ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება საფრანგეთში პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი, საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი, კაპიტანი, ლევან კობაიძე.
– უპირველესად, დიდი მადლობა მინდა გადავუხდო „ალიას“, რომელმაც ღია და დახურულ წყაროებზე დაყრდნობით დაბეჭდა ვრცელი სტატია, შეიარაღებულ ძალებში ჩემი უკანონო დევნის ფაქტების შესახებ. ნება მომეცით, ახლა უფრო დეტალურად მოგითხროთ დანაშულებრივი ქმედებების შესახებ, რაც ქართულ ჯარში ხდებოდა, როდესაც იქ ვმსახურობდი. ევროპიდან ჩასაფრებული პოზიციიდან არ ვსაუბრობ. ამ შემთხვევაში, დუმილი დანაშულია და არ მინდა, ამ დანაშაულის თანამონაწილე გავხდე. რაც მე დამმართა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებამ, ყველაფერი დაიწყო 2008 წელს. ერაყის რესპუბლიკიდან დავბრუნდი სამშვიდობო მისიიდან 11 აგვისტოს, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომი მიმდინარეობდა. ცხადია, ვინც ერაყიდან ჩამოვედით, პირველი ქვეითი ბრიგადის ქვედანაყოფები, ყველანი ომში უნდა ჩავბმულიყავით, მაგრამ მერე ამის საჭიროება აღარ იყო. უთავბოლოდ დაგვატარებდნენ – ჯერ საგურამოში წაგვიყანეს, მერე გლდანის ტყეში, ტბასთან ახლოს. იქ ვიყავით 68 კაცი. შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, მაიორ გიორგი მაისურაძეს ტელეფონით უკავშირდებოდა მაიორი ჯონი ტატუნაშვილი, რომელიც ახლა გენშტაბის უფროსია. ტატუნაშვილმა უთხრა მაისურაძეს, პირადი შემადგენლობა შეგიძლია დაშალო, ხალხი გაუშვა ამუნიციით, მცხეთას არიან გამოცილებული რუსები და აზრი არ აქვს ბრძოლასო. ამას ჩვენ, ჯარისკაცებს გვეუბნებოდა გიორგი მაისურაძე, ტატუნაშვილმა ასე მითხრაო. 12 აგვისტოს, სადღაც ღამის 3 საათზე, გიორგი მაისურაძის სიტყვიერი ბრძანებით დაგვშალეს. 2 დღეში მოგვიკითხა სამხედრო პოლიციამ და გიორგი მაისურაძემ ჩვენ დაგვაბრალა დაშლა ზემდგომებთან შეთანხმების გარეშე, ანუ თვითნებური დაშლა. დეზერტირობა დაგვაბრალეს იმ ხალხს, ვისაც პატრონი არ გვყავდა. მე ჯგუფური დეზერტირობის მუხლი წამიყენეს, ვითომ 7 კაცი ჩემი ბრძანებით წავიდა სახლში, რისი უფლებაც არ მქონდა და მეც წავედი. 389-ე მუხლის 2 პუნქტით აღმიძრეს საქმე, 5-დან 10 წლამდე ციხე მემუქრებოდა. ბოლოს 6 თვე მომცეს საპროცესო გარიგებით, ჯარიმის გარეშე გამომიშვეს დ 4.5 წელი პირობითი სასჯელიც მომაყოლეს. ამ დროს 5 თვე უკვე მოხდილი მქონდა. სხვებს, მინიმუმ, ერთწლიანი ციხე და 5-7 ათასი ლარი ჯარიმა გადაახდევინეს. ოცმეთაური, ლეიტენანტი ვიყავი, ვინ მკითხავდა ხალხის სახლში გაშვებას? ქვეყანა ომში იყო და ასეთ გადაწყვეტილებას მე ვერანირად ვერ მივიღებდი. გიორგი მაისურაძე გამოძვრა ამ საქმიდან. ჩემს გაწირვაში წვლილი მიუღძვით ჩვენი, მე-13 ბრიგადის მეთაურს, დავით სულხანიშვილს, რომელიც გიორგაძის ნათელ-მირონია და ბატალიონის შტაბის უფროსს, მინდია მირველაშვილს. ჩემი საქმის პროკურორი იყო გიორგი ქევხიშვილი, საქმის მოსამართლე ნინო სანდოძე. 