ფარმაკოლოგიური კომპანია Moderna-ს განცხადებით, კორონავირუსის ექსპერიმენტული კვლევის ადრეული შედეგების მიხედვით, მათი ვაქცინა თითქმის 95%-ის შემთხვევაში ეფექტიანია.
კვლევაში, რომელსაც კომპანია Moderna ეყრდნობა, 30 000 ადამიანი მონაწილეობდა და ის აშშ-ში ჩატარდა. კვლევაში მონაწილე პირთა ნახევარს ვაქცინა 4 კვირის ინტერვალში ორგანიზმში 2-ჯერ შეუყვანეს. ხოლო დანარჩენებს პლაცებო გაუკეთეს.
კვლევაში მონაწილე ადამიანებიდან კორონავირუსის სიმპტომები მხოლოდ 95-ს განუვითარდა. აქედან 5 მათგანი იმ ჯგუფს მიეკუთვნებოდა, რომელსაც ვაქცინა ორგანიზმში შეუყვანეს, ხოლო დანარჩენი 90 მათ, ვისაც პლაცებო გაუკეთეს.
Moderna-ში აცხადებენ, რომ დღეს მათთვის „დიდი დღეა“ და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ლიცენზიის მისაღებად განაცხადის შევსებას უახლოეს კვირებში აპირებენ.
თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს კვლევის ადრეული მონაცემებია და ბევრი კითხვა კვლავ უპასუხოდაა დარჩენილი.
შეგახსენებთ, რომ წინა კვირას ასევე ცნობილი გახდა, რომ ფარმაკოლოგიური კომპანიების Pfizer და BioNTech ექსპერიმენტული ვაქცინა ეფექტიანობას 90%-მდე შემთხვევებში აღწევს.
კომენტარები