გლობალური პანდმიის გამო შეჩერებული პოლიტიკური მოვლენების ფონზე, ხელისუფლებამ რამდენიმე მუნიციპალიტეტის მერი უკანა კარიდან გააპარა (ამბობენ, კიდევ არაერთს გააპარებსო) და აგერ, ირაკლი ოქრუაშვილსაც 5 წელი მიუსაჯა. სწორედ ეს გახდა ბიძგი იმისა, რომ ოპოზიციამ ხმა ამოიღო, 8 მარტის შეთანხმება არ სრულდება და ხელისუფლება ოქრუაშვილს, უგულავას და რურუას არ ათავისუფლებსო. თავის მხრივ, მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ მემორანდუმში ასეთი რამ არ წერია და საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. წესითა და რიგით, სიმართლე იმ ელჩებისგან უნდა გავიგოთ, რომლებიც შუამავლის როლში იყვნენ და რომელთა თანდასწრებითაც მოხდა ეს შეთანხმება. ისინი კი დუმილს ინარჩუნებდნენ, თუმცა ოქრუაშვილის განაჩენის შემდეგ, ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადება მრავლის მთქმელია.
„ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას — საკითხს, რომლის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ემსახურებოდა 8 მარტის ერთობლივი განცხადება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება“,-წერია საელჩოს მიერ გავრცელებლ განცხადებაში.
წესითა და რიგით, უნდა ვიფიქროთ, რომ მემორანდუმი ან სრულად არ გაგვაცნეს, ან ის პუნქტი დამალეს, სადაც სწორედ დაკავებულთა გათავისუფლებაზე იქნებოდა მინიშნება. ამის არსებობას აღნიშნული განცხადება წესით უნდა ადასტურებდეს, მაგრამ ნურას უკაცრავად. დაკავებულებთან დაკავშირებით 8 მარტის მემორანდუმს ერთი აბზაცი აქვს დათმობილი: „ჩვენ ვეთანხმებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვისა და მათი დახვეწისკენ სწრაფვის მნიშვნელობას. მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული.“
რა გამოდის? პირდაპირი მინიშნება მემორანდუმში არ არის, ანუ გვარები არ წერია და ამას როგორც ოპოზიცია, ისე ხელისუფლება, სათავისოდ მარტივად წაიკითხავს, თუმცა…
„ზოგადად, ჩვენ არ ვაპირებდით არაფრის შეცვლას და არჩევნები 77/73 სისტემით უნდა ჩატარებულიყო. ელჩებთან შეხვედრის შემდეგ კი, ჯერ გაფრთხილება მივიღეთ, შემდეგ პირდაპირ, ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე, გვითხრეს, რომ თუ კანონი არ შეიცვლებლდა და არ მივიღებდით 120/30-ს, არათუ პარლამენტის წევრები და მინისტრები, არამედ მუნიციპალიტეტის მერები, მათი მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარეები და საკრებულოს უბრალო დეპუტატებიც კი, ევროკავშირის ქვეყნებსა და ამერიკაში გამგზავრებას ვერ შეძლებდნენ, ანუ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უბრალოდ კანონგარეშე იქნებოდნენ, შავ სიაში მოხვდებოდნენ და ვერცერთ საერთაშორისო ფორუმსა თუ შეხვედრაში ვერ მიიღებდნენ მონაწილეობას. ამიტომ, „ოცნება“ იძულებული გახდა ამ პირობებს დათანხმებულიყო. ახლა კი სიტუაცია სხვაგვარია – დასავლეთი ითხოვს იმის შესრულებას, რაც მემორანდუმში არ არის ჩაწერილი და გვეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი იგულისხმება. ეს არის არასწორი მიდგომა და მმართველი გუნდი გადაწყვეტილებას აღდგომამდე მიიღებს“, – გვეუბნება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი.
რაც შეეხება აღდგომას. არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ოქრუაშვილი პრეზიდენტმა შეიწყალოს, თუმცა ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ თავად პატიმარი ან მისი ადვოკატი პრეზიდენტს ამ თხოვნით მიმარავს. ჩვენი ინფორმაციით, ისინი ამის გაკეთებას არ აპირებენ და სურთ, ხელისუფლება დასავლეთს მაქსიმალურად დაუპირისპირდეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ბოლომდე დაიცავს საკუთარ პოზიციას და დაადასტურებს, რომ მემორანდუმში გვარებზე არაფერი წერია, ეგებ სიტუაციიდან გამოძვრეს კიდეც.
„დღეის მდგომარეობით, ძალიან დიდია იმის შანსი, რომ ოპოზიციამ ეს მიზეზი ხელზე დაიხვიოს, ხელისუფლებამ ოქრუაშვილის და სხვების გასათავისუფლებლად სამართლებრივი გზა ვერ იპოვოს და არჩევნები ისევ 77/73 სისტემით ჩატარდეს. ეს კი ოპოზიციას უდიდეს უპირატესობას მისცემს, რადგან ისინი ამომრჩეველს ეტყვიან, რომ სკამების შენარჩუნების გამო, ხელისუფლება არ ითვალისწინებს არავის და არაფერს, დასავლეთი კი დაპირებულ სანქციებს აამოქმედებს. გუნდის შიგნით ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ხელისუფლების გადაბარების პროცესი დაიწყოს, მაგრამ ვის უნდა გადავაბაროთ ხელისუფლება, არავინ იცის, რადგან ჰორიზონტზე არავინ ჩანს. დასავლეთი თავად გამორიცხავს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლას, გიგა ბოკერიას და დავით ბაქრაძის გუნდი ამისთვის მზად არ არის, რადგან მოსახლეობის ათი პროცენტის მხარდაჭერაც არ აქვს, ანუ კონკურენტი პარტია რეალურად არ არსებობს და ამიტომაცაა, დასავლეთი მაქსიმალურად რომ ცდილობს, როგორმე მოქმედ ხელისუფლებას მოარგოს ისე ყველაფერი, რომ ბოლოს ან კოალიციური მთავრობა მიიღოს, ან პარლამენტში მაქსიმალურად ბევრი პარტია და ოპოზიციის სოლიდური ოდენობა“, – ეუბნება „ალიას“ წყარო.
რაღა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილება ბიძინა ივაანიშვილის მისაღებია და როგორც გვეუბნებიან, ის დასავლელ პარტნიორებთან პირადად აწარმოებს მოლაპარაკებებს და ცდილობს დაარწმუნოს, რომ ქვეყნისათვის ზუსტად ისე ჯობია, როგორც თავად იქცევა. ჰო, ისიც გვითხრეს, პანდემიის დროს, ლამის მაქსიმუმამდე ასული ხელისუფლების რეიტინგის განულება დასავლეთს სააღდგომოდ სურს და ამას ეკლესიის ხელთ გააკეთებსო, თუმცა მეორეს მხრივ, ეკლესიასთან ლოიალური დამოკიდებულება მრევლს მოეწონება თუ გააღიზიანებს, კაცმა არ იცის.
ანი დვალიშვილი, „ალია“
კომენტარები