5 თვე გაგრძელდა სასამართლო პროცესი, 12 სხდომა ჩატარდა. სასამართლოზე იმ 7 კაციდან ექვსმა განაცხადა, რომ მე გავუშვი ისინი, მხოლოდ ერთმა, გიორგი კაციაშვილმა თქვა, ლევან კობაიძე არაფერ შუაშია და დაშლის ბრძანება გიორგი მაისურაძემ გასცაო. იმ ექვს კაცზე ზეწოლა მოახდინა ბატალიონის იურისტმა, შალვა ქევხიშვილმა, რომელიც ამჟამად პოლკოვნიკის წოდებით თავდაცვის სამინისტროს იურისტია. სრულიად უდანაშაულო კაცი ციხეში გამომკეტეს. ციხეში ვიჯექი კრიმინალებთან, რომელთაც 20-25 წელი ჰქონდათ მისჯილი, ნარკომანებთან და ტუბერკულოზიან პატიმრებთან ერთად ვიჯექი და მიკვირს, რომ ტუბერკულოზით არ დავავადდი. იყო წნეხი და მუქარა ჩემზე, რომ მრავალი წლით გამიშვებდნენ ციხეში. 6 თვეში, გლდანის ციხეში ჯოჯოხეთი გადავიტანე. მოგახსენეთ, ციხიდან გამოსულს, 4.5 წელი პირობითი სასჯელი გამომაყოლეს. სამსახურს ვერსად ვშოულობდი, არავის უნდა ნასამარლევის აყვანა სამსახურში. თუ რაიმე მქონდა დამთავრებული, უნივერსიტეტის ტოპოგრაფიული ფაკულტეტი, სამხედრო აკადემია, საარტილერიო კურსები, ოფიცრობა, ამ ყალბი ბრალდებით მთელი სამხედრო კარიერა, ყველაფერი წყალში ჩამიყარეს, კარიერა გამიფუჭეს. 1 წელი „რომპეტროლის“ „ზაპრავკაზე“ ვმუშაობდი, რადგან მარტო მანდ არ მომთხოვეს ცნობა ნასამართლეობის შესახებ. პირობითი სასჯელის მოხდამდე 4 თვე მქონდა დარჩენილი და 2012 წლის არჩევნების წინ, მომიხსნეს პირობითი სასჯელი. ხელისუფლება როდესაც შეიცვალა, დამიკავშირდნენ თავდაცვის სამინისტროდან და მთხოვეს, მივსულიყავი გასაუბრებაზე. 3 გასუბრება სამინისტროში გავიარე 12 კაციან კომისიასთან, 2 გასაუბრება სამხედრო პოლიციაში და ერთიც გენერალურ ინსპექციაში. 7 თვეში, გენისპექიისა და სამხედრო პოლიციის მოკლევის საფუძველზე, დამაბრუნეს შეიარაღებულ ძალებში. ორივე სამსახურმა დადო დასკვნა, რომ მე უდანაშულო ვიყავი, რომ ტყუილად დამიჭირეს და სასჯელი ტყუილად მოვიხადე. დიდი ბოდიშიც კი მომიხადეს. ამ გასაუბრებს შორის შესვენებებზე, კომისიის წევრები გიორგი მაისურაძეს, დავით სულხანიშვილს და მინდია მირველაშვილს აგინებდნენ, რომ ისინი იყვნენ დამნაშავენი, ისინი იყვნენ დასაჭერები და მე არაფერ შუაში ვიყავი. კი, ეს შვება იყო, მაგრამ სასჯელი მე მოვიხადე. მე და კიდევ შვიდმა უდანაშაულო ჯარისკაცმა, რომლებიც ვითომ ჩემი ბრძანებით წავიდნენ სახლში. ვიდრე სხვა საკითხებზე გადავიდოდე, ერთი მნიშვნელოვანი რამ მინდა გითხრათ. ერაყაში, სერჟანტი ირაკლი კორძაია დაიღუპა. ჯავშნიანი „ჰამერით“ იყვნენ გასულები პატრულირებაზე, შენიშნეს თხრილები და კორძაიას რაციით მეთაურებმა სიტყვიერად უბრძანეს, გამოსულიყო „ჰამერიდან“, ციფრული აპარატით გადაეღო თხრილებისთვის სურათები და სამეთაურო პუნქტში მიეტანა. გადმოვიდა თუ არა მანქანიდან, ნაღმტყორცნის ჭურვი ჩამოვარდა, მის ფეხებთან გასკდა და ადგილზე დაიღუპა. “ჰამერში“ მყოფი ჯარისკაცები ყველანი გადარჩნენ.
