ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე, აცხადებს:
“როდესაც პუტინი გასულ წელს შეიჭრა უკრაინაში, მან ჯეროვნად ვერ შეაფასა უკრაინელი ხალხის სიმამაცე, უკრაინული ძალების სიძლიერე და უკრაინის ხელისუფლების სიმტკიცე. მაგრამ მან ასევე ვერ შეაფასა ნატოს ალიანსის ერთიანობა. ნატო გააგრძელებს უკრაინის გვერდში დგომას რამდენიც ხანიც საჭირო იქნება.
გასული წლის განმავლობაში ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა მილიარდობით დოლარის დახმარება გაუწიეს უკრაინას, ახლა კი შევთანხმდით სამპუნქტიან პაკეტზე, რომელიც უკრაინას კიდევ უფრო დააახლოებს ნატოსთან. ეს არის მრავალწლიანი პრაქტიკული დახმარება, უკრაინა-ნატოს საბჭოს შექმნა, კიდევ ერთხელ დადასტურება იმისა, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდება და წევრობის სამოქმედო გეგმის პუნქტის გაუქმება.
მრავალწლიანი პრაქტიკული დახმარების მიზანია, უკრაინის გადასვლა საბჭოთა სისტემიდან ნატოს სტანდარტებზე, რაც უკრაინული და ნატოს ძალების სრულ ურთიერთქმედებას გახდის შესაძლებელს. უკრაინა-ნატოს საბჭოს პირველი შეხვედრა რამდენიმე წუთში დაიწყება. ეს არის ფორუმი, რომელშიც უკრაინა და ნატოს მოკავშირეები ერთმანეთს შეხვდებიან როგორც თანასწორები, გამართავენ კონსულტაციებს და ერთობლივად მიიღებენ გადაწყვეტილებებს. უკრაინა ახლა იმაზე უფრო ახლოს არის ნატოსთან, ვიდრე ოდესმე და მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ის აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. წევრობის სამოქმედო გეგმის პუნქტის ამოღებით უკრაინის გზა ნატოსკენ შემცირდა და გახდა ერთეტაპიანი.
მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა მიიღებს მოწვევას ალიანსში, როდესაც პირობები დაკმაყოფილებული იქნება. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინას ჰქონდეს უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები, რათა ისტორია არ განმეორდეს. ამიტომ, მივესალმები იმ ფაქტს, რომ ნატოს წევრების უმრავლესობა გრძელვადიან დახმარებას უწევს უკრაინას უსაფრთხოების სფეროში. ეს შეაკავებს რუსეთის მომდევნო აგრესიას, როდესაც ომი დასრულდება. ვილნიუსში მიღებული გადაწყვეტილებები არის ახალი თავის დასაწყისი ნატოსა და უკრაინას შორის ურთიერთობაში. დღეს ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით როგორც თანასწორები და მე მოუთმენლად ველოდები იმ დღეს, როდესაც შევხვდებით როგორც მოკავშირეები.” ამბობს სტოლტენბერგი.
კომენტარები