ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, სოსო ცინცაძე.
– ბატონო სოსო, ამერიკის კონგრესის არჩევნები გაიმართა და დონალდ ტრამპი ისევ აპირებს პრეზიდენტად კენჭისყრას. ამ საკითხებით მინდა დავიწყო თქვენთან საუბარი. რას შესცვლის მსოფლიო პოლიტიკაში კონგრესის ეს არჩევნები?
– ამერიკის კონგრესის არჩევნებში, ქვედა პალატაში, უმრავლესობა „რესპუბლიკელებმა“ მოიპოვეს, უფრო მეტი კონგრესმენი ჰყავთ, ვიდრე ჰყავდათ. სენატში უმრავლესობა ისევ „დემოკრატებს“ დარჩათ. ფაქტობრივად, აქამდე არსებული სტატუს-კვო შენარჩუნებულია და ახლა, 4 წელი 7 დეპუტატით მეტი თუ ეყოლებათ ქვედა პალატაში „რესპუბლიკელებს“, ეს გავლენას ვერ მოახდენს დიდ პოლიტიკაზე. რატომღაც, ჩვენთან ამერიკის არჩევნების შედეგებს ბევრი ისე განიხილავს, რომ დიდი მარცხი იწვნიეს „დემოკრატებმა“. ასე არ არის. სენატში აქვთ უმრავლესობა და მთავარი ამერიკის ორპალატიან საპარლამენტო სისტემაში სენატია, ზედა პალატა. ქვედა პალატის ნებისმიერი გადაწყვეტილება, მერე სენატმა უნდა დაამტკიცოს, დაადასტუროს. სენატის გარეშე ერთ კანონსაც ვერ მიიღებს ქვედა პალატა. მიკვირს ეს ელემენტარული რამ, რატომ არ იცის ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც ამერიკის პოლიტიკას და მსოფლიოს პოლიტიკაზე მის გავლენებს სისტემატიურად განიხილავს მედიით თუ სოც-ქსელებით. ცხადია, ყველას არ ვგულისხმობ, მაგრამ ძალიან ბევრია ასეთი. ტრამპის შესაძლო პრეზიდენტობაც მეტად სათუო საქმეა. 7 სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ტრამპის წინააღმდეგ და აქედან 2 სისხლის სამართლისაა. 2 წელი დარჩა არჩევნებამდე, მაგრამ დიდი შანსია, რომ ამ პროცესების ნაწილი არჩევნებამდე გაგრძელდეს. ასე თუ მოხდა, წარმოუდგენელია, „რესპუბლიკელებმა“ პრეზიდენტობის კანდიდატად დააყენონ ადამიანი, რომელსაც მიმდინარე სასამართლო პროცესი ექნება. ასეთ შემთხვევაში, ტრამპი თუნდაც გახდეს პრეზიდენტი, შესაძლოა, მოკლე ხანში, იმპიჩმენტი დაემუქროს, თუკი სასამართლომ გაამტყუნა. თუ არჩევნებამდე ყველა საქმეში გამართლდა ტრამპი, არც მაშინ დააყენებენ „რესპუბლიკელები“ მის კანდიდატურას, რადგან არ აქვს მაღალი რეიტინგი და არჩევნებამდე ეს რეიტინგი დიდად არ შეიცვლება ტრამპის სასარგებლოდ, მე ასე ვფიქრობ. თუმცა, ამერიკელი ექსპერტებიც მაგას ამბობენ. ამ ეტაპზე „რესპუბლიკელებში“ დაწინაურდა ფლორიდის გუბერნატორი, რონ დესანტისი. შარშან, აპრილში, დესანტისი პირველი გუბერნატორი იყო, რომელმაც ვაქცინაციის პასპორტები აკრძალა თავის შტატში და ამით მოსახლეობის სეგრეგაციას მოუღო ბოლო. ამან სერიოზული ქულები მოუტანა და აგერ, წელიწადნახევარი გავიდა და მისმა რეიტინგმა კიდევ უფრო მოიმატა, ყველა ჩატარებული გამოკითხვით, დესანტისი უსწრებს ტრამპს. არის ერთი ვარიანტიც. შესაძლოა, ტრამპმა, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ისე იყაროს კენჭი. ამ შემთხვევაში, „რესპუბლიკელების“ ხმები გაიყოფა, ზოგი ტრამპს დაუჭერს მხარს, ზოგი დესანტისს თუ სხვა კანდიდატს, ვისაც „რესპუბლიკელები“ დააყენებენ და „დემოკრატების“ კანდიდატი, ჯო ბიდენი იქნება თუ სხვა, უპრობლემოდ გახდება პრეზიდენტი. მოდით, ვაღიაროთ, რომ ტრამპს ბევრი სიკეთის გაკეთება უნდოდა ამერიკისთვის, მაგრამ არ გამოუვიდა, ბევრი რამ ვერ გათვალა. საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება მოინდომა, რამდენიმე კანონი შეცვალა და ამით რა მიიღო? დაკარგა იმ ემიგრანტების მხარდაჭერა, რომელთაც უკვე არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება აქვთ და მას 2016 წელს ხმა მისცეს. ძირითადად, ლათინოამერიკელებზე ვლაპარაკობ, თუმცა სხვებიც არიან. ჯამში, მილიონობით ადამიანზეა ლაპარაკი. ტრამპმა ჩინეთიდან მოინდომა ამერიკული ქარხნების ამერიკაში გადმოტანა, ესეც შეცდომა იყო. ჩინეთი გადაიკიდა ამით. ეს იყო ბიზნესზე ზეწოლა. ბიზნესმენებს უთხრა, ჩინეთიდან გადმოიტანეთ ქარხნები ამერიკაში, ამერიკელები დაასაქმეთ და