“ქართული ოცნების” დეპუტატი, გივი მიქანაძე პარტია “გახარია საქართველოსთვის” განცხადებას, რომლითაც ყოფილი პრემიერის გუნდი ე.წ. ციხის ამბოხის საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს, პასუხობს და წერს:
“გასული დღეების განმავლობაში გახარიას პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერდა გარკვეული ბრალდებები, რომელიც დეზინფორმაციულ ხასიათს ატარებს.
პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად არასერიოზული იქნება ჩემი მხრიდან, კომენტარი გავაკეთო ჭორიკანა პოლიტიკოსებზე, რომლებიც მოღალატე გახარიას მიეკედლნენ და ცდილობენ სრულიად აბსურდული ინფორმაციის გავრცელებას. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი საზოგადოების მიმართ მაქვს უდიდესი პატივისცემა და არ მინდა, რომ საზოგადოება შეცდომაში იყოს შეყვანილი, მსურს გავაკეთო საზოგადოებისთვის განცხადება იმის თაობაზე, რომ
მე არასოდეს დამიმალავს, რომ 2005 წლის ოქტომბრიდან 2008 წლის იანვრამდე ვიყავი იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თუმცა, სრულიად დეზინფორმაციულია და სიმართლეს არ შეესაბამება არაერთი განცხადება, რომლებიც წლების განმავლობაში ისმის სხვადასხვა დროს, რომ თითქოს, მე ვიყავი ზურაბ ადეიშვილის მოადგილე. არასოდეს ზურაბ ადეიშვილის მოადგილე მე არ ვყოფილვარ და ეს მარტივი გადასამოწმებელია. აქაც ჩანს ამ ადამიანების დესტრუქციული და მიზანმიმართული კამპანიის კომპონენტი, რომელსაც ცდილობენ, რომ საზოგადოებაში მიზანმიმართულად გაავრცელონ.
მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არასოდეს ვყოფილვარ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. როდესაც შემომთავაზეს იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოზიცია, მაგ დროს ვმუშაობდი საერთაშორისო ორგანიზაციაში, იქიდან გადავედი და ჩემი ერთ-ერთი მიმართულება და საქმიანობა უკავშირდებოდა პენიტენციურ სისტემაში პატიმართა რესოციალიზაციას – ეს მინდა ხაზგასმით აღვნიშნო. რაც შეეხება ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ბუნტთან დაკავშირებით თურმე, მე ვიღებდი რაღაც გადაწყვეტილებებს, აბსურდულია, მარტო იმიტომ, რომ ბუნტის დაწყების დღეს, ელემენტარულად მე ვიყავი მივლინებაში და ამის შესახებ არსებობს მინისტრის მიერ ოფიციალურად გამოცემული ბრძანება.
ამიტომ, ამ ჭორიკანა პოლიტიკოსებს მოვუწოდებ, აუცილებლად შეიტანონ რაც მოფიქრებული აქვთ, უსაფუძვლო და სრულიად აბსურდული დოკუმენტი პროკურატურაში. თვითონვე იციან, რომ ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს, მაგრამ, მათი ერთადერთი მიზანია, რომ მმართველ გუნდს როგორღაც ტალახი ესროლონ.
შესაბამისად, ამ შემთხვევაში, იმდენად დისკრედიტირებული არიან, იმდენად არაფერი აქვთ სათქმელი საზოგადოებისთვის, რომ ცდილობენ, რაღაც აბსურდული თეორიების შექმნას და ამით საზოგადოების მოტყუებას. მე მზად ვარ სამართალდამცავ ორგანოებთან ვითანამშრომლო, აბსოლუტურად პასუხისმგებელი ვარ ნებისმიერი ჩემს გადაწყვეტილებაზე და ნაბიჯზე. კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, რომ ჭორიკანა პოლიტიკოსების განცხადებას არ ვეხმაურები, პატივს ვცემ ჩვენს საზოგადოებას და არ მინდა, რომ საზოგადოებაში ცრუ ინფორმაცია იყოს გავრცელებული”, – წერს მიქანაძე.
