გამოცემა თაიმერი, ღია წერილით მიმართავს ჭყონდიდელ მიტროპოლიტ სტეფანეს და წერს:
“იყო სიტუაცია, რომ მომიწია საზღვარგარეთ წასვლა და აქ გაუვრცელებიათ, რომ თითქოს ვკვდები და სადღაც წამიყვანეს. ერთი რამე ვიცოდეთ, ცრუ ინფორმატორია ეს „თაიმერი“. აქედან მერე ტელევიზიებმა გადაიტანეს და ყველამ… ანუ, სისულელეს, ერთი ვიღაც, ცრუ ინფორმატორი აწვდის და მერე ეს ყველა, ამას არც გადაამოწმებენ და ყველა საშუალებები იმაშვებიან, თითქოს, როგორ შეიძლება, სამკურნალოდ რომ წავიდა მიშა რატომ არ გაუშვეს და ეს გაუშვეს… რაღაც, ნუ, სრული სისულელეა, რა. ამ დროს, ნუ, ახლა…. ჯერ ერთი, მე პატიმარი არა ვარ. ჰოდა, მე… ეხლა პატიმარი რომ ყოფილიყო ადამიანი, როგორ წავიდოდა სადმე ან რაღაც, თუნდაც სამკურნალოდ. მე სამკურნალოდ არ წავსულვარ. წავედი საქმე მქონდა და… შემდეგ… ნუ, ერთი დღის საქმე მქონდა, მაგრამ ჩასვლა ახლა იქ ერთი დღით სისულელეა და ერთი კვირა ვიყავი“, – ეს არის ჭყონდიდელი მიტროპოლიტ სტეფანეს ქადაგებიდან ამონარიდი.
მეუფე სტეფანემ ქარიშხალი ცარიელ ჭიქაში მას შემდეგ ატეხა, რაც, ამ ქადაგებამდე, რამდენიმე დღით ადრე „თაიმერმა“ გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია მიტროპოლიტის სამკურნალოდ საზღვარგარეთ წასვლის შესახებ. ჩვენ ვწერდით: “თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კალაიჯიშვილი მკურნალობას უცხოეთში გადის. აღსანიშნავია, რომ მეუფე „წაჩხურობის“ დღესასწაულზეც არ გამოჩენილა. შეგახსენებთ: 2022 წლის იანვარში მეუფეს თორმეტგოჯა ნაწლავი გაუსკდა და კელიაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. „თაიმერმა“ მეუფე სტეფანესთან დაკავშირება სცადა, მაგრამ ტელეფონი გათიშული აქვს“.
ეს იყო სულ. არავითარი მიშა ან გრიშა. არავითარი შეფასება და შედარება. ვერსადროს წარმოვიდგენდით, თუ ამ, ერთი შეხედვით უწყინარ (რამდენადაც შეიძლება ადამიანის კლინიკაში გადაყვანა უწყინარი იყოს) „მშრალ“ ინფორმაციას, მეუფე სტეფანე, მისი დროის ოქროს „ფონდიდან“, რამდენიმე წუთს კი არა, რამდენიმე წამს მაინც თუ დაუთმობდა.
ჰოდა, მოხდა ხილული სასწაული – მეუფემ ჯერ ის თქვა, რაც ზემოთ წაიკითხეთ, შემდეგ კი უფრო მეტი დატვირთვა რომ მიეცა თავისი „ვიზიტისთვის“ ისეთები ილაპარაკა ერთი ყურიდან მეორეში გასაშვები რომ არ არის.
დავიწყოთ პირველი და უმთავრესი კითხვით – რატომ გაბრაზდა მიტროპოლიტი, ან რა ეწყინა? ადამიანის ცხოვრება ასეა მოწყობილი – ზოგჯერ ავადაა, ზოგჯერ – არა. 64 წლის ადამიანი, ავად რომ გახდეს, ამაში რაა გასაოცარი?! მით უმეტეს, რომ მეუფე სტეფანე დაახლოებით ერთი წლის წინ უგუნო მდგომარეობაში იპოვეს და ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს. ამ კითხვას უბრალო მოკვდავნი პასუხს ვერ გავცემთ, მაგრამ მეუფე ხომ „ბრალიანია“ და თავის ქადაგებაში თავად „ამოხსნა ორუცნობიანი განტოლება“.
მეუფე, რომელთანაც მრევლი მიდის სულიერად განსაწმენდად, აღსარებისთვის, ზიარებისთვის, წამინდანების ცხოვრების ისტორიებისა მოსასმენად, ან თავისი პრობლემების გადაჭრისთვის სალოცავად, თავისი ქადაგების მნიშვნელოვან ნაწილს „თაიმერს“ და „ყველა საშუალებებს“ უთმობს. არც ფიქრობს, რომ შეიძლება ეკლესიაში მისულ ადამიანებს არც კი აინტერესებდეთ ვინ რა დაწერა და ვინ რა თქვა.
ავად გახდომა სულაც არაა სირცხვილი. ბოლოსდაბოლოს, ყველა წმინდანი წამებით არ აღსრულებულა. მაგალითად, უფლისა ჩვენის, მაცხოვრის მშობელმა დედამ 63 წელი იცოცხლა მხოლოდ და წამებით არ აღსრულებულა, მშვიდად მიიძინა და ამაღლდა ზეცად.
ამდენად, რთული წარმოსადგენია რა უნდა სწყენოდა მეუფეს, როცა „თაიმერმა“ მისი მკურნალობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა? პრინციპში არც არაფერი, მაგრამ „ყველა საშუალებებმა“ თურმე დაწერეს და თქვეს, რომ მეუფე თუ შეიძლება გადაიყვანო სამკურნალოდ ევროპაში, რატომ არ შეიძლება იგივე მიხეილ სააკაშვილის მიმართაც მოიმოქმედო. და, მიუხედავად, იმისა, „თაიმერს“ ეს არ დაუწერია, მეუფემ „ჯვარს მხოლოდ „თაიმერი“ აცვა“ – აი, „თაიმერს“ რომ არ ეთქვა, სხვები არ „ჩაანალიზებდნენ“. საინტერესოა, „თაიმერს“ რომ დაეწერა მეუფე ევროპაში ერთი დღით გაუშვეს და 6 დღე დარჩა, იმიტომ რომ ვენის ოპერაში „კარმენი“ ენახაო, ამ შემთხვევაში რას იტყოდა? ან ახლა რომ „ჩამოვჩოთქოთ“ – ერთი დღე საეკლესიო საქმისთვის, მეორე დღე „კარმენისთვის“ და დავსვათ კითხვა: დანარჩენ დღეებში რას აკეთებდა, მეუფე, ევროპაში? ასეთ შემთხვევაში, მატყუარების „ზვანიაში“ დაგვტოვებს მიტროპოლიტი თუ „აგვამაღლებს“ „ინტრიგნების“ რანგში? კი, ნამდვილად საინტერესოა. ამიტომ დიდი ინტერესით დაველოდებით შემდეგ ქადაგებას.
მეუფეო, ქრისტიანი რომ ხარ, „ფრითენზია“ რომ გაქვს ადამიანებს ღმერთთან მისასვლელ გზაზე დაეხმარო, რატომ უნდა თქვა: „მე სამკურნალოდ არ წავსულვარ. წავედი საქმე მქონდა და… შემდეგ… ნუ, ერთი დღის საქმე მქონდა, მაგრამ ჩასვლა ახლა იქ ერთი დღით სისულელეა და ერთი კვირა ვიყავი.
ღმერთმა ჯანმრთელად გამყოფოს! დაე, „თაიმერიც“ და „ყველა საშუალებებიც“ ვიყოთ მატყუარები, ბოლოსდაბოლოს, თქვენ თუ არა, ვინმე წესიერი, ღვთისნიერი მღვდელი მაინც შეგვინდობს და ტყუილი არ გადის მოუნანიებელ ცოდნებში, მაგრამ დაუკვირდით თქვენი ქადაგებიდან, ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილ ციტატას. როგორც ამბობთ, ერთდღიანი საქმე გქონიათ, მაგრამ თურმე – „ჩასვლა იქ ერთი დღით სისულელეა“.
და ისევ „ინტრიგნულად“: ესე იგი, მეუფე მიდის ერთდრიანი ვიზიტით საზღვარგარეთ, კონკრეტული დავალების შესასრულებლად. შესაბამისად, ეკლესია, მას ერთი დღის მივლინებასა და გზის ფულს უხდის. მაგრამ ადგილზე ჩასულმა მღვდელმა დაარღვია წესი და ევროპული ერთკვირიანი გასეირნების უფლება მისცა თავს.
ისმის ბუნებრივი კითხვა – ვინ დააფინანსა მიტროპოლიტის მივლინების „ზედმეტი“ დღეები? ან, ვინმემ თუ მოსთხოვა პასუხი მთელი ექვსი დღე მრევლი უპატრონოდ რომ ჰყავდა მიტოვებული! და თან რისთვის? როგორც ამავე ქადაგებაში თავად აღნიშნა ვენის ოპერაში „კარმენი“ ნახა. აქვე ვიტყვით, ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად საპატრიარქოსთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ, იქ, „მაღლა“ ჩვენსისთანა უბრალო მოკვდავთა ზარებს არავინ პასუხობს. ამიტომ, იმედი გვაქვს, მეუფე სტეფანე თავის მორიგ ქადაგებაში გასცემს ამ კითხვებს პასუხს.
მანამდე კი მეუფეს შევახსენებთ 2022 წლის 13 ივნისის თავისივე ქადაგებიდან ამონარიდს: „ის სული, რომელიც სიცრუეში ამყოფე, უფლის წინაშე წარდგება და იმას ვერაფერს ვერ მოატყუებ და ვერ ეტყვი, რომ შენ ახლა ევროკავშირში შეგიყვან და ესა და ეს შეასრულე და მაშინ კარგად იქნები. უფალს მაგას ვერ ეტყვი. უფალი გეტყვის, რაის ევროკავშირი მოდი ერთი აქ და რას ლაპარაკობდი, ამას, ამას, ამას ვის ატყუებდი, ის ხალხი გარშეემო რომ იყო რას უკეთებდი“. ჰოდა, მეუფე, რაის ევროპა და რაის „კარმენი“? უფალი რომ გკითხავს მრევლს ექვსი დღე რატომ არ მოახმარეო, „ის ხალხი გარშეემო რომ იყო რას უკეთებდი“ და „რას ლაპარაკობდი, ამას, ამას, ამას ვის ატყუებდი“, რას ეტყვი? „კარმენი“ მინდოდა მენახა და დიდი ამბავი თუ ცოტა ხანი გავისეირნეო? მთელი ექვსი დღე სიცრუეში რომ ამყოფე მრევლი, რას ეტყვი უფალს?
კარგი, „თაიმერი“მატყუარაა, მაგრამ თავად შენ, მეუფეო?:
კომენტარები