მომღეარლი გიორგი უშიკიშვილი სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი მედიის თანამშრომლის მიერ გავრცელებულ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ სიტყვები, რომ თითქოს სადმე თქვა, “სულ არ მეხალისება “რუსული ოცნების” კონცერტზე გამოსვლა, მაგრამ გულს რომ ემღერება, რა ვქნა? გულს ვერ უბრძანებ…” – მას არ ეკუთვნის და ტყუილია.
Ambebi.ge-სთან საუბრისას მომღერალი ამბობს:
ეს ადამიანი თუ არ ვცდები, ჟურნალისიტია, ვინც ეს დაწერა. ზოგადად, ბოლო დროს აქტუალურია, როდესაც ადამიანზე რაღაცას მოიგონებენ, სტატუსად დაწერენ სოციალურ ქსელში და შემდეგ ეს მიაქვთ სხვადასხვა სააგენტოებს და ხალხს ალანძღინებენ. მგონია, რომ ეს სპეციალურად არის გაკეთებული. საზოგადოების ის ნაწილი, ვისზეც ეს “ფეიქი” კეთდება, უნდათ დათრგუნონ იმ ლანძღვა-გინებით, რომელიც შემდეგ ამ სტატუსების ქვევით ხდება. ისეთი რაღაც დაწერა ჩემზე ამ ადამიანმა, რომ მეც კი ვერ გავიგე შინაარსი და მითუმეტეს, სხვამ როგორ უნდა გაიგოს.
მართალია, მე მივეჩვიე მსგავს შემოტევებს და სიცრუის გავრცელებას, მაგრამ არიან ადამიანები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შეიძლება აისახოს, ინერვიულონ, განიცადონ. ეს საკმაოდ საშიში რამეა. ჟურნალისტიკა მოითხოვს მაღალ სტანდარტებს და კეთილსინდისიერი უნდა იყოს ადამიანი, უნდა თქვა ის, რაც არის და არ უნდა მოიგონო ის, რაც არ არსებობს, ამით გული არ უნდა ატკინო სხვა ადამიანს.
იცით, რაშია საქმე, ჟურნალისტის ფუნქცია ხომ ის არის, რომ ადამიანებს დაეხმაროს, რა უჭირს, რა ულხინს, ინფორმაცია მიიტანოს საზოგადოებამდე, მაგრამ ესენი ხომ ჟურნალისტები არ არიან, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც დაკავებულები არიან იმით, რომ სხვები ანერვიულონ და შეურაცხყოფა მიაყენონ. ამ ადამიანის გვერდზე, სადაც ეს ინფორმაცია გამოქვეყნდა, ხალხი მლანძღავს, რის გამო, თავადაც არ იციან.
რაც „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაშია, არცერთხელ არსად არ ვყოფილვარ მიწვეული.
სამწუხაროდ, ყველა ხელისუფლების დროს არსებობდა ასეთი რაღაცები, ზოგი მეტად აკეთებდა, ზოგიც ნაკლებად, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ისედაც ცოტანი ვართ საქართველოში, ვინც მართლა რაღაცას კარგად აკეთებს, საკუთარ თავზე არ მაქვს საუბარი, რადგან ბევრი ისეთი ადამიანი აღმოჩნდა, რომ ამ შავ სიაშია, რომელიც მართლა ძალიან დიდ საქმეს აკეთებს.
წარმოუდგენელია ქვეყანა განვითარდეს ამ ფორმით და ერთმანეთს პოლიტიკური შეხედულებებით ვებრძოლოთ. მაგალითად, მე თუ არ მომწონს დღევანდელი ხელისუფლება, არ უნდა მამღერონ? – ან თუ აქებ ხელისუფლებას, გამღერებენ, ეს უნდა დასრულდეს, არა მხოლოდ კულტურაში, არამედ ყველა მიმართულებით, სპორტი იქნება ეს, ხელოვნების ნებისმიერი დარგი თუ სამედიცინო მიმართულება.
ადამიანების დაყოფა იმის გამო თუ როგორ ფიქრობენ, როგორ მიაჩნიათ ქვეყნის განვითარება სწორად, წარმოუდგენელია. მაგალითად, მე ადამიანები მლანძღავენ იმის გამო, რომ ამ ქვეყნის ევროპულ კურსს ვუჭერ მხარს. ამიტომ ჩემი აღარც სიმღერა მოსწონთ და ხომ მაქვს უფლება, რომ ჩემი აზრი მქონდეს. მე ნამდვილად არ მინდა საქართველო იყოს ისეთი ქვეყანა, რომელიც რუსების მონობაში აღმოჩნდება.
თუ ეს ყველაფერი იქნება გულწრფელი და არა რეკლამისთვის, რომ ჩვენ ხომ გეძახით, მოდი და იმღერე, რატომაც არა, მაგრამ თუ ერთ კონცერტზე დაგიძახებენ და სხვას დაანახებენ, შემდეგ კი ისევ ისე მოიქცევიან, არა. დარწუნებული ვარ, ნებისმიერი ხელოვანი დათანხმდება, ვის არ სჭირდება შემოსავალი, ჩვენ ხომ ამით ვცხოვრობთ. მაგრამ უკვე ამდენი წელი გავიდა, რაც ეს გუნდი ხელისუფლებაშია და ერთხელ არ დაიუძახიათ და არც ახლა დამიძახებენ.
მაგალითად, ნინო ქათამაძეს ბოლო პერიოდია აღარ ეძახიან, ადრე იყო ხოლმე ნინო კონცერტებზე, ამაზე თავადაც განაცხადა. ვფიქრობ, ახლა უკვე პირიქით მოხდება, შეიძლება სხვებსაც აღარ დაუძახონ. რაც უფრო კრიტიკული გახდება საზოგადოება ხელისუფლების მიმართ, მით უფრო შევიწროვდება ის წრე, ვინც იმ კონცერტებზე გამოვა, რომელსაც ხელისუფლება მართავს.
კომენტარები