოს შეფი. ისეთი არასამთავრობო, პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას რომ მოახდენს. მოკლედ, თუ პოლიტიკაში დაბრუნება უნდა, ამის ფინანსური რესურსიც აქვს და რამდენიმე გზაც.
აქ ერთსაც ვიტყვი. რამდენად გამოუვა ვანოს „ნაცმოძრაობის“ ლიდერობა, ეგ არ ვიცი, მაგრამ ამ ხელისუფლებას ეგ ვარიანტი აწყობს. ვანო შეიძლება გააქტიურო, აქციო ბუად და დარჩეს ბუად, საფრთხე არ შეგიქმნას და აკონტროლო ბოლომდე. ვანო ამაზე წამომსვლელია. მიშაც ბუაა, მაგრამ ხელისუფლების კონტროლქვეშ არ არის. მიშა, შეიძლება რეალურ საფრთხედ ექცეს ხელისუფლებას და მართლა ბუად გადაიქცეს. მიშას მხარს უჭერს ჯო ბაიდენი და მისი ხალხი ამერიკაში, რომლებიც ჰილარი კლინტონისა და მისი თანამოაზრეების ულტრალიბერალური იდეების გამგრძელებლები არიან. მიშა ბიძინას მართული არ იქნება, ეს გამორიცხულია. ამიტომ, „ნაცმოძრაობის“ ლიდერად ისეთი კაცი სჭირდება „ოცნებას“, რომელიც მასზე იქნება დამოკიდებული, დღეს კი ასეთი შანსი ვანო მერაბიშვილია. როგორც გიგა ბოკერიაა „ევროპულ საქართველოში“, ეგეთი. თუმცა, მიშას გადაგდება და ვანოს დასმა მის ადგილას, ვანოს გალიდერება ურთულესი საქმე იქნება. მიშას ამერიკიდან მხარდაჭერის გათვალისწინებით, ალბათ შეუძლებელიც. ჯო ბაიდენი დღეს მიშასთვის იგივეა, რაც ჯონ მაკკეინი იყო თავის დროზე. ახლა ამერიკის ყოფილი ვიცე–პრეზიდენტი და დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობის ყველაზე რეალური კანდიდატი მამობილობას რომ გიწევს, ეს უკვე დიდი ამბავია, დიდი ფორა და კოზირია. მიშამ კიდევ იცის კოზირების გამოყენება.
– ამბობენ, რომ პოლიციელთა ერთი ნაწილი დიდი სიხარულით შეხვდა ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას, ზოგმა რესტორნები დახურა და ფეხზე ადგომით კი არადა, სკამზე დგომით სვამდნენ ვანოს სადღეგრძელოსო. უკვე გავრცელდა ხმები, რომ ვანოს შეუძლია პოლიციაში დესტაბილიზაციის შეტანა საბოტაჟისა და სხვა გზებით. დავუშვათ, მერაბიშვილმა მართლა გადაწყვიტა ოპოზიციონერობა, არ გაურიგდა ხელისუფლებას, ან გაურიგდა და მერე გიგი უგულავასავით გამოვიდა კონტროლიდან, დამოუკიდებელი თამაში დაიწყო. შეძლებს პოლიციის დესტაბილიზაციას იმდენად, რომ ეს სტრუქტურა ხელისუფლებას არ დაემორჩილოს, პოლიციელებმა შს მინისტრის ბრძანებები არ შეასრულონ?
– არა, არა მგონია, რომ ამის გაკეთების ძალა შესწევდეს, სულ სამკვდრო–სასიცოცხლოდ რომ გადაეკიდოს ხელისუფლებას. კი, ბევრია პოლიციაში მისი მადლიერი, ბევრი უზრუნველად ცხოვრობდა მისი მინისტრობის დროს, მაგრამ ის დრო აღარ დაუბრუნდებათ. ვანო ვერ აურევს სიტუაციას პოლიციაში.
ლევან ჯავახიშვილი
ალია №7
კომენტარები