უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმის ზელენსკი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს:
“ადგილობრივები ეკითხებიან რუს ჯარისკაცებს, რამ აფიქრებინათ კრემლში, რომ ოთხ დღეში მოახერხებდნენ ჩვენს დაპყრობას? ფაქტია, რომ ასე ფიქრობდნენ.
დღეს მელიტოპოლში ოკუპანტებმა ქალაქის მერი ივან ფიოდოროვი გაიტაცეს, რომელიც თავის ქალაქს და ხალხს მამაცურად იცავდა. ეს მტრის სისუსტეზე მიანიშნებს და მეტყველებს იმაზე, რომ ქალაქში ვერანაირი მხარდაჭერა ვერ მიიღეს მიუხედავად იმისა, რომ ამაზე დიდ გათვლებს აკეთებდნენ. როგორც ჩანს ისინი ატყუებდნენ საკუთარ თავს, რომ უკრაინაში ხელგაშლილები ელოდნენ.
ისინი ტერორის ახალ ფორმაზე გადავიდნენ, რაც ხელისუფლების წარმომადგენლის მკვლელობის მცდელობაში გამოიხატება. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ესმით, რომ არჩევნების შედეგად კანონიერად არჩეული მერი ხალხის წარმომადგენელია.
იშეიძლება რუსეთში ფიქრობდნენ, რომ მერი უბრალო მაღალჩინოსანია, ის არაფერს წარმოადგენს და მისი მოშორებაც მარტივად შეუძლიათ. მაგრამ იცოდეთ, რომ ეს უკრაინაა, ევროპაა, ჩვენ აქ დემოკრატია გვაქვს. ასე რომ, კარგად დაიმახსოვრეთ, მერის გატაცება არ არის მხოლოდ ადამიანის და სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაული, ეს არის დანაშაული დემოკრატიის წინააღმდეგ.
მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ მელიტოპოლი არ დანებდა მტერს, ისევე როგორც ხერსონი, ბერდიანსკი და ყველა ის ქალაქი, სადაც მტერი დროებით შეიჭრა.
უკრაინა მელიტოპოლის მერის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ყველა ქალაქის ხელმძღვანელის უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვს. და თუ თქვენ ტერორისტები ხართ, თქვენთან საუბარს საერთოდ რა აზრი აქვს. ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებ საერთაშორისო შუამავლებთან, რომლებიც თქვენთანაც საუბრობენ.
რუსებმა დღეს თითქმის ყველა ჰუმანიტარული დერეფნის მუშაობა შეაფერხეს, თუმცა 7 100 ადამიანის გამოყვანა მაინც მოვახერხეთ. ყველაფერს ვიზამთ კიდევ მეტი ადამიანის გამოსაყვანად, ისევე როგორც, ამ ქალაქებში ჰუმანიტარულ დახმარებებს აუცილებლად გავაგზავნით.
დღეს მტერმა მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარება ისევ არ შეუშვა, ხვალ ჩვენ კიდევ ერთხელ ვეცდებით იქ ამ დახმარების, საკვების, წყლის, მედიკამენტების გაგზავნას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სამხედროები ოკუპანტებს ჩვენი მოქალაქეების ტანჯვის თითოეული წუთისთვის შესაბამის პასუხს გასცემენ.
უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობა 12 ათასს აჭარბებს, დაჭრილები კი გაცილებით მეტნი არიან. მაგრამ ჩვენ არცერთი მათგანი აქ არ მოგვიწვევია. და ყოველ ოკუპანტს გავუმეორებთ, რომ აქედან წასვლა ისევ შეუძლიათ – უბრალოდ დაყარეთ იარაღი და წადით ჩვენი ქვეყნიდან! წადით სახლში!
უკვე იმდენი ტყვე გვყავს, რომ დამატებით ახალი სტრუქტურის შექმნა მოგვიწია. ათასობით დატყვევებულ და საკუთარი ნებით ჩაბარებულ რუს სამხედროს, ჟენევის კონვენციის შესაბამისად ვექცევით.
მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ყველა რუს დედას, განსაკუთრებით წვევამდელების დედებს, არ გამოუშვათ თქვენი შვილები სხვის მიწაზე საომრად. არ დაუჯეროთ თქვენი მთავრობის დაპირებებს, რომ თითქოს წვრთნებზე, არასაომარ ვითარებაში აგზავნიან. გადაამოწმეთ, სად არის თქვენი შვილი. თუკი გაგიჩნდებათ მცირე ეჭვი მაინც, რომ მათ საომრად აგზავნიან, არ გაწიროთ ისინი არც სასიკვდილოდ და არც ტყვედ ჩასავარდნად.
უკრაინას არასდროს უნდოდა ეს საშინელი ომი, მაგრამ იმდენ ხანს დაიცავს თავს, რამდენიც საჭირო გახდება. ჩვენ ამ ომში მარტო არ ვართ. უკრაინელებს ბევრი კეთილი და გულუხვი მეგობარი ჰყავს. დღეს პოლონეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დავინახე, რამდენად მნიშვნელოვანია მხარდაჭერა და საერთო ღირებულებების დასაცავად თანადგომა. რამდენად სასიამოვნოა, რომ ჩვენს შორის საზღვრები ქრება და ჩვენ კიდევ უფრო ახლობლები ვხდებით. ვისაც მეგობრები ჰყავს, მას ყველაფერი შეუძლია!
ველაპარაკე ჯო ბაიდენს და განვიხილეთ, კიდევ როგორ შეიძლება რუსეთზე ზეწოლა იმისთვის, რომ ეს ომი დავასრულოთ. რუსეთს ჩამოერთმევა დიდი შვიდეულის ქვეყნებთან ვაჭრობის უფლება. რაც უფრო ნაკლებ დოლარს იშოვიან რუსი ბიზნესმენები და რაც უფრო ნაკლებ გადასახადს გადაუხდიან ისინი ხელისუფლებას, მით უფრო ნაკლები შესაძლებლობა ექნება რუსულ არმიას, ჩვენი ხალხის დასახოცად.
რუსეთს უკვე ტოვებენ საერთაშორისო და კერძო კომპანიები და ამ ომის დაწყებით კრემლმა მსოფლიო რუსეთის წინააღმდეგ განაწყო. ეს თვითიზოლაცია და თვითნგრევაა. რუსეთის სავალუტო ჯიხურებში 1-მა დოლარმა 200 რუბლს მიაღწია. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. მალე რუსები იგრძნობენ, რომ ვალუტა საკმარისი არაა, გაძვირდება პროდუქტი…
მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ სურდათ რამე დაეშავებინათ მათთვის, სანამ მათმა მთავრობამ მეზობელი ქვეყნის მშვიდობიან მოსახლეობას ომი არ დაუწყო. არავის არ უნდოდა, რომ ჩვეულებრივი რუსული ცხოვრება, უკან, 90-იანებში დაებრუნებინა. ასე იხსენებდით ბნელ 90-იან წლებს, სიღარიბის პერიოდს.
კრემლს ყველაფერი ესმის და ძალიანაც ეშინია. ზუსტად ამიტომ, ისინი ყველა თავისუფალი მედიასაშუალების დახურვას ცდილობენ. მათ შორისაა Instagram და Facebook-იც.
მივმართავ მოაზროვნე რუსებს, მოძებნეთ სანდო ინფორმაციის წყარო და მოგიწოდებთ, მოარიდეთ თქვენი ტელეფონები ქუჩაში მყოფ ძალოვნებს. ისინი აპირებენ თქვენი ტელეფონებისა და ლეპტოპების შემოწმებას. ისწავლეთ თქვენი ხელისუფლების გეგმებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. მოაზროვნე ადამიანები ყველა ქვეყანაში არიან, მათ შორის რუსეთშიც.
აუცილებლად დადგება ის დღე, როდესაც ომი დასრულდება და უკრაინა გაიმარჯვებს!
დიდება უკრაინას!”
კომენტარები