10 ნოემბერს, თითქმის ორთვიანი საბრძოლო მოქმედებების შემდეგ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ზავი დაიდო. სამშვიდობო შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანს დაუბრუნდება ოკუპირებული ტერიტორიების დიდი ნაწილი და ისტორიულად და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი წერტილები, მათ შორის ქალაქი შუშა.
რა შეიძლება შეცვალოს ბოლოდროინდელმა მოვლენებმა რეგიონის შეიარაღებაში? ანალიტიკური ორგანიზაცია Geo Case-ის მკვლევრის, გიორგი ანთაძის თქმით, მომხდარი მთელი რეგიონისთვისაა მნიშვნელოვანი. გიორგი ამ თემაზე ambebi.ge-თან საუბრობს:
“როგორც ჩანს, სომხურმა მხარემ მანამდე შეიარაღებაზე იმიტომ არ იზრუნა, რომ შესაბამის ანალიზს ვერ ახორციელებდა. ფაქტია, ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ მთავარი კონფლიქტის შემდგომ გასული 30 წელი აზერბაიჯანი სომხეთთან შედარებით გაცილებით ემზადებოდა პოტენციური კონფლიქტისთვის. გასაგებია, რომ ამაზე გავლენა იქონია ქვეყნის რესურსებმა, – აზერბაიჯანული თავდაცვის ბიუჯეტი რამდენჯერმე აღემატება სომხეთის თავდაცვის ბიუჯეტს, – ასევე, სახელმწიფოში არსებულმა ბევრმა მომენტმა, მათ შორის კორუფციამ, ქვეყნის მდგომარეობამ, დემოკრატიულმა კონტროლმა შეიარაღებულ ძალებზე, ანუ ყველა იმ ასპექტმა, რაც ქვეყნის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობაზე ახდენს გავლენას. როგორც ჩანს, ამ მხრივ სომხეთი სერიოზულად მოიკოჭლებდა და ეს შესაბამისად, უკვე ამ ომის პირობებში შედეგებშიც აისახა.
საერთოდ, ბოლოდროინდელი მოვლენები მნიშვნელოვანი არამარტო ჩვენთვის, არამედ რეგიონის სხვა მოთამაშეებისთვისაცაა. მაგალითად, გამოჩნდა, რომ მოძველებული შეიარაღება, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და რადიოლოკაციური ბრძოლის საშუალებების ძველი სისტემები თანამედროვე დრონების წინააღმდეგ საკმაოდ არაეფექტური აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, მოსალონდელია, რომ არამარტო საქართველო, არამედ რუსეთი, თურქეთი და სომხეთიც აღნიშნული მიმართულებით შესაბამის დასკვნებს გააკეთებენ. პირველ რიგში, სომხეთს სერიოზულად მოუწევს არა მარტო თავისი, თუნდაც, სამხედრო შეიარაღების პარკის განახლება, არამედ დაფიქრება იმაზე, თუ როგორ დაუპირისპირდეს ასეთ თანამედროვე სისტემებსა და გამოწვევებს. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ სერიოზული საუბარი წავა შეიარაღებული ძალებისა და მისი ტექნიკური აღჭურვის საშუალებების განახლების მიმართულებით.”
კომენტარები