ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ანალიტიკოსი, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, სოსო ცინცაძე:
– ბატონო სოსო, საქართველოში ბევრი ხმაური იყო ამ დღეებში. „აგენტების კანონის“ მიღება „ქართული ოცნების“ მიერ, სტუდენტების გამოსვლა, საპროტესტო აქციები და მათი დარბევა და მერე, ისევ „ქართული ოცნების“ მიერ ამ კანონის ჩაგდება… ახლა აქციის მონაწილეების სასამართლო პროცესები და სტუდენტების დაჯარიმებები…
– ერთს ვიტყვი, რომ ხელისუფლებამ რაც არ უნდა ეცადოს, რაც არ უნდა გააკეთოს,საგარეო–პოლიტიკურ ვექტორს ვერ შესცვლის, ეს უკვე შეუძლებელია. პოლიტოლოგიაში არსებობს ასეთი თეორია, რომელსაც „ლეგისლამია“ ჰქვია. ეს თეორია ამტკიცებს, რომ არსებობს შემთხვევები, როდესაც კანონი რეალობას არ ცვლის. ეს ვითარებაა საქართველოში. კანონი რომც არ გაეწვიათ, ამ კანონით პრორუსული ვექტორი ვერ შეცლიდა ქვეყნის უკვე გაცხადებულ, უკვე ფაქტობრივ პროდასავლურ ვექტორს. ამ კანონს, საქართველოსთვის ევროკანდიდატის სტატუსის მოცემა რომ ჩაეგდო, ეს იქნებოდა დროებითი შეფერხება ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანი არ არის, საბჭოთა კავშირს თავი დავაღწიეთ, უფრო ევროპული ქვეყანა ვართ, ვიდრე რუსული ტიპისა. თავად მმართველი პარტიის ლიდერები, ჩვენი ჩინოვნიკები პროდასავლურები არიან – მათი შვილები ევროპაში სწავლობენ, მუშობენ, უცხოეთში ისვენებენ, ევროპაში აქვთ ბინები, სახლები, ზოგს ბიზნესი აქვს და თავიანთ მომავალს ევროპას უკავშირებენ. დეპუტატები აიძულეს, ხმა მიეცათ იმ კანონისთვის, საჯარო მოხეელეები კი – „გაეპრავებინათ“ მედიით თუ სოცქსელით ხელისუფლების საქციელი. ცხადია, აქ მთავარი იყო სტუდენტების აქტიურობა. ამ თაობას ვერ გააჩერებ, თუ უსამართლობას წააწყდნენ. სტუდენტებთან ბრძოლას ვერც ერთი ხელისუფლება ვერ მოიგებს. ცხადია, დიქტატორებს და ტირანებს არ ვგულისხმობ. ხაზს ვუსვამ, სტუდენდებთან და არა ახალგაზრდობასთან. ახალგაზრდებს ოჯახები ჰყავთ, შვილები, მუშაობენ კერძო და საჯარო სამსახურში და ისინი შეიძლება შეაშინო სამსახურის დაკარგვით, სხვა ზემოქმედების ბერკეტები მოუძებნო. სტუდენტი თავისუფალია, დასაკარგი არაფერი აქვს, ვერც შეაშინებ, ვერც დააშანტაჟებ, ვერც სხვა გზით გააჩერებ. ეს უნდა ეფიქრა ხელისუფლებას, როდესაც დაარბიეს. დაარბევ? უფრო მეტნი და უფრო გაბრაზებულები გამოვლენ მეორე დღეს. თუ არ გაჩერდები, ბოლოს იქით დაგარბევენ და ისე გაგიხდიან საქმეს, თავ–ბედს გაწყევლინებენ. ხელისუფლებები შეუცვლიათ სტუდენტურ მოძრაობებს და ესენი ვინ არიან, რომ უკან ვერ დაახევინებდნენ? რატომ ჰქონდათ ამის ილუზია? რამდენიმე წიგნი წაიკითხონ სტუდენტურ მოძრაობებზე და მერე ვნახავთ, დარბევის ხასიათზე იქნებიან თუ არა. მათია ეს ქვეყანა, მათ უნდა იცხოვრონ აქ და თავად უნდა განსაზღვრონ, რუსული, მონური ცხოვრება უნდათ თუ ევროპული, თავისუფალი. არჩევანი კი უკვე გაკეთებული აქვთ და ეს ევროპაა. ტყუილად ცდილობენ, მათ ეს არჩევანი შეუცვალონ, არაფერი გამოუვათ, ამ ბრძოლას და ბრძოლის ყველა რაუნდსაც სტუდენტები მოიგებენ. როგორ? საკუთარ შვილებსა და შვილიშვილებს ევროპისკენ უკვალევენ გზას და ამ სტუდენტობას უკან, რუსეთისკენ ერეკებიან? ჯერ თავიანთი შვილები გაგზავნონ მოსკოვისა და პეტერბურგის უნივერსიტეტებში და მერე დანარჩენზე ელაპარაკონ. კახა კალაძე იტალიურ სალონებში რომ დადის თმების შესაჭრელად, მოსკოვში მშვენიერი სალონებია, მთელი რუსული ელიტა იქ იჭრის და ადგეს, წავიდეს, თავადაც მოსკოვში შეიჭრას და მაგალითი მისცეს ხალხს, რომ ევროპა არ უნდა და რუსეთში და რუსული ცხოვრება უნდა. არა, ეს არავის არ უნდა. თავისთვის ევროპა უნდათ, ხალხისთვის–რუსეთი. ეს არ გამოვა. პირიქით კი შეიძლება მოხდეს.