მიეცით ამერიკელისთვის შესაფერისი ხელფასი, ჩინურ იაფ მუშახელზე უარი თქვითო. ამასთან, გადასახადებს ამერიკის ბიუჯეტში გადაიხდით და არა ჩინეთიშიო. კი, პატრიოტული მიდგომაა, თქმა არ უნდა მაგას, მაგრამ მთელი მსოფლიოს ბიზნესი იაფ მუშახელს ეძებს, მსოფლიოს უდიდესი კომპანიების საწარმოები კი არა, ზოგიერთის სათაო ოფისებიც კი ჰონგ-კონგში, ჩინეთში, სინგაპურში, ინდონეზიაში, ინდოეთსა და ფილიპინებშია. რატომ? იაფი მუშახელი და დაბალი გადასახადებია. დაეწია გადასახადები ამერიკაში და დაბრუნდებოდა ბევრი კომპანია. ბიზნესმენებს ნამუსზე ვერ ააგდებ, პატრიოტული მოტივით, დატოვე სხვა ქვეყანა, გადმოიტანე სამშობლოში საწარმოები და შენი ქვეყნის მოქალაქეები დაასაქმეო, შემოსავლებს არ მოიკლებს. სხვა შცდომებიც ჰქონდა ტრამპს, მთელი ამერიკული პოლიტიკური ელიტა დაიპირისპირა და მათ შორის, „რესპუბლიკელი“ პოლიტიკოსებიც. ტრამპის გაპრეზიდენტების იმედი ტყუილად აქვთ მის მომხრეებს. კი, ჰყავს მხარდამჭერები, მილიონობით ადამიანი, მაგრამ მათი ხმები არ ეყოფა ტრამპს. ჰო, კიდევ იმას ამბობს ტრამპი, მე პრეზიდენტი, რომ ვყოფილიყავი, რუსეთი უკრაინაში ვერ შეიჭრებოდაო. რუსეთი ამერიკას არასდროს ეკითხებოდა, როდის და სად უნდა შეჭრილიყო, არც ტრამპს დაეკითხებოდა პუტინი ამას. კარგი, ტრამპი ვერ გახდა პრეზიდენტი და ბაიდენის პრეზიდენტობისას დაიწყო ეს ომი. მოდით, ვნახოთ, რა მოიგო ამით ამერიკამ. დაიმსხვრა მითი, რომ რუსეთს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არმია ჰყავს. ინგრევა რუსეთის ეკონომიკა და ამის შედეგები უფრო თვალნათლივ 2-3 წელიწადში გამოჩნდება. ევროპა მოსწყდა რუსულ გაზს და ამით ასეულობით მილიარდი დოლარი დაკარგა ყოველწლიურად რუსეთმა. რუსეთის საერთაშორისო რეპუტაცია დაეცა. ამ ომით, რუსეთმა ყველაფერი დაკარგა, რისი დაკარგვაც შეიძლებოდა. ომის კონტურები უკვე გამოკვეთილია – რუსეთი ამ ომიდან გამარჯვებული, თავად, რომ სურს, ისე ვერ გამოვა. შეიძლება სახე შეუნარჩუნონ ევროპამ და ამერიკამ, რაღაც დაათმობინონ ზელენსკის, თუმცა, ესეც სათუოა. ჯამში, რუსეთი თუ არ დაიშალა, იმდენად დასუსტდა და კიდევ უფრო დასუსტდება, ზესახელმწიფოს სტატუსი ხომ უკვე დაკარგა, უფრო დაბლა დაეშვება. მარტო ბირთვული ქობინების რაოდენობა არ განსაზღვრავს ამ სტატუსს. ამერიკამ, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების დახმარებით, კონკურენტი სახელმწიფო დაასუსტა, ჩამოიცილა. რუსეთი მისთვის ახლა ერთი ჩვეულებრივი სახელმწიფოა. კი, რუსეთს დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ გამოიყენებს თუ არა, ან როდის გამოიყენებს და დადგება თუ არა ფეხზე, ეს კაცმა არ იცის. ამერიკამ უახლოესი ათწლეულების მანძილზე გაინაღდა მსოფლიოს წამყავნი სახელმწიფოს სტატუსი. არც აქამდე აკლებდა და ახლა მით უმეტეს. უახლოეს 50 წელიწადში მსოფლიო წესრიგი ამერიკის კარნახით განისაზღვრება, ამერიკა კიდევ უფრო გაძლიერდა. კი, ომი საშინელებაა, ხალხი იღუპება, ამ ომის ხარჯზე დასუსტდა რუსეთი და პოლიტიკურად მომძლავრდა ამერიკა, მაგრამ ეს ომი რუსეთმა დაიწყო და თავად დაკარგა ყველაფერი.
– ჩვენში ბევრი ფიქრობს, რომ კონგრესში „რესპუბლიკელების“ მოძლიერება, ამერიკის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერას შეამცირებს. ასეა?
– ტყუილია, ეგ არ მოხდება. „ლენდ ლიზის“ ინიციატორები ერთობლივად იყვნენ „რესპუბლიკელი“ და „დემოკრატი“ დეპუტატები და მერე, ეს პროგრამაც ერთობლივად დაამტკიცეს ჯერ კონგრესის ქვედა პალატაში, შემდეგ სენატში. იცი, ამერიკელი პოლიტიკოსებიდან „დემოკრატ“ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ყველაზე მეტად ვინ აკრიტიკებდა, უკრაინას სათანადო სამხედრო და ფინანსურ დახმარებას არ უწევ და გაუზარდე დახმარებაო? „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ჯერი კონელი. უკრაინის დახმარების საკითხში ორივე პარტიას ერთი პოზიცია აქვს – რაც შეიძლება, მეტი იარაღი და ფული მისცენ.
კომენტარები