„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გია ბარამიძე:
„მიშას შიმშილობის შეწყვეტის აუცილებლობაზე, მიშას (გულწრფელ მომხრეებში) მომხრეებში აზრი ორად გაიყო, ერთნი ვამბობთ, რომ რეფერენდუმზე გამარჯვების მოპარვის შემდეგ ბრძოლის ახალი ეტაპი – “მშვიდობიანი რევოლუცია” დაიწყო და ამიტომ ამ ბრძოლას, როგორც არასდროს, სჭირდება მიშას ლიდერობა, ამიტომ იგი ვალდებულია იცოცხლოს (და ამისათვის შიმშილობის შეწყვეტა აუცილებელია) და ჯანმრთელმა ულიდეროს ქართველ ხალხს, მეორენი (ჩემი დიდი და გულწრფელი პატივისცემა მათ) ამბობენ, რომ მიშასთვის ამის თხოვნა არ შეიძლება, ან არ არის სწორი, რადგან თუ მან შიმშილობა შეწყვიტა, ეს მის “დანებებას” ნიშნავსო.
და ამასობაში (ჯვარი წერია) რომ მოკვდეს (რისი ალბათობაც როგორც მისმა ექიმმა, ნიკა ყიფშიძემ მითხრა მაღალია) მერე რას ვშვებით?
როცა მე და ბევრი სხვა, ჩვენი პარტიის ლიდერი (ნიკა მელია, ეკა ხერხეულიძე და სხვები) თუ საზოგადოების უამრავი წევრი, მას შიმშილობის შეწყეტისკენ (და მისი სიცოცხლის შენარჩუნებისკენ) მოვუწოდებთ, განა ჩვენ მისი “დანებება” ან საქართველოს მტრის წინააღმდეგ მისი ბრძოლის შეწყვეტა გვინდა?
რა თქმა უნდა არა, ეს მის მართლაც პოლიტიკურ სიკვდილს ნიშნავს და ეს არავის გვინდა, ისევე როგორც, მიშას გულწრფელი გულშემატკივრების მეორე ნაწილს, არ უნდა მისი ფიზიკური სიკვდილი.
მიშას სიკვდილის რომ არ ეშინია, ეს ნათელია 2003 წლიდან, დაწყებული ვარდების რევოლუციიდან და იმის შემდეგ სულ და უწყვეტად, (დღემდე) როცა თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს ჯიუტად და უსწრაფესი ტემპებით, აშენებდა და ამით პუტინის სამიზნე გახდა. ეს საფრთხე დღითი დღე იზრდებოდა მთელი ეს პერიოდი, როცა საქართველოსა და შემდეგ უკრაინაში, ანტიპუტინური ევროპული (მე ვიტყოდი მსოფლიო) პოლიტიკური ძალების მთავარი ლიდერი გახდა და ამ ბრძოლაში იგი უკან დახეული არავის უნახავს. და ზუსტად ვიცი ვერც ვერავინ ნახავს.
ცხადია იგი ახლაც, როგოგორც პუტინის პირადი პოლიტიკური პატიმარი, ივანიშვილის დილეგში გამოკეტილი, ამ შიმშილობითაც ამ ბრძოლას აგრძელებს და ყველა მოქალაქეს (განსაკუთრებით პოლიტიკოსებს) სამშობლოსთვის უანგაროდ და უშიშრად თავდადების მაგალითს გვაძლევს და უშიშრობისა და თავგანწირვის გაკვეთილს კიდევ ერთხელ გვიტარებს.
მაგრამ ეს ბრძოლა საქართველოში პუტინის “ნამესტნიკის” რეჟიმის დამარცხებაზეც გადის და თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი ახლა ამ ბრძოლაშია ჩართული და მიშა კი ამ პროცესის უდაო და უკონკურენტო ლიდერია (გნებავთ უმაღლესი მთავარსარდალია) და ნათელია, რომ იგი ცოცხალი და ქმედუნარიანი გვჭირდება ყველას, მის მშვიდობიან სამოქალაქო ჯარს.
