გუდაურში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა.
გორის რაიონულ სასამართლოში ბრალდებულის საქმეზე საკმარისი ნაფიცი მსაჯულის შერჩევა ვერ მოხერხდა. კობიაშვილს 9-თვიან პატიმრობაში ყოფნის ვადა უახლოეს დღეებში ეწურება. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მისი დარბაზიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
ცნობისთვის, 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს.
კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, შემდეგ კი ცემის მუხლით.
ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.
მერაბ კობიაშვილის მეუღლე, ნატა ქიტესაშვილი მეუღლის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ „პრაიმტაიმნიუსთან“ პირველ კომენტარს აკეთებს.
„ჯერ საბოლოო თავისუფლება არ არის, მხოლოდ აღკვეთი შეეცვალა. თუმცა, ბრძოლას ვაგრძელებთ, სიმართლისთვის ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს. საპროცესოს არ დავთანხმდით, იმის აღიარება და ხელის მოწერა რაც იყო, ძალიან რთული იქნებოდა. მერაბი ემოციებშია. ბავშვმაც კი არ იცის, ახლა გზაში ვართ. პირველი რასაც გავაკეთებთ, მასთან მივალთ“, – ამბობს ნატა ქიტესაშვილი.
კომენტარები