– ვინ უბრძანა ირაკლი კორძაიას სურათების გადაღება და რატომ იყო ეს შეცდომა?
– შეცდომა კი არა, დანაშაული იყო. მირველაშვილმა და სულხანიშვილმა უბრძანეს, გადასულიყო „ჰამერიდან“ და სურათები გადაეღო. წესით, როდესაც კორძაიამ თხრილების შესახებ შეატყობინა, უნდა გამოეძახებინათ საინჟინრო ჯგუფი, გამნაღმველი, იმ თხრილებში თუ ნაღმი აღმოჩნდებოდა, უნდა გაენაღმათ, არ აღმოჩნდებოდა და მერე უნდა გადაეღოთ ფოტოები. ეს საქმე მიჩქმალეს, რადგან პროკურატურში ჰყავდათ ახლობლები. ირაკლი კორძაიას ოჯახის წევრებს სიმართლე დაუმალეს. კი, როგორ დაუღუპა ის კი უთხრეს, მაგრამ მეთაურობის ბრალი რომ იყო მისი დაღუპვა, ამას, ცხადია, არ ეტყოდნენ. ეს საქმე გამოსაძიებელია, რადგან არიან მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ მეთაურებმა უკანონო ბრძანება გასცეს, ამის უფლება კი მათ არ ჰქონდათ.
2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისას, ერაყში, ქალაქ ალკუტის ბაზიდან, კლეარის ბაზაზე ჩამოვიდნენ დღევანდელი ლოჯისტიკის სარდალი კახა ტაბატაძე და გვარდიის ყოფილი სარდალი, პოლკოვნიკი, ირაკლი ჭუბურიძე. საარჩევნო ყუთი ჩამოიტანეს. 30 კაცის ბიულეტენი აღარ იყო და რომ მოვიკითხეთ, გვითხრეს, უკვე ჩავყარეთ ბიულეტენები, ხუთიანები შემოვხაზეთ, ხომ იცით, რომ ეგრე ვიზამდითო.
– შენ თავიდანვე რატომ აგითვალწუნეს მეთაურებმა?
– მე ერაყშივე არ მოვწონდი მეთაურებს, რადგან ჯარისკაცებს ფული აკლდებოდათ, მათ შორის, ჩემს ოცეულში და ხმამაღლა ვაპროტესტებდი ამას. რიგითებს 780$ ერიცხებოდათ, ჩემი ხელფასი, როგორც ოფიცრისა, 1300$ იყო. რიგითებს, თითოს ხან 30$-ს აკლდებოდათ, ხან 50$-ს. ბატალიონის მეთაური და ფინანსისტი აკეთებდნენ ამას, მაიორი სულხანიშვილი და ფინანსისტი, ქირია, გოგო იყო. ეს თითქმის ყველა მისიის დროს ხდებოდა, ჩვეულებრივი ამბავი იყო მაშინ ჯარისკაცებისთვის ფულის „მოტეხვა“. მე რამდენჯერმე მოვითხოვე, რიგითებისთვის დაებრუნებინათ კუთვნილი თანხები, მაგრამ არავის არაფერი დაუბრუნეს. რამდენიმე კაცთან ისიც ვთქვი, რომ ამას არ შევარჩენ, თბილისში რომ ჩავალ, სხვა ბატალიონში გადავალ, მერე სადაც საჭიროა, იქ მოვახსენებ და პასუხს ვაგებინებ მეთაურებს ამ დანაშაულზე-მეთქი. მეთაურებს მიუტანეს ამბავი და ბოლოს სულხანიშვილმა გამაფრთხილა, ხმა აღარ ამომეღო ამ თემაზე. ეშინოდა, ბიჭები არ აბუნტებულიყვნენ. გარდა მაგისა, კლიარის ბაზაზე, სადაც ვიყავით, ამერიკელები ნაგავს რომ დაყრიდნენ, ჩვენს ბიჭებს უბრძანებდნენ მის გადაყრას, დასუფთავებას. თავად მეთაურები ამცირებდნენ ჩვენს ჯარს. ამაზეც არაერთხელ ამოვიღე ხმა, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე. თავად რიგითები წინააღმდეგნი იყვნენ, სხვისი ნაგავი ეხვეტათ, მაგრამ აშინებდნენ ხელშეკრულების დარღვევით, შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნით და ათასი რაღაცით. მოკლედ, პრობლემებს ვუქმნიდი ბატალიონის ხელმძღვანელობას, ჩემი მოშორება უნდოდათ შეიარაღებული ძალებიდან, შემითითხნეს საქმე და გამიშვეს ციხეში.
