გიორგი ჯავახაძე
“ალიას” ყოფილი ძალოვანი ესაუბრება, რომელიც, გასაგებ მიზეზთა გამო, ვინაობის გასაჯაროებისგან თავს იკავებს:
“მიშას საკითხი ისევე უცებ გადაწყდება, როგორც გამოჩნდა ქვეყანაში, როგორი მოულოდნელიც იყო, საქართველოში გადაღებული მისი ლაივების გამოჩენა, ასევე მოულოდნელი იქნება შემდეგი ნაბიჯებიც. შესაძლოა, ვიღაცები თვლიან, რომ ის უშიშარია, მაგრამ ასე სულაც არ არის, ის უბრალოდ ჯიუტია და არა უშიშარი და ამის გამიჯვნაა საჭირო. ის შეიძლება ჯიბრის გამო, მოკვდეს კიდეც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ არ ეშინია.
როცა საქართველოში შემოვიდა, ჩემი ინფორმაციით, მას რამდენიმე ქვეყნის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლები ახლდნენ, სხვათა შორის, ყველა ჯგუფმა თავისი მარშრუტი გამოიყენა, არც ერთი არ ჩამოსულა ერთი და იგივე გზით, ზოგი ხმელეთით შემოვიდა, ზოგი აეროპორტით და ზოგი ზღვით. მათ ქვეყანა მიშას დაკავების მერე დატოვეს. დაკავებამდეც თვალყურს ადევნებდნენ და დაკავების პროცესსაც. ციხემდე მიჰყვნენ მის კვალს. იგივე მოხდა გლდანის ციხიდან გორის ჰოსპიტალში გადაყვანის დროს, იმ დღეებშიც არაერთი ჯგუფი (2-3 კაციანი) ჩამოვიდა ქვეყნაში, მათ მიაცილეს იგი კლინიკამდე.
მიუხედავად იმისა, რომ მიშა აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას, მისი ჩამოსვლა ბევრისთვის ძალიან მოულოდნელი იყო, ხომ? რატომ? იმიტომ რომ ბევრჯერ თქვა, ჩამოვდივარო. ახლაც, იმდენჯერ დააძახებინეს ოცნებას და მის სუსს “არიქა, მგელი, მგელიო” და მელია შერჩათ ხელთ, რომ მართლა როდის გამოჩნდება ეს მგელი, უკვე აღარავინ იცის.
მიშა თავის გეგმებში ერთ სწორს იტყვის და ბევრ ცრუ მანევრს გააკეთებს თან, ამიტომ ძნელია იმის განსაზღვრა, როდის და როგორ მოხდება მისი საკითხის გადაწყვეტა. დააკვირდით, უკვე მიშას ჩამოყვანილ “200 კბილებამდე შეიარაღებულ სპეცრაზმელზე” და სამეგრელოში გადამალულ იარაღზე საუბრებიც მიწყდა და ოცნების მობილიზებული სპეცრაზმიც ნელ-ნელა მოდუნდა, რადგან, ისინი უკვე გადაღალეს მუდმივი მოლოდინის რეჟიმით, მოულოდნელობა მიშას მთავარი იარაღია. ვნახოთ, როგორ და როდის გამოიყენებს ამ იარაღს. უნდა ვაღიაროთ, მას საერთო მოლოდინის პირობებშიც და წინასწარ დაანონსებული გეგმის პირობებშიც კი შეუძლია მოულოდნელობის ეფექტის შექმნა.
აქვე კიდევ ერთს გეტყვით, ბიძინამ მიშას უკვე შესწირა კობახიძე, ღარიბაშვილი და იუსტიციის მინისტრი. რამდენს გაიმეტებს კიდევ თავისი გუნდიდან? რამდენად ხედავენ მისი გუნდის წევრები, რომ ბიძინამ ისინი უკვე მხვერპლად შესწირა და რას გააკეთებენ, თავის გადასარჩენად ბოლო წამს? დღეს, ეს ადამიანები მეტად საშიში არიან ქვეყნის მშვიდობისთვის, ვიდრე ნებისმიერი დესტრუქციული ძალა და იმედია, ვინმეს გათვლილი აქვს ეს სერიოზული რისკი.”
კომენტარები