შეგახსენებთ, გახარიას გუნდი პროკურატურას მოუწოდებს, დაიწყოს გამოძიება „ქართული ოცნების” დეპუტატის, გივი მიქანაძის წინააღმდეგ. პარტია „საქართველოსთვის” წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე 2006 წლის 27 მარტს სასჯელაღსრულების მე-5 დაწესებულებაში მომხდარ ციხის ბუნტზე ისაუბრა.
“რაც შეეხება გივი მიქანაძეს, ის როდესაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ გადაუხვია იმ ფასეულობებს, რომელსაც თავის დროზე ხალხის მხარდაჭერა ჰქონდა, ის გადადგა თანამდებობიდან, იყო წასული საზღვარგარეთ და მუშაობდა საზღვარგარეთ.”
თუმცა, დეკლარაციების მიხედვით, იმ პერიოდში, გივი მიქანაძე იუსტიციის მაღალჩინოსანი იყო.
თავად, გივი მიქანაძეც აცხადებს:
“მე არასოდეს დამიმალავს, რომ 2005 წლის ოქტომბრიდან 2008 წლის იანვრამდე ვიყავი იუსტიციის მინისტრის მოადგილე.”
გივი მიქანაძე აცხადებს, რომ არასოდეს იყო “ნაციონალური მოძრაობის” წევრი და სავარაუდოდ, ამის უკან ისიც უნდა ვიგულისხმოთ (ყოველ შემთხვევაში, პარლამენტის მოადგილე ამას ამტკიცებს), რომ ნაციონალური მოძრაობის არც იდეოლოგიას იზიარებდა, ამ შემთხვევაში, იქნებ, ისიც ახსნას, როგორც მოხდა, რომ პირი, რომელიც არ იზიარებდა მაშინდელი მთავრობის იდეოლოგიას, მოხვდა ასეთ მაღალ თანამდებობაზე – ამდენად გამართულად მუშაობდა 2005–2008 წლებში სისტემა?
გივი მიქანაძე ამბობს, რომ იგი ციხის ბუნტის დროს იყო მივლინებაში, ცნობისთვის, 2006 წელსაც 21–ე საუკუნე იყო და მივლინებაში მყოფ პირთან კონტაქტი, – მყისიერად და თავისუფლად იყო შესაძლებელი. დაზღვეულ წერილს და დეპეშას, ცხადია, არავინ გაუგზავნიდა – სავარაუდოდ, გივი მიქანაძეს იმის დამტკიცებაც შეეძლება (?), რომ მას არც ერთი საუბარი არ ჰქონია უწყებასთან, რაც, პირიქით, ძალიან უცნაური იქნებოდა, ციხის ბუნტის მოვლენების და იმის გათვალისწინებით, რომ იმ პერიოდისათვის მინისტრის მოადგილე ბრძანდებოდა.
გივი მიქანაძე აცხადებს, რომ პენიტენციურ სისტემაში ის იყო პასუხისმგებელი პატიმართა რესოციალიზაციაზე – რაკი ის ამ თანამდებობაზე დარჩა 2008 წლის დასაწყისამდე, ალბათ, თვლიდა, რომ 2005–2008 წლებში საშუალება ეძლეოდა პატიმართა რესოციალიზაციის? ისევე, როგორც, ალბათ, შეუძლია დაამტკიცოს, რომ როგორც მინისტრის მოადგილეს, მხოლოდ ეს პასუხისმგებლობა ჰქონდა? გივი მიქანაძე, თუ მართლა თვლის, რომ 2005–2008 წლებში პატიმრებს, თუნდაც, რესოციალიზაციის პრობლემები არ ჰქონდათ და პასუხისმგებლობას თავს კარგად ართმევდა დაკისრებულ მოვალეობას, რა აზრი აქვს, რომელ პარტიაშია იყო გაწვერიანებული და იყო, თუ არა, გაწევრიანებული?
ბატონ გივის ამ კითხვებზე პასუხები თუ ექნება, მასალა განახლდება.
კომენტარები