მომღერალი, ირმა სოხაძე, AMBEBI.GE-თან ამბობს:
“საერთოდ მიკვირს და მწყინს, რომ რაც არ უნდა პოზიტიური მოხდეს, მაინც გამოჩნდება მოკირკიტე, რომელიც მასში იპოვის უარყოფითს. რაღაც ჩვევად გვექცა, ჯერ უნდა გავაკრიტიკოთ და მერე გავიგოთ, რა ხდება.
რაც შეეხება თეა წულუკიანის მინისტრობას, მივესალმები. ეს არის ევროპული განათლების მქონე, საკმაოდ დიდი გამოცდილების, მენეჯერული უნარებით აღჭურვილი ადამიანი, რომელიც, როგორც წყალი, ისე სჭირდება ჩვენს კულტურას.
ის, რაც ახლა ხდება ამ სფეროში, ეს უბედურებაა და კიდევ კაცმა არ იცის, რა ხდება… ამიტომ, ცოტა თანავუგრძნობ კიდეც და ვუსურვებ, მოერიოს ამ საშინელ სირთულეებს.
იცით, კიდევ რატომ მივესალმები მის კანდიდატურას? მიზანდასახულია, – მას ასე ვიცნობ და ვუყურებ, – რაღაცას რომ დაიწყებს, მგონია, ბოლომდე მიიყვანს, ყოველთვის იცის, რა უნდა და მაქსიმუმს აკეთებს. თავის საქმის ერთგულია. მეორე – ჩვენს სფეროში მნიშვნელოვანია, რომ ის არ არის არც მომღერალი, არც კომპოზიტორი, არც მხატვარი და არც რეჟიოსრი, რომ თავის სფეროს მეტი ლობირება გაუწიოს.
კულტურაში ბოლო 20 წლის განმავლობაში რაც ხდებოდა, ეს არაფერში ეწერება, – ვინ, სად, რას ექაჩებოდა, ვერ გაიგებდი. ამიტომ, ბევრი სფერო ჩაიძირა, დაიკარგა. ყველაფერს პანდემიას ნუ დავაბრალებთ. პრობლემები მანამდეც იყო. მგონია, რომ ქალბატონი თეა მალე გაერკვევა უკვე ამ სფეროში, როგორც გავიგე, აპირებს შეხვდეს კულტურის წარმომადგენლებს.
ერთ დღეში და ერთ თვეში ამ მძიმე სფეროში საქმის მოგვარება რთულია, ძალიან ჩასაფრებულები თუ არ ვიქნებით და ცოტა მოთმინებით აღვიჭურვებით, კარგი იქნება. ადამიანი ჯერ არ მოსულა და უკვე რაღაც პრეტენზიებს ვუყენებთ. იმედი მაქვს, თეა წულუკიანი ერთ-ერთი საუკეთესო კულტურის მინისტრი იქნება.”
კომენტარები