2013 წლის მაისში დამაბრუნეს თავდაცვის ძალებში, მოსკოვის პროსპეტზე შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზაზე, ე.წ. სატანკო ქარხანაში დავიწყე ყარულის ოცმეთაურად მუშაობა. იქ 8 წელი ვიმსახურე და პირველი 2 წელი ნორმალურად. შემდეგ, 6 წელი, ინტრიგებისა და მეთაურებთან დაპირისპირების მეტი არაფერი მქონია. ჩემი დანიშვნიდან 3 თვეში იმავე ბაზაზე მოვიდა ლეიტენატი დავით ნემსაძე, ერთ ასეულში ვმსახურობდით და ისიც ოცმეთაური იყო. ვიდრე ნემსაძე მოვიდოდა, 2 კვირით ადრე, უფროსმა სერჟანტმა, მუხრან ასლანიკაშვილმა გაუვრცელა ინფორმაცია ნემსაძეს, რომ დეზინფორმტორი და ინტრიგანია, რაღაც ინფორმაციის გატანა უნდა ბაზიდან და ა.შ. მთელმა პირადმა შემადგენლობა გააფრთხილეს, რომ ნემსაძესან არაფერი თქვათ, მასთან ახლო ურთიერობა არ გქონდეთო. კაცი ჯერ არ მოსულა და უკვე ნიადაგს უმზადებდნენ, რომ ან გაეგდოთ, ან რაღაც შეეთიხნათ მის წინააღმდეგ. ყველაფერი ცუდი ხომ ადამიანის რეპუტაციის შელახვით, მისი დისკრედიტაციით იწყება, ეს ყველამ იცის. ეს არ მომეწონა. ჯერ არმოსულ კაცს, პირად შემდგენლობაში ავტორიტეტი გაუფუჭა ასლნიკაშვილმა და მგონია, რომ ამას სხვისი დავალებით აკეთებდა. მე და დავით ნემსაძე დავახლოვდით. სულ ორი ოცმეთაური ვიყავით და ეს თავისთვად მოხდა. დავით ნემსაძეც 2008 წლის ომის შემდეგ იყო გაშვებული და აღდგენილი იყო ჯარიდან, ორივე რესპრესირებული ვიყავით და თავიდან, ამ ფაქტორმა განაპირობა ჩვენი დაახლოება. ჩემი და დავით ნემსაძის ამ კარგი ურთიერთობის შესახებ გაიგო ბაზის მეთაურობამ და არ მოეწონათ. დამიბარა ბაზის იურისტმა, მიხეილ თედორაძემ, რომელთანაც ნორმალური ურთიერთობა მქონდა. ბაჩო ახალაიასთან ერთად გადაღებული სურათი დიდ ჩარჩოში ჩაესვა და მაგიდაზე, გამოსაჩენ ადგილზე ედო. საერთოდ, ამაყობდა, ბაჩო ახალაიას რომ იცნობდა. თევდორაძემ მკითხა, ნემსაძესთან რა ურთიერთობა გაქვსო. სამსახურებრივი, მეტი არაფერი-მეთქი, ვუთხარი. აბა, რას დგახართ და რას ლაპარაკობთთ ამდენსო, ცოტა გულმოსულმა მკითხა. ვერ გავიგე, ლაპარაკს მიშლი ჩემი ბაზის ოფიცერთან-მეთქი?- იქით შევუტიე. კაიო, ილაპარაკეთ, მაგრამ რაზეც ილაპარაკებთ, მე უნდა მითხრაო, თედორაძე მეუბნება. მერე გააგრძელა, წაიყვანე ნემსაძე რესტორანში, დაათვრე, შენ ცოტა დალიე, ალაპარაკე, გაიგე რა იცის ჩვენზე – ბაზის ხელმძღვნელებზე, თავდაცვის სამინისტროს ჩინოსნებზე, ვისზე რა კომპრომატი და ინფორმაცია აქვს და მერე მე მომიყევიო. ჩემი „ჩამშვები“ იყავიო, თედორაძემ მეუბნება. ცხადია, ამაზე უარი ვუთხარი. წარმოიდგინე, როგორ იმართებოდა ქართული ჯარი, „ურთიერთჩაშვება“ და სხვა ბინძური მეთოდები ჩვეულებრივი ამბავი იყო და დღესაც ასეა. ასეთი მორალის ხალხი უდგას ჯარს სათავეში. სადღაც ორი თვე მაკვირდებოდნენ, ვერ მიიღეს ჩემგან ვერანაირი ინფორმაცია დავით ნემსაძეზე და უკვე მე გამივრცელეს ხმები, რომ დეზერტირობისთვის ვიყავი ნასამართლევი, მე და ნემსაძე ორივენი ინტრიგანები ვიყავით. უკვე ლუპის ქვეშ ვიყავი, ცდილობდნენ, რაიმე დარღვევაში გამოვეჭირე და საყვედური გამოეცხდებინათ. სამი საყვედურის შემდეგ კი შეეძლოთ ჩემი ჯარიდან დათხოვნა. ეს სურდათ ჩემთვის გაეკეთებინათ. ყარაულში თავიანთ ხალხს მისვამდნენ, მორიგეობას რომ ვასრულებდი, უკვე ყველაფერი გადამოწმებული მქონდა, ყველაფერი რიგზე იყო. დილით, მორიგეობის გადაბარებისას აღმოჩნდებოდა, რომ მანქანის კარებზე ან ავზზე ლუქები იყო ახსნილი. არადა, ერთი საათის წინ ედო ლუქები, რადგან გადავამოწმე. ამას ბაზის მეთაურობის მიერ ჩასმული ჯარისკაცები „მიჩალიჩებდნენ“. 2016 წელს, ბაზის მეთაური უკვე პოლკოვნიკი ილია ლუტიძე იყო, შტაბის უფროსი, მაიორი ირაკლი შეიშმელაშვილი, მიხეილ თედორაძე კი ჩაანაცვლა კაპიტანმა იოსებ ბახტურიძემ. ერთ-ერთი ჯარისკაცი იყო ჯონი იმედაშვილი, ქისტი, პანკისის ხეობიდან. იმედაშვილი ნემსაძეს გაენდო და უთხრა, მე აქ მომამზადებენ უსაფრთხოების სამსხურების კონტროლქვეშ და მერე, თურქეთის გავლით სირიაში გამგზავნიან ტერორისტული ორგანიზაციის, „ისლამური ხალიფატის“ რიგებში რომ ვიბრძოლოო. ეს ფაქტი ნემსაძემ არ დატოვა რეაგირების გარეშე, ბაზის მეთაურებსაც უთხრა და თავდაცვის მაშინდელ მინისტრთან, თინა ხიდაშელთან, მის მოადგილესთან, ანა დოლიძესთან, გენშტაბის უფროსთან, სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსთან, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარესთან მიიტანა ეს ამბავი. თუმცა, თურმე სამინისტროს ხელმძღვანელობა პატრონობდა იმედაშვილს. მინისტრი და სამინისტროს მაღალჩინოსნები პანკისში ჩავიდნენ და მოინახულეს ჯონი იმედაშვილი. კარგი იქნება თუ ყოფილი მინისტრი და მისი მოადგილე გვიპასუხებენ, რა უნდოდათ რიგითი ჯარისკაცის სახლში. ფოტოები გამოქვეყნდა „ალიაში“, ინტერნეტში, სადაც ჩანს, მათი ვიზიტი იმედშვილთან. ასე არ ხდება, რომ ამხელა თანამდებობის პირები რიგითი ჯარისკაცის სახლებში დადიოდნენ. ჩანს, გამორჩეული ჯარისკაცი იყო და იმიტომ ეწვივნენ (გიორგი მოლოდინმა ჩემთან პრივატულ საუბარში კატეგორიულად უარყო, რომ ჯონი იმედაშვილს ან სხვა ჯარისკაცებს, საქართველოს შეიარაღებული ძალები სირიაში საბრძოლველად ამზადებდნენ და შესაბამისად, ვერც შეხება ექნებოდა ფაქტთან, რომელიც არ არსებობდა. მისი თქმით, იმედაშვილი იყო ჩვეულებრივი, რიგითი ჯარისკაცი. – ლ.