თბილისის მერი კახა კალაძე ბიზნესკომპანიებს მიმართავს, დასაქმებულები სამსახურიდან ხელფასის გარეშე არ დაითხოვონ.
„მინდა, მივმართო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს: პრემიერმა ისაუბრა ამასთან დაკავშირებით და მეც გავაკეთე განცხადებები, რომ ჩვენ ბიზნესს, ადამიანებს არ დავტოვებთ პირისპირ ამ პრობლემების წინაშე. ორი უდიდესი პრობლემაა: პირველი, არის ვირუსთან ბრძოლა. ამ ვირუსს ებრძვის მთელი მსოფლიო და ჩვენც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად შენარჩუნებული და პრობლემები არავის ჰქონდეს. მეორე კი არის ის, რომ ეს პროცესები გარკვეულ დარტყმას, ზიანს მიაყენებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ზოგადად, მსოფლიო ეკონომიკას და ვერც ჩვენ ვიქნებით გამორჩეული, რომ ეს არ შეეხოს ჩვენს ეკონომიკას.
უახლოეს დღეებში წარმოდგენილი იქნება მთელი რიგი პაკეტი, თუ რა დახმარებას გავუწევთ ბიზნესსექტორს და რა ნაბიჯები იქნება ჩვენი მხრიდან გადადგმული. შესაბამისად, მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს: ხშირად ისმის ადამიანების მხრიდან, მეც ძალიან ბევრი მწერს, რომ ამა და ამ კომპანიამ სახლში გაუშვა ხელფასის გარეშე. ვფიქრობ, დღეს ყველამ უნდა გავიჭირვოთ. მივმართავ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, მაქსიმალურად გვერდში დაუდგნენ თავიანთ თანამშრომლებს და გადაუხადონ ხელფასები. კიდევ ვიმეორებ, ჩვენი მხრიდან, სახელმწიფოს მხრიდან იქნება მხარდაჭერა, თანადგომა, რათა თქვენ ამ დარტყმის შემდეგ წამოდგომა ღირსეულად შეძლოთ. დარწმუნებული ვარ, ამას გაითვალისწინებს ბევრი ბიზნესკომპანიის წარმომადგენელი და ადამიანებს არ გაუშვებთ ხელფასის გარეშე სახლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კომენტარები