ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა:
„მე საერთოდ, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას ვუჭერდი მხარს და ახლაც ვუჭერ, მაგრამ მანქანების მოძრაობის შეზღუდვა რომ გახანგრძლივდეს, ამას არ ვუჭერ მხარს. რადგან ეს მაინც ძალიან დიდი დისკომფორტია. ძალიან ბევრს მართლა საქმეზე სჭირდება სიარული და არა გასართობად. თუნდაც, იგივე ავადმყოფებს, სხვადასხვა სამედიცინო პროცედურაზე, ან სხვა აუცილებელ ღონისძიებებზე და ამ ყველაფრის სპეციალური საშვებით, საბუთებით და ბეჭედდასმული ქაღალდებით კეთება ძნელია. ამიტომ, ვფიქრობ, ერთი კვირის შემდეგ იქნება ისეთი სიტუაცია, რომ მანქანების მოძრაობის აღდგენა შესაძლებელი იქნება. იმ პირობით, რომ როგორ გითხრათ, ცოტა ვისწავლეთ, როგორ უნდა მოვიქცეთ. ანუ, სისხლში გაგვიჯდა. დარწმუნებული ვარ, მანქანების მოძრაობის შეზღუდვა რომ მოიხსნება, ადამიანები სიფრთხილეს მაინც გააგრძელებენ.
ერთი კვირის წინ, როდესაც მატების გამაფრთხილებელი ტენდენცია იყო, მთავრობამ ღონისძიებების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა კი ძალიან მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოავლინა. მანქანების გადაადგილების შეზღუდვამ ამას უეჭველად შეუწყო ხელი. ზოგი კითხულობს, მანქანები რა შუაშია და ამან რა ეფექტი უნდა მოგვცესო. საქმე იმაშია, რომ უშუალოდ მანქანის მოძრაობა კი არ არის ამ მხრივ გადამწყვეტი, არამედ ის, რომ როცა კერძო მანქანები შეუზღუდავად მოძრაობენ, ამ მოძრაობას ახლავს ხალხის გადაადგილება, გარკვეულ ადგილებზე ადამიანების შეკრება, ერთმანეთთან შეხვედრები და ა.შ. ხომ ფაქტია, რომ ბოლო სამ-ოთხ დღეში შემთხვევების რაოდენობამ მოიკლო?! ყველაფერი დადებული შედეგით იზომება, შედეგი კი ასეთია. ახლა, ჩვენ დასკვნა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შედეგი შევინარჩუნოთ. “
კომენტარები