ჯ).ამის მერე, ჯონი იმედაშვილი სოც-ქსელით მოკვლით ემუქრებოდა ნემსაძეს და ეს ფაქტები არსებობს. ახლა საფრანგეთის პოლიცია იძიებს ამ საქმეს. მოგეხსენებათ, დავით ნემსაძე რამდენიმე წელია საფრანგეთშია და საფრანგეთის ხელისუფლებამ პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა. ამავე პერიოდში, თინა ხიდაშელის მინისტრობისას, ბაზაზე მოვიდა ტელეფონოგრმა, რომ მეჩეთები გაეხსნათ ყაზარმებში და ამასაც ხელს უწყობდნენ.
ბევრი დანაშაული ხდებოდა ამ ბაზაზე და ხელს აფარებდნენ ხელმძღვანელები ერთმანეთს. ერთხელ, ღამით 12 ჯარისკაცი გავიდა ბაზიდან, დათვრნენ იქვე, მოსკოვის პროსპექტზე. უკან დაბრუნდნენ და შტაბის უფროსი, ირაკლი შეიშმელაშვილი ჩავიდა ყაზარმაში და მოინდომა მათთვის ჭკუის სწავლება. ერთ-ერთ ჯარისკაცს ხელი გაარტყა და მერე მაგრად სცემეს რიგითებმა. მაისური შემოახიეს და გამოიქცა შეიშმელაშვილი, თორემ უფრო მაგრად სცემდნენ. ყაზარმაში ეს უნდა გაეკეთებინა შეიშმელაშვილს. არსებობს წესდება, გამოფხიზლებულიყვნენ და კანონით უნდა დაესაჯა ყველა. მერე, ეს ჯარისკაცი, რომელმაც პირველმა გაარტყა, აიყვანეს შტაბის უფროსის კაბინეტში, გამოიძახეს სამხედრო პოლიცია, მოვიდნენ მისი განყოფილების უფროსი გვარად ლორთქიფანიძე და სხვა თანამშრომლები და სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა მაგრად სცემეს ეს ჯარისკაცი. ბაზის იურისტი იოსებ ბახტურიძე იქ იმყოფებოდა და საკუთარი ჯარისკაცის უფლებების დაცვა არც გახსენებია. პირიქით, დამნაშავეებს ხელი დააფარა, არც კი გაახმაურა. ამ პერიოდში მოხდა ბავშვების წამება ბაზაზე. ამ დროს ინგლისურის კურსებზე გამაგზავნეს, მაგრამ ლიცენზია არ ამაღებინეს. 45 ქულა იყო გამსვლელი და 41 ქულა დამიწერეს. სკოლის დირექტორმა, „ნაცმოძრაობის“ აქტიურმა მხარდამჭერმა, ნანა თორაძემ მითხრა, 41-მა ნომერმა, „ქართულმა ოცნებამ“ ხომ დაგაბრუნა თავდაცვის ძალებში, ახლაც გიშველოს ინგლისურის კურსებზეო. ბოლოს კი ჩავაბარე კომისიასთთან ეს გამოცდა, რომელიც კაპიტნის წოდების მისაღბად მჭირდებოდა, გავხდი კაპიტანი, მაგრამ ლიცენზია მაინც არ მომცეს.
– როგორც ადრე მითხარით, თქვენი ბაზიდან ტყვია-წამალი და სამხედრო ამუნიცია გაჰქონდათ „შავ ბაზარზე“ გასაყიდად. ასეა?
