თამო კეშელავა, ალია
“ქართული ოცნების” მმართველობის მეათე წელს და პრემიერობის მეორე წრეზე, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა მედიკამენტების ძალიან მაღალი ფასი, როგორც იქნა “დაინახა” და განაცხადა, რომ შესაძლებელს გახდის თურქეთიდან წამლების შემოტანას. “ალიას” ესაუბრება პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი, კახა კუკავა.
– რა გგონიათ რეალური მიზეზი პრემიერის ინიციატივის და საერთოდ, ფიქრობთ, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა? კულუარულად უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ფარმაწილების გადანაწილება ხდება სინამდვილეში.
– ორ მოტივს ვხედავ მე. რასაკვირველია, ჯერ მტკიცების სახით არ ვიძახი, სავარაუდო მოტივებს გეტყვით: – ერთი, რასაც ბრძანებთ, სავარუდოდ, 4-5 ფარმაკომპანია რომ არსებობს ბაზარზე, ხდება ამ წილების გადანაწილება. თქვენ იცით, ორი კომპანიაა პირადად ივანიშვილთან დაკავშირებულია, ეს არის “ჯიპისი” და “ფარმადეპო”, ადრე “ავერსსა” და “პსპ”-ს ეკავათ უფრო წამყვანი ადგილი, ახლა, ამ რეგულაციების მეშვეობით, ჯიპისი და ფარმადეპო შეეცდებიან, თავად მოიპოვონ ბაზარზე წამყვანი მდგომარეობა. ჯიპისი და ფარმადეპო ერთი კომპანიაა რეალურად, ორივე “გეფაა” და “გეფა” პანამის კუნძულებშია დარეგისტრირებული და პანამის კუნძულებში ვინც არის დარეგისტრირებული, ეგ უკვე გამოაქვეყნა იმ ცნობილმა საერთაშორისო ჟურნალისტურმა გამოძიებამ. მეორე მოტივი – გამოვთქვამ ასეთ ვარაუდს, ეს არის ღარიბაშვილის დამოუკიდებელი თამაში. ღარიბაშვილმა, ვნახეთ, რომ სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებითაც, დაიკავა ის პოზიცია, რომელიც ხალხთან ყველაზე მეტად ახლოს იყო, შედარებით რბილი რეგულაციები შემოიღო, ჩემი აზრით, ის ემზადება დამოუკიდებელი თამაშისათვის. ის რაც მოხდა ყაზახეთში, ოღონდ სისხლისღვრას არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ არაფორმალური მმართველის ფორმალური მმართველით ჩანაცვლებას რუსეთის მხარდაჭერით, ეს სცენარი ჩვენ შეიძლება 2022 წელს ვიხილოთ საქართველოში. ღარიბაშვილი და ივანიშვილი დაახლოებით ისეთ მიმართებაში იყვნენ ერთმანეთთან, როგორც ყაზახეთში ნაზრაბაევი და ტოკაევი, ოღონდ, რაღაც მომენტში, ამოუვიდა ხალხს ყელში ნაზარბაევი და ეს სიტუაცია ტოკაევმა და რუსეთმა გამოიყენეს კარგად. საქართველოშიც ძალიან ჰგავს სიტუაცია, ახლა ივანიშვილი ამოსული ჰყავს ხალხს ყელში… ამას დადასტურებულად კი არ ვამბობ, მაგრამ ფაქტია, რომ ღარიბაშვილი იღებს პოპულარულ გადაწყვეტილებებს, ხო? ეს აკრძალული იყო და ამის გამო დაისაჯა რამოდენიმე პრემიერი – კვირიკაშვილი და გახარია, მაგალითად, რომლებიც ცდილობდნენ რეიტინგის დაჭერას, ივანიშვილს მოსწონს პრემიერები, რომლებსაც საკუთარი არაფერი არა აქვთ. გამოვთქვამ ვარაუდს, რომ ღარიბაშვილი ემზადება დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშისათვის.
– მასეთ შემთხვევაში, რატომ არ ჩქარობს ივანიშვილი ღარიბაშვილის დასჯას?
– იცით რატომ? ახლა რომ ღარიბაშვილი მოხსნან, შეიქმნება განწყობა, რომ აი, მოხსნეს იმისათვის, რომ სავალდებულო ვაქცინაცია არ შემოიღო, აი, მოხსნეს იმისათვის, რომ მედიკამენტების იმპორტი დაიწყო თურქეთიდან. ამ ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ვინ უნდა მოიყვანოს მის პოსტზე ივანიშვილმა, რასაც ახლა ვიტყვი, ამ ქვეყნის ტარგედიაა, მაგრამ ივანიშვილს ღარიბაშვილზე უკეთესი პრემიერის მოძებნაც კი გაუჭირდება თავისი მმართველი გუნდიდან. კრიზისული მდგომარეობაა და ქვეყანას სჭირდება რეალური ცვლილებები. ასეთი კოსმეტიკური ცვლილებები, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებას თავად მოუბრუნდება ცუდად. ოღონდ ხელისუფლება, სამწუხაროდ, ამას ვერ აცნობიერებს და ვხედავთ, როგორ თავხედურად უჭირავს თავი. ეს ყოველთვის ცუდად მთავრდება, წარსული გამოცდილებიდან გვახსოვს.
კომენტარები