თუ ჩვენი პოლიტიკოსები და მაღალი რანგის ჩინოვნიკები დაასანქცირეს, ევროკავშირის ქვეყნებსა და ამერიკაში არ შეუშვებენ, ხალხს კი ეს არ შეხება, ისინი ევროპაშიც წავლენ და ამერიკაშიც. აგერ, 1000–მდე მარტო რუსი ბიზნესმენი დასანქცირა ევროკავშირმა და მათ ევროპაში არსებული ქონება და საბანკო ანგარიშები ხომ დაუყადაღეს, არც ევროკავშირის ქვეყნებში უშვებენ, ვიზებს არ აძლევენ. ამ დღეში არიან რუსი პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები, ვინც პუტინს პოლიტიკურ სამარეში მიჰყვებიან. ამერიკაში, ნიუ–იორკში, გარეოს ქალთა კომიტეტის სესია გაიმართა და ამერიკამ არ მისცა ვიზა რუსეთის დელეგაციის წევრებს, გაეროც ფეხებზე დაიკიდა ამერიკამ. ერთი ამბავი ატეხეს რუსებმა, აი, გაერო და საერთაშორისო სამართალიო, ამერიკა ამას რას აკეთებსო. ამერიკას ყური არ შეუბერტყავს, არ გინდათ ამერიკა და ვერ ჩამოხვალთ, სხვაგან გადაიტანეთ გაეროს ოფისი და მერე მიდით იმ სესიაზე ან კოსმოსიდან ჩაფრინდით, ჩვენ ვიზებს არ მოგვცემთო. გაერო არაფრად ჩააგდო ამერიკამ და ჩვენს პოლიტიკოსებს და ჩინოვნიკებს უხათრებს? და არც ევროკავშირი უხათრებს ვინმეს. ჩერჩილი მართალს ამბობდა, ამერიკელები მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას, მაგრამ მანამდე ჯერ ყველა დანარჩენს გამოსცდიანო. ხელისუფლების უდიდესი შეცდომა ისიც იყო, რომ მთელ ცივილიზებულ სამყაროს დაუპირისპირდა. არ ელოდნენ ამხელა ზეწოლას დასავლეთიდან. მოუმზადებლები შეხვდნენ ამ პროტესტს და ეს იქიდანაც ჩანს, რომ მას მხოლოდ პოლიცია დაუპირისპირეს. მერე, ეს ამერიკული კანონიაო იძახდნენ, დღესაც იძახიან. ამერიკელები იძახიან, არ არის ამერიკული კანონიო. ახლა ვინც აზროვნებს და მართლა რუსეთუმე არ არის, ის სოზარ სუბარს დაუჯერებს თუ სენატორ ჯინ შაჰინს? ცხადია, შაჰინს. მერე, კანონი წავიკითხე, სახელდახელოდ დაწერილი იყო აშკარად. მაგალითად, ეს კანონი რომ მიეღოთ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცხადდებოდა უცხო ქვეყნის გავლენის აგენტად, რადგან საფრანგეთის სახელმწიფო უხდის პენსიას და ეს პენსია მისი წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტს შეადგენს. განა რანაირმა ბრიყვებმა დაწერეს ეს კანონპროექტი, რომ ეს ფაქტორი არ გაითვალისწინეს? როგორია, როცა ქვეყნის პრეზიდენტი გაცხადებულად უცხო ქვეყნის აგენტი გყავს, რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ ის საქართველოს წინააღმდეგ მუშობს, ქვეყნის მტერი თუ რა, პოტენციური მტერია?! მე ძალიან მაინტერსებს სად იყო პრემიერი იმ დროს, როდესაც ქვეყანა ლამის დაინგრა? გერმანიაში იყო ვიზიტით? მე ვიცი, მერე რა. შეეწყვიტა ვიზიტი და დაბრუნებულიყო ქვეყანაში. 1968 წელს, საფრანგეთში სტუდენტური გამოსვლები როცა დაიწყო, დე გოლი ფილიპინებში იყო ვიზიტით, სასწრაფოდ შეწვიტა ვიზიტი და დაბრუნდა პარიზში. ირაკლი ღარიბაშვილს განა რა ვიზიტი ჰქონდა ისეთი, რომ ვერ შეწყვიტა? ეს ფაქტიც იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლება მოუმზადებელი იყო. ეგონათ გაიტანდნენ კანონს, ეგონათ დაშლიდენ ქუჩაში გამოსულ ხალხს და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი. მთავარი ფაქტორი გამორჩათ– სტუდენტები. როცა მთავარი გამოგრჩება ასეთ ვითარებაში, რბილად რომ ვთქვათ, სუსტი ხელისუფლება ხარ, არაგამჭრიახი და პოლიტიკური კატაკლიზმებისთვის მოუმზადებელი.
კომენტარები