– კი, 2017-2018 წლებში, ბაზიდან ფორმა და „ბათინკები“ გაჰქონდათ და ჰყიდდნენ. 300 წყვილი „ბათინკის“ გაყიდვაზე ბაზის თანამშრომელი, მანანა ბაზაძე დაიჭირეს. ილია ლუტიძის გარეშე, ერთ წყვილს ვერ გაიტანდა. სხვებიც იყვნენ ამ საქმეში გარეულები. ბოლოს, 16 ათასი გადაიხადა და როგორც ვიცი, საპროცესო გარიგებით გამოუშვეს. ეს ფულიც ბაზაზე აუკრიფეს, რომ სხვები არ „ჩაეშვა“. ზურაბ მანგოშვილი, თანამზრახველებთან ერთად, წლების მანძილზე ეზიდებოდა ტყვია-წამალს და ჰყიდდა. კახაბერ თედეიშვილი, მძღოლი იყო სამოქალაქო შტატზე, ის იყო მანგოშვილის პარტნიორი, მისი მანქანით გაჰქონდა. ხელყუმბარებიც დაიკარგა, სხვა საბრძოლო მასალებიც… 100 000 ერთეული ავტომატის ვაზნა გაიტანეს და გაყიდეს. 6 თვე იჯდა ციხეში, მეტი არა მანგოშვილი. კიდევ ერთი მისი თანამზრახველი კი 9 წლით გუშვეს ციხეში, ხელი იმას შეაწმინდეს, რადგან იმან მანგოშვილისგან არ იცოდა, ბაზის ხელმძღვანელებიდან ვინ იყო გარეული ამ საქმეში და ვერავის ჩაუშვებდა. თედეიშვილი არ დაუჭერიათ. თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა, ლევან იზორიამ კომენტარი გააკეთა ამ ფაქტზე – რა მოხდა, სანადიროდ უნდოდა რამდენიმე ვაზნა და გაიტანა ბაზიდან, პასუხსაც აგებსო, – მანგოშვილზე თქვა. 100 000 ვაზნა სანადიროდ სჭირდებოდა? ეს საქმეც ჩაიფარცხა, ჯოხი „მეისრეზე“ გადატყდა. იმ ბაზაზე მოჰყავდათ ხელმძღვნელობის ჯიპები და არემონტებდნენ. გენინსპექციის იმჟამინდელი უფროსის, ალექსანდრე ბაძაღუას დამტვრეული „ტოიოტა ლენდ კრუიზერის“ ჯიპი მოიყვანეს, ხელოსნებმა გაუკეთეს, შეუღებეს და გაატანეს. ვიცე-პოლკოვნიკი, დავით ბალახაშვილის ხელით ასრულებდნენ ამას. თავდაცვის სამინისტროს ჩინოსნების უამრავი სამსახურებრივი და კერძო მანქანაა გარემონტებული ბაზაზე და დღესაც ასე გრძელდება. ხელოსნები, რომელთაც ტანკები უნდა შეაკეთონ, მანქანებს აკეთებდნენ და ტანკები თვეობით შეუკეთებლები დგანან. მილიონობით ლარის ჯართი აქვთ გატანილი ილია ლუტიძის მეთაურობის დროს, ამაზეც დიდი ფული კეთდებოდა და წილი სამინისტროს ხელმძღვანელებთან მიდიოდა. ეს კარგად იციან გენინსპექციამ, სამხედრო პოლიციამ და მოკვლევაც არ ჩაუტარებიათ. ლევან იზორია რომ გადადგა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან, მერე დაინიშნა ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრად. იმ დროს აუდიტის სამსახური შევიდა თთავდაცვის სამინისტროში და დასკვნა დადო, რომ 730 მილიონი ლარი გაფლნგული იყო სამინისტროდან. სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა, მაგრამ არც იზორიასთვის, არც სხვებისთვის დღემდე არ მოუკითხვთ ამის გამო. ლევან იზორიას დროს, ლესენი-ლექსო ქავთარაძე და სხვა მომღერლები იყვნენ გაფორმებულები და ხელფასებს იღებდნენ, „ვარსკვლავიან შტატებზე“ – ოფიცრის თამანდებობებზე იყვნენ გაფორმებულები. მე 2 წელი მალოდინეს, რომ კაპიტანი გავხდარიყავი. მატყუებდნენ, კაპიტნის შტატი არ გვაქვს, რომ დაგნიშნოთო. საიდან ექნებოდათ, მომღერლები ჰყავდათ კაპიტნის და მაიორის შტატებზე გაფორმებულები. ამ მომღერლებს, მაკაროვის სისტემის იარაღს სჩუქნიდა ლევან იზორია. მსახიობი გოგა ბარბაქაძე რომ არის, მის მეუღლეზე თქვა დავით ნემსაძემ, რომ თავდაცვის სამინისტროშია გაფორმებული ოფიცრის შტატზეო. ვიდრე ამას საჯაროდ იტყოდა, დავით ნემსაძემ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, რამდენჯერმე მისწერა ოფიციალურად, მუშაობდა თუ არა ეს ქალბატონი სამინისტროში. ოფიციალური პასუხი არ აღირსეს ნემსაძეს და ის ინფორმაცია გაასაჯაროვა, რაც ხელთ ჰქონდა. მერე ამას დიდი ამბები მოჰყვა, 9 აპრილის ბაღში ნემსაძეს პროვოკაცია მოუწყეს, სცემეს… ამის შესახებ „ალია“ წერდა. ამას წინათ, „რუსთავი-2“-ის ერთ-ერთ გადაცემაში, გოგა ბარბაქაძემ განაცხადა, ჩემმა მეუღლემ საერთოდ არ იცის, თავდაცვის სამინისტრო სად არისო. მე მყავს დანახული ბარბაქაძე და მისი მეუღლე თავდაცვის სამინისტროს ეზოში…
მე ბევრს მებრძოდნენ, ცდილობდნენ, სისხლის სამართლის საქმე შეეთითხნათ ჩემთვის და ციხეში გავეშვი ხელმეორედ. ბავშვთა წამების საქმეში ერთადერთი მოწმე ვიყავი. რამდენჯერმე მითხრეს, ჩვენება შემეცვალა, მაგრამ არ შევცვალე ჩვენება არც გენისპექციაში, არც სამხედრო პოლიციაში, არც პროკურატურაში. არადა, სამივე უწყებიდან იყო ზეწოლა და ამას დაამატეთ ილია ლუტიძე, ირაკლი შეიშმელაშვილი, სამინისტროს მაღალჩინოსნები, რომლებიც ამავეს მოითხოვდნენ ჩემგან. ყველა მიმანიშნებდა, თუ ჩვენებას არ შევცვლიდი, სერიოზული პრობლემები შემექმნებოდა. მერე პირდაპირ მითვლიდნენ, რომ დამიჭერდნენ და მთელ დარჩენილ ცხოვრებას ციხეში გავატარებდი. მთელი სისტემა დამიპირისპირდა, მარტო რამდენიმე მაღალჩინოსანი კი არა. ბოლოს არაერთმა ყოფილმა მეთაურმა შემომითვალა, ლევან, დაწერე პატაკი, წადი ჯარიდან, თორემ დაგიჭერენო. მეტი დევნა და შევიწროება რაღა უნდა ყოფილიყო? ამ მუქარების ქვეშ, ავდექი და დავწერე პატაკი და წამოვედი საფრანგეთში. საქართველოში ვერ გავჩერდებოდი, საკუთარ თავს და ოჯახს საფრთხეში ვერ ჩავაგდებდი. ვიდრე ეს „ნაც-ქოცური“ ხელისუფლება იქნება, მე ვერ ჩამოვალ საქართთველოში, რადგან დამიჭერენ და ყალბი ბრალდებით გამასამართებენ. მე ვერ ვენდობი იმ ხელისუფლებას, ვინც ყველას ხელი დააფარა და მეტიც, დააწინაურა, ვინც მე მდევნიდა და იძულებული გამხადა, სამშობლო დამეტოვებინა.
სტატიაში ნახსენებ პირებს, თუ კომენტარის გაკეთების სურვილი გაუჩნდებათ ლევან კობაიძის მონათხრობთან დაკავშირებით, შეუძლიათ დარეკონ ქვემოთ მითითებულ ნომერზე და მათ პოზიციას დავაფიქსირებთ. 593517337.
კომენტარები