ქართველებს არ გვაქვს მისი სიცოცხლის სასწორზე (როგორც ახლაა) დატოვების ფუფუნება და უფლება, ისევე როგორც არც მიშას არ აქვს უფლება, შიმშილობით მოკვდეს.
დიახ, მიშას არ აქვს უფლება შიმშილობით მოკვდეს!
რადგან მაშინ ეს ნიშნავს, რომ იგი ამით ქართველი ხალხს ამ ბრძოლაში მიატოვებს.
და რას ნიშნავს როცა გახურებულ ბრძოლაში მთავარსარდალი გიკვდება, ყველამ (მეტ ნაკლებად) ვიცით.
მიშას არ აქვს უფლება მოკვდეს და უმაღლესი მთავარსარდლის ადგილი ცარიელი და მისი ჯარი დემორალიზებული და ფაქტიურად დასამარცხებლად განწირული დატოვოს!
ამიტომ, რადგან ექიმები გვეუბნებიან, რომ ფაქტიურად მან სიცოცხლისთვის დიდი რისკის კრიტიკული ხაზი უკვე გადაკვეთა და ყოველ წამს შეიძლება უბედურება მოხდეს, ქართველს ხალხს (ყველას ჩვენ ერთად და არა დაყოფილებს) ერთადერთს დედამიწაზე ვისიც მიშას სჯერა და ვისაც შეიძლება და ვალდებულია დაემორჩილოს, აქვს უფლება მიშას უბრძანოს (კი არ თხოვოს, უბრძანოს) “არ მოკვდეს!”
და როგორც მიშამ უბრძანა რომა შამათავას “შეწყვიტე შიმშილობაო” რომას (როგორც ნამდვილი პატრიოტი ოფიცრის) ლაკონური პასუხი (სრულიად ლოგიკური) იყო :
“არის ბატონო პრეზიდენტოო”,
აი ზუსტად ასევე შეუძლია ქართველ ხალხს, რომ უბრძანოს მიშას შეწყვიტოს შიმშილობა, რომ გადარჩეს და მაშასადამე შეძლოს (სადმე გვერდზე გადგომა ან დანებება კი არა) ქართველი ხალხის სამართლიანი ბრძოლის წინ გაძღოლა გააგრძელოს და მისი მთავარსარდლობით ჩვენი დიდი ბრძოლა გამარჯვებამდე მიიყვანოს.
თუ ამ აზრში და მიზანში, მიშას მეგობრები და თანამებრძოლები, ერთად დავდგებით, მაშინ ყველას ერთად, ნამდვილად გვექნება ქართული საზოგადოების პატრიოტული (და პუტინიზმთან მებრძოლი) ნაწილის სახელით საუბრის და მიშასადმი “ბრძანების” გაცემის უფლება და მაშინ დიდი შანსია (დიახ დიდი შანსია და არა გარანტია, რადგან მიშა შეიძლება მაინც რაღაცას სხვაგვარად უყურებდეს მის როლთან მიმართებაში) მიშამ ქართველი ხალხის ეს “ბრძანება” შეასრულოს.
ამის შემდეგ, კი ცხადია ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა მიშას სამოქალაქო მულტიპროფილურ კლინიკაში გადასაყვანად და უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად.
დარწმუნებული ვარ, ცოცხალი და ჯანმრთელი მიშას ლიდერობით (უმაღლესი მთავარსარდლობით) ქართველი ხალხი ივანიშვილის ბანდასაც დაამარცხებს და საქართველოს განვითარების ისეთ გზაზე დააყენებს, რაც ნატოსა და ევროკავშირშიც გაგვაწევრიანებს, საქართველოს გააერთიანებს და განვითარებულ, ქართულ, მაშასადამე ევროპულ ქვეყნად აქცევს.
აი მერე გვექნება უფლება როგორც გვინდა ისე მოვკვდეთ. მანამდე შეიძლება მხოლოდ მტრის ტყვიით მოვკვდეთ ამ იდიალებისა და მიზნებისთვის ბრძოლაში.“
კომენტარები