აშშ-ში მცხოვრები ექიმი ზურაბ გურული:
„მარტივი იურიდიული აქსიომები პატიმარ ექს-პრეზიდენტთან დაკავშირებით:
———————————–
მიუხედავად იმისა, რა ბრალდებითაც არ უნდა ჩაესვათ მიხეილ სააკაშვილი ციხეში, ის იმსახურებს უპირობო გათავისუფლებას, რადგან:
ა) სახელმწიფომ უპატიებლად შელახა მისი უფლებები, როგორც პატიმარის, ასევე პაციენტის სტატუსში;
ბ) დადასტურებულად აწამა და აწამებს ფსიქოლოგიურად, რაც გამოიხატება პატიმრისა და მისი ოჯახის მუდმივ შეურაცხყოფაში სახელმწიფოს უმაღლესი ოფიციალური პირების მიერ;
გ) სახელმწიფოს მიერ პატიმარი პაციენტის სამკურნალოდ გამოყოფილი სამედიცინო გუნდი იყო და არის აბსოლუტურად არაკომპეტენტური და მათ მიერ ჩატარებული ე.წ. მკურნალობა კი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საშიში. მხოლოდ ერთი მაგალითია ამის დასამტკიცებლად საჭირო: პარენტერალური კვების შეთავაზება ადამიანისათვის, რომელსაც შეუძლია პერორალურად საკვების მიღებაც და მონელებაც.
გარდა ამისა, დიაგნოზის ვერდასმა და სხვადასხვა კლინიკური ჰიპოთეზებით ჟონგლიორობა ასევე მიუთითებს არაკომპეტენტურობაზეც და გამიზნულ პროფესიულ გულგრილობაზეც;
დ) პატიმარი პაციენტის წონის კლება კლინიკური თვალსაზრისით არის მკვეთრად საგანგაშო საზღვრებში და არც სამედიცინო და არც იურიდიული თვალსაზრისით არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ რა მიზეზით მოხდა ეს ფაქტი. უფრო მეტიც, ე.წ. სიმულაციაც, თუ ის ჯანმრთელობისათვის ეგზომ საშიშ “ტერიტორიაზე” შესვლას იწვევს, ითვლება სერიოზულ ფსიქიატრიულ პრობლემად, რაც შესაბამის მკურნალობას საჭიროებს;
ე) სტრასბურგის სასამართლომ ადექვატურად ვერ განსაზღვრა პატიმარი პაციენტის კლინიკური მდგომარეობა, რადგან მათთვის მიწოდებული საქმე იყო ქაოსური, ჩამოუყალიბებელი, შეუსაბამო იურიდიული და კლინიკური აქცენტებით.
კერძოდ, კლინიკური აქცენტი უნდა ყოფილიყო მძიმე ფსიქოლოგიური წამების საფუძველზე განვითარებული ცენტრალური ნერვული სისტემის ტოტალურ მოშლილობაზე , აქედან გამომდინარე ორგანოთა სასიცოცხლო ფუნქციების სიცოცხლისათვის საშიში დარღვევებით და არა დახუნძლული ნაირნაირი ეგზოტიკური დიაგნოზებით, რაშიც პროფესიონალ მედიკოსსაც კი გაუჭირდებოდა გარკვევა.
იურიდიული აქცენტი კი უნდა გაკეთებულიყო სახელმწიფოს არაკომპეტენტურობაზე, ადექვატურად მოპყრობოდა პატიმარ-პაციენტს (იხილეთ ზემო პუნქტები).
——
1. პრეზიდენტი ზელენსკი მოიქცა აბსოლუტურად მართებულად, როცა საქართველოს ელჩს დაავალა პრობლემის სასწრაფო მოგვარება, რადგან უკრაინის სახელმწიფო და საერთაშორისო სამართალი პატიმარი ექს-პრეზიდენტის საქმეს განიხილავს ზემოთ აღნიშნულ იურიდიულ ჭრილში და თუ და როდესაც უკრაინა ოფიციალურად უჩივლებს საქართველოს მისი მოქალაქის მიმართ უკანონო და სასტიკი მოპყრობისათვის, აქცენტებიც ზუსტად ამ საკითხებზე გაკეთდება.
2. ქართული პოლიტიკური სპექტრის იმ წარმომადგენელთა კომენტარები, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტების დომინანტობას უგულებელჰყოფენ, არის არაკომპეტენტური, არაპროფესიონალური, ინფანტილურ-პრიმიტიული და მათ განხილვას არავითარი იურიდიული და პოლიტიკური მნიშვნელობა არ გააჩნია.
სასურველია, ოპოზიციური მედიის წარმომადგენლებმა გაიაზრონ ეს ფაქტი და ნუ აავსებენ ეთერს უაზრო ლაზღანდარობით. ეს სერიოზული თემაა და პირდაპირ ეხება საქართველოს სახელმწიფოს პრესტიჟს!“
კომენტარები