ვრცელდება მიხეილ სააკაშვილის ძმების საგანგებო განცხადება, ოჯახი რეგიონებში ჩასვლას აანონსებს. სააკაშვილები ხვალიდან დაიწყებენ შეხვედრებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო სექტორთან. დღევანდელი განცხადებიდან ირკვევა, რომ პრეზიდენტის ოჯახი 6 მაისს, ბათუმში დაგეგმილ აქციასაც შეუერთდება.
“სიტუაცია არის ზეკრიტიკული, იღებს მხოლოდ წყალს”.
“გეგმა ასეთია – ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ხვალიდან აქტიურად დავიწყებთ საუბარს ყველასთან, პირველ რიგში, უნდა ვისაუბროთ ექიმებთან, უნდა დავიწყოთ საუბარი საპატრიარქოსთან, გვაქვს ასევე სიგნალები, რომ შეიძლება, პატივი დაგვდოს უწმინდესმა და გამოგვიყოს დრო, რათა მას ავუხსნათ ჩვენი ძმის, მიშას, მდგომარეობა.
გავაგრძელებთ შეხვედრებს არასამთავრობო სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. უფრო მეტიც, ჩვენ ვაანონსებთ უწყვეტ აქციებს, რომლებსაც ამ შეხვედრების შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დავიწყებთ. თუ საჭიროა, მოვიწვევთ მასშტაბურ აქციასაც. აქციის თარიღს უახლოეს დღეებში გავახმოვანებთ”, – თქვა დავით სააკაშვილმა.
ამასთან სააკაშვილების თქმით, ხელისუფლების ქილიკი ამორალურია. ისინი მზად არიან, საქმეში საერთაშორისო მედიკოსები ჩაერთვნენ.
მესამე პრეზიდენტის ოჯახი აცხადებს, რომ ისინი მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასა და მისი საზღვარგარეთ, სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